ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დარგის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა. ღონისძიება ქვესადგურ „თელეთი 220“-ის სივრცეში გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის სექტორის თანამშრომლებს და დამსახურებულ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ დიდი სამუშაოსა და წვლილისთვის, რომელიც მათ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დარგის განვითარების საქმეში შეიტანეს.

ენერგეტიკოსის დღე საქართველოში უკვე ოცდამეორედ აღინიშნება. პირველმა ვიცე-პრემიერმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა ასევე, სექტორის ზრდა/განვითარების დინამიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და პროგრამებზე.

„ყოველწლიურად იზრდება საქართველოში გენერაციის ობიექტების რაოდენობა. ასევე, იზრდება დადგმული სიმძლავრე და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა. ჩვენ ყოველდღიურად უფრო მეტად ვაძლიერებთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამით, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ენერგეტიკულ დარგს ვაძლიერებთ, არამედ იმის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უფრო მდგრადი ხოლო ეკონომიკური წინსვლა - უფრო მყარი. მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ აქტიური მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკას იმისთვის, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეს იყოს გრძელვადიანი, პროგნოზირებად გარემო როგორც სექტორში ინვესტორებისთვის, ისე ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სუბიექტისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ენერგეტიკის დარგში ინვესტირების მიზნით შემუშავებულ მხარდაჭერის სქემას. მისი ინფორმაციით, მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ პროცესის დაჩქარების მიზნით, პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმით, უკვე აუქციონების პირობებში ჩამოყალიბებულ კონკურენტულ ფასად მოხდეს ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების მხარდაჭერა.

„ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების პროცესი დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად მივიღოთ შედეგი იმ ამბიციური გეგმის, რომელიც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა - 2030 წლისთვის ვიყოთ ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა და გენერაცია აჭარბებდეს ჩვენს მოხმარებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გენერაციული ობიექტების მშენებლობის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაა. მინისტრის ინფორმაციით, ეს შეეხება როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ინფრასტრუქტურას, ისე მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას და განვითარებას. ამ საკითხზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებით აქცენტი საქართველოსთვის სტრატეგიულ, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე გააკეთა.

„ეს არის ახალი სიტყვა ჩვენს რეალობაში, როდესაც ჩვენ შავი ზღვის გავლით პირდაპირ შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ევროპულ ბაზარს ქართული ელექტროსისტემა დავუკავშიროთ, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კონკურენტუნარიანობას. ეს ამბიციური, მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პროექტია, თუმცა, მასზე მუშაობის პროცესში დიდი პროგრესი გვაქვს, განსაკუთრებით წელს. ასევე, მნიშვნელოვანია მიღწევები ნავთობისა და გაზის სექტორში - ახალ სალიცენზიო ბლოკებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით უკვე დაწყებულია საერთაშორისო ტენდერები, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ამ მიმართულებით ინვესტიციებს. სამხრეთ კავკასიური მილსადენი კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ინფრასტრუქტურად, რომელიც ბუნებრივ გაზს კასპიის რეგიონიდან აწვდის ევროკავშირის ქვეყნებს. საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და აქაც სატრანზიტო მოცულობები იზრდება, შესაბამისად, იზრდება საქართველოს მიერ მიღებული ეკონომიკური ეფექტიც“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციითვე, ღონისძიებაზე წელსაც ტრადიციულად შედგა დარგში არსებული ვითარებისა და სტატისტიკურ მონაცემთა დეტალური პრეზენტაცია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ჯუბო ტურაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, 2013-2024 წლებში საქართველოში 63 ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რომელთა ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 773 მგვტ შეადგინა. ამასთან, 2024-2025 წლებში იგეგმება დამატებით 16 ჰესის მშენებლობის დასრულება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 150 მგვტ იქნება.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ენერგეტიკის დარგის, მათ შორის ყოფილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა - 46 დამსახურებულ ენერგეტიკოსს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში