ლაშა გზირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

საქართველოს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, როგორც ქვეყნის საფინანსო სექტორის მარეგულირებლისთვის, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით წლებია აქტიურად ვმუშაობთ, - განაცხადა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა, საქართველოს მთავრობის მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შეფასებისას.

გზირიშვილმა აღნიშნა, რომ სებ-ი, სხვა მარეგულირებლებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებასა და ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, სებ-ში მომხმარებლების მომართვიანობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც საკუთარი უფლებების დაცვის შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

„აქტიურად ვმუშაობთ ნორმატიული ბაზის შემუშავებისა და მუდმივი დახვეწის, მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატის მოწესრიგების, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების მაღალი სტანდარტის დაწესების მიმართულებით. აღნიშნული, თავის მხრივ, მომხმარებლებს მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება და საფინანსო სექტორში კიდევ უფრო კონკურენტული გარემოს დამკვიდრებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ლაშა გზირიშვილმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოთხწლიანი სტრატეგია საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ ცვლილებებს, მომხმარებლებისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და სექტორის მარეგულირებელი უწყებების - ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით მომზადდა. სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს