„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ უსაფრთხოების ინსპექტორი - დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ უსაფრთხოების ინსპექტორის, პაატა ნინუას ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი სარკინიგზო შემთხვევის დროს, ლიანდაგზე გეგმურ სამუშაოებს ატარებდნენ.

ამასთან, განმარტა, რომ „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევას სწავლობს და შედეგებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.

„ჯერ მოკვლევის პროცესში ვართ, როდესაც ზუსტი ინფორმაცია გვექნება განცხადებას გავაკეთებთ. ამ ეტაპზე, კონკრეტული ფაქტები არ გვაქვს, თუ რა იყო ავარიის მიზეზი. აუცილებლად მკაცრად მოვითხოვთ იმ ადამიანის დასჯას, თუ ეს არის ადამიანის დაუდევრობის თუ არაპროფესიონალიზმის ბრალი.

როგორც ექიმები აღნიშნავენ, ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, უშუალოდ ავარიის ადგილზე იმყოფებოდნენ და იქ მიიღეს დაზიანებები. დაშავებულები მემანქანეები არ არიან“,- აღნიშნა პაატა ნინუამ.

ინფორმაციისთვის, 3 აგვისტოს, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ. ამასთან, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, 2 პირის გარდაცვალების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს