81-ხმით, ერთხმად - პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. მმართველი უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 17-20 სექტემბრის სასესიო კვირაში გეგმავს.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: - მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.
უმრავლესობის განმარტებით, „კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა“.
საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით შემდეგი საკითხები განისაზღვრება: -
დაუშვებელი ხდება ქორწინების ალტერნატიული კავშირის ან ოჯახის შექმნის მიზნით ისეთი კავშირის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ ექნება.
კანონპროექტით დაუშვებელია იმ ადამიანთა შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელთაგან ერთი მაინც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. პროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ აღიარებულ ან რეგისტრირებულ ასეთ ურთიერთობას საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.
კანონპროექტის გათვალისწინებით, დაუშვებელია იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ასევე, დაუშვებელია იმ ადამიანისთვის არასრულწლოვანის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.
ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელი ხდება.
კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია.
დაუშვებელია ადრეული აღზრდის, სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
აკრძალვა მაუწყებლებსაც შეეხებათ. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მხოლოდ იმ ფარგლებში მოქმედებს, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.
ამავე პროექტის მიხედვით, დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
პროექტით, დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
აკრძალვა შეკრება-მანიფესტაციის ჩატარებასაც შეეხება. კერძოდ, დაუშვებელი იქნება საჯაროდ ისეთი შეკრება ან მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
ამავე პროექტის მიხედვით, გაბათილდება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გაცემული ისეთი მითითება ან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული ისეთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ ან მისი უგულებელყოფის წახალისებისკენ.
უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი ყველა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება და ის უქმე დღე იქნება.