ლევან ცუცქირიძე - მოხარული ვარ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უარი თქვა დისკრიმინაციულ და დამამცირებელ რეესტრში გაწევრიანებაზე

გუშინ, ნებაყოფლობით აგენტად დარეგისტრირების ვადა გავიდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უარი თქვა ამ დისკრიმინაციულ და დამამცირებელ რეესტრში გაწევრიანებაზე. ეს, აჩვენებს იმ სოლიდარობას, რომელიც არსებობს საქართველოს სამოქალაქო და დემოკრატიულ, პოლიტიკურ საზოგადოებაში მთლიანად, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილების შემდეგ დაუყოვნებლივ გაუქმდება „რუსული და ასევე დისკრიმინაციული კანონები“.

„როგორც იცით, გუშინ ნებაყოფლობით აგენტად დარეგისტრირების ვადა გავიდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უარი თქვა ამ დისკრიმინაციულ და დამამცირებელ რეესტრში გაწევრიანებაზე. ეს, რა თქმა უნდა, აჩვენებს იმ სოლიდარობას, რომელიც არსებობს საქართველოს სამოქალაქო და დემოკრატიულ, პოლიტიკურ საზოგადოებაში მთლიანად. ასევე აჩვენებს იმას, რომ ის ერთიანობის, ერთობლივი ბრძოლის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა ამ გაზაფხულს არსად წასულა, ის ისევ აქ არის და თავის თავს აუცილებლად გამოავლენს ამ შემოდგომას, განსაკუთრებით 26-ში, როდესაც ხელისუფლების მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილების შემდეგ დაუყოვნებლივ მოხდება ამ რუსული კანონის, სხვა რუსული და ასევე დისკრიმინაციული კანონების სწრაფი გაუქმება, საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიის განვითარების, დემოკრატიის მშენებლობის და ევროპაში ინტეგრაციის გზას, რომელიც არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი“,- აღნიშნა ცუცქირიძემ.

ამასთან, მან, ანტიკორუფციულ ბიუროზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიურო კოალიციის წევრების მიმართ შერჩევით სამართალს იყენებს.

„ასევე მინდა შევეხო ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩვენი კოალიციის წევრების მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენების შემთხვევებს, როგორც ვხედავთ მათ განსაკუთრებულ სამიზნედ აარჩიეს ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა და ამ საქმეში შემოვიდნენ სუფთა წარსულით, სუფთა ხელებით, თავისი პროფესიონალიზმით და პატიოსნებით. ეს არის შერჩევითი სამართლის წმინდა მაგალითი. ზოგადად, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებებს თუ შევხედავთ, ის ადამიანები, ვის მიმართაც მიიღეს ზომები მათთვის ეს არის ერთადერთი და პირველი გადაწყვეტილება და ყველა ეხება „ძლიერი საქართველოს“ და „თავისუფლების მოედნის“ წევრებს. შერჩევითია იმიტომ, რომ ამ რეესტრში ვერ ნახავთ მსგავს მოთხოვნებს სხვა ადამიანების მიმართ მაგალითად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ. მინდა წაგიკითხოთ მოკლე ციტატა ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის მიმართ გაგზავნილი წერილიდან თუ რის საფუძველზე მიიღო ზომები ანტიკორუფციულმა ბიურომ. წერილში ნათქვამია - „მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას დავდო ჩემი წილი აგური დემოკრატიის მშენებლობაში და დავიწყო და გავხდე იმ მოძრაობის წევრი, რომელიც ასე საჭიროა ქართული დემოკრატიის გადასარჩენად. მე მჯერა, რომ ერთიანი რწმენით, ერთმანეთის სულისკვეთების გაზიარებით შევძლებთ ეს ქვეყანა ვაქციოთ უკეთეს სახელმწიფოდ საუკეთესო ხალხისთვის მსოფლიოში“. აი ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო მოქმედება, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ, რომლებიც ბევრად უფრო მწვავე, ბევრად უფრო პარტიული ნიშნით გამორჩეული, ხშირად შეურაცხმყოფელი დისკრიმინაციული და სხვა ლექსიკით მეტყველებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მიმართ ინტერესი არ არსებობს.

ეს სამწუხაროა. ეს სააგენტო არ არის შექმნილი, რომ იყოს ანგარიშვალდებული პარტიის ლიდერების მიმართ და გაატაროს პარტიული პოლიტიკა. ესეც წარმოადგენს ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვან ნაწილს. ანტიკორუფციული ბიურო უნდა ექვემდებარებოდეს არა პრემიერს, არამედ უნდა ექვემდებარებოდეს და ანგარიშვალდებული იყოს საქართველოს პარლამენტთან და ამის საშუალებით ქართველ ხალხთან. ესეც აუცილებლად შეიცვლება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“,- აღნიშნა ცუცქირიძემ ბრიფინგზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე