რასა იუკნევიჩიანე - მომავალი არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია, რა დროსაც გადაწყდება, დარჩება საქართველო „Русский мир“-ში თუ აირჩევს ცხოვრების ევროპულ გზას

ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის და მისი ცხოვრებისთვის აქ. სწორედ ამიტომ ქართველები მძევლებივით არიან იმ ადამიანის, რომელიც თავად პროკრემლისტია, ეს თქვენი ტრაგედიაა. ვიმედოვნებ, რომ ეს არ გახდება თქვენი სახელმწიფოებრიობის ტრაგედია მომავალში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში, „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან 26 ოქტომბრის არჩევნებს „რეფერენდუმი“ უწოდა, რა დროსაც გადაწყდება, „დარჩება საქართველო ე.წ. "Русский мир"-ის ნაწილი თუ აირჩევს ცხოვრების ევროპულ გზას“.

როგორ აფასებს ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ რიტორიკას და რა მიზეზებს ხედავს მისი ცვლილების უკან, რას ფიქრობს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებაზე და როგორ აღიქვამს მმართველი ძალის პოლიტიკურ განაცხადს, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს კანონგარეშედ გამოცხადებას ჰპირდება, - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ვრცლად ინტერვიუში.

- პირველ რიგში, მსურს იმ კონფერენციის მნიშვნელობაზე გკითხოთ, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიორგანიზებით საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის სახელწოდებაა: „გარდამტეხი წელი“. რას გვეუბნება ეს?

- რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტის ცოდნა და გადამოწმება განსაკუთრებით ჩვენთვის. ჩვენ ქვეყნის გარედან ვართ და პროცესს ვუწევთ მონიტორინგს. საქართველო სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს, არსებული ხელისუფლების პოლიტიკა შემაშფოთებელია. ვფიქრობ, ქართველი ხალხის და დანარჩენი ევროპის მიზანი ერთი და იგივეა, რომ გვქონდეს გაერთიანებული, მშვიდობიანი და ერთიანი და არა გახლეჩილი ევროპა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ლიეტუველებისთვის ძალიან სასიამოვნოა ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. ქართველები ყოველთვის იყვნენ ძალიან ახლოს ჩვენს გულებთან, ჩვენ ერთად ვიყავით, ჩვენი ისტორია მსგავსია, სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს ჰყავდეს იმდენი მეგობარი, რამდენიც შესაძლებელია.

- როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც იყო საქართველოს ევოპული გზის მტკიცე მხარდამჭერი, როგორ აფასებთ ამ გზაზე საქართველოს შეფერხებას, გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას და იმ მიზეზებს, რის გამოც მიიღო ევროკავშირმა გადაწყვეტილება შეეჩერებინა მოლაპარაკებები?

- გადაწყვეტილება მოლაპარაკების გადადებასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ მიუღია. ევროკავშირმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ამას ვინმე ელოდა, იმ გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომლებიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“. საქართველო მოწინავე იყო გარკვეული პერიოდის წინ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, საქართველო ჩამორჩება. მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელების სიმამაცის წყალობით გახდა შესაძლებელი ევროკავშირის გაფართოების საკითხის გააქტიურება, ეს არ მოხდა საქართველოს გამო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ეს არის მიზეზი, რის გამოც მომავალი არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია, რა დროსაც გადაწყდება, დარჩება თუ არა საქართველო „Русский мир“-ში თუ აირჩევს ცხოვრების ევროპულ გზას. ეს უკიდურეს მნიშვნელობას ატარებს და ჩვენ ევროპელებმა, მათ, ვინც ვართ ევროკავშირში, თქვენს ქვეყანას დახმარება უნდა გავუწიოთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ამას ქართველები აკეთებენ. ჩვენ ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თავად ქართველები არიან.

- თუ შეიძლება გკითხავთ - ამ მოცემულობაში მთავარ გამოწვევად რას განიხილავთ, ცხადია, პოლიტიკური პრიზმიდან?

- მთავარი გამოწვევა სწორი გზის არჩევა და ისტორიის სწორ მხარეს დარჩენაა. სწორედ ამაზე იქნება მომავალი არჩევნებიც. აქედან გამომდინარე, მე მიჭირს იმ ადამიანების გაგება, რომლებიც ამბობენ, რომ პროევროპელები არიან, რომ ევროატლანტიკურ მომავალს უჭერენ მხარს და მეორე მხრივ, ხმას აძლევენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღიად ანტიევროპულები, ღიად ანტიდასავლურები არიან და რუსეთის სიმპატიზირებას ახდენენ. ეს ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

- რას იტყვით მმართველი ძალის განცხადებაზე, რომელიც პირობას დებს, რომ არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, სამართლებრივი პროცესი დაიწყება, რომლის შედეგად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“?

- სწორედ ამას ვამბობ, რომ ეს არის ანტიევროპული, ანტიდასავლური ქმედება და მიდგომა და შეუძლებელია იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება აქ ევროკავშირი სასარგებლო იყოს, მსგავსი ქმედებების გათვალისწინებით. ვშიშობ, რომ ეს გზა შეჩერდება.

- და ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების, მმართველი ძალის რიტორიკაზე რას იტყვით? როგორ ფიქრობთ, რატომ შეიცვალა ეს რიტორიკა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ონდა რეალური შანსი, წინ წასულიყო ევოკავშირისკენ სავალ გზაზე და სრულად გამოეყენებინა ის შესაძლებლობა, რომელიც როგორც თქვთქვით, უკრაინელების სიმამაცის წყალობით მოგვეცა?

- ეს საკითხი ჩემთვისაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ მესმის. მაგრამ მეორე მხრივ, იგივე შეგრძნება მქონდა თავიდანვე, როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა - მას საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის და მისი ცხოვრებისთვის აქ. სწორედ ამიტომ ქართველები მძევლებივით არიან იმ ადამიანის, რომელიც თავად პროკრემლისტია, ეს თქვენი ტრაგედიაა. ვიმედოვნებ, რომ ეს არ გახდება თქვენი სახელმწიფოებრიობის ტრაგედია მომავალში.

- რა ბერკეტები აქვს ევროპას, იქნება სანქციები მათ შორის ინივიდუალური ხასიათის?

- ვნახოთ. ევროპარლამენტმა რეზოლუციებში რამდენჯერმე გამოვხატეთ იგივე შეთავაზება. ახალი კომისია გვეყოლება მალე, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ და ვნახოთ, რა მოხდება.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს