ვლადიმერ ბოჟაძე - საქართველოს ამომრჩევლებს არ გაუჭირდებათ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთება, არჩევანის მშვიდობასა და ომს შორის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, თბილისელებმა უნდა გადაწყვიტონ, ხმა მისცენ ოპოზიციას, რომელიც საკრებულოს საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუ იმ მიმდინარე და განხორციელებულო პროექტებს, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება.

„მინდა მივმართო თბილისელებს: თქვენ ხედავთ, რამდენი ახალი პროექტი ხორციელდება, კიდევ იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება ჩვენს დედაქალაქში. რამდენად აპირებენ თბილისელები 26 ოქტომბერს აი, ამ ცარიელ ადგილებს დაუჭირონ მხარი, კიდევ ერთხელ მისცენ ხმა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაგანაც, ხედავთ, რომ მხოლოდ ცარიელი ადგილებია დარჩენილი და არც ერთხელ არცერთი სიტყვა არ უთქვამთ, არცერთი საქმე არ გაუკეთებიათ ჩვენი ქალაქისთვის. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ საარჩევნო კამპანიაა და ამიტომ არ სცალიათ თბილისის საკრებულოსთვის და კომისიის სხდომებისთვისო. ჩვენც ყოველდღიურ რეჟიმში ვატარებთ ამ ქალაქში საარჩევნო კამპანიას. თუ გინახავთ ვინმესთან შეხვედრაზე ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს მოსახლეობის პრობლემები მოესმინოს ან გლდანში, ან საბურთალოზე, ან ნაძალადევში, ან რომელიმე სხვა რაიონში?! სადმე თუ უხსენებიათ, რა სჭირდებათ ჩვენს თბილისელებს?!

დარწმუნებული ვართ, დედაქალაქის და საქართველოს ამომრჩევლებს არ გაუჭირდებათ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთება, არჩევანის მშვიდობასა და ომს შორის, ბნელ, სისხლიან წარსულსა და ნათელ მომავალს შორის“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა აქტიურობა. მისი თქმით, ყველა ამომრჩევლის ხმა დაცული იქნება.

„რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ველოდებით ყველა ამომრჩეველს. მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ყველა ამომრჩეველმა იცოდეს, რომ თითოეული მათგანის ხმა, მიუხედავად ოპოზიციის განცხადებებისა, ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობისა მათი მხრიდან, ათასი ჭორებისა და მზადებისა არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის, 26 ოქტომბერს ყოველი ამომრჩევლის ხმა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ იქნება ასახული საარჩევნო უბნებში.

დიახ, თქვენ, ამომრჩევლებმა, უნდა გადაწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი. ჩვენი ქვეყნის ბედი გადაწყდება საქართველოში, ისევე როგორც ეს ხდება 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ და არ გადაწყდება ქვეყნის გარეთ, როგორი „დანოსებიც“ არ უნდა წერონ, როგორ მოსმენებზეც არ უნდა წავიდნენ ქვეყნის გარეთ, დააბეზღონ საკუთარი ქვეყანა, დედაეკლესია, ხალხი. მე დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და გააგრძელებს გზას ევროპისკენ, ოღონდ გააგრძელებს მშვიდობით, კეთილდღეობით და მხოლოდ ღირსებით“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს