მიხაილ როთი შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ეკლესიას, საქართველოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხის არჩევანს და ჭკუას გვასწავლის. ამიტომ არ ვხვდებით მას. ათი წლის წინ, ალბათ, ამაზე ვერც ვიოცნებებდით, დღეს ჩვენ ამას ვბედავთ , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ოპოზიციისთვის წინასაარჩევნოდ მაშველი რგოლია.
„ჩვენ არა ერთი მაშველი რგოლი შეიძლება ვნახოთ არჩევნებამდე. დღეს ვნახეთ, რომ სანქციები გამოაცხადეს, დღეს ვნახეთ, რომ მიხაილ როთი ჩამოვიდა - ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ეკლესიას, ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხის არჩევანს და ჭკუას გვასწავლის. ამიტომ არ ვხვდებით მას და ამიტომ ვბედავთ და ქართულმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ როგორც იქნა, გაბედა და თქვა - დიახ, ვინც ქართულ ეკლესიას, ქართულ იდენტობას, ქართველი ხალხის არჩევანს მიაყენებს შეურაცხყოფას, მას ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. ათი წლის წინ, ალბათ, ამაზე ვერც ვიოცნებებდით, დღეს ჩვენ ამას ვბედავთ.
ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ მისმა უშუალო კოლეგამ ნიკა სამხარაძემ გააკეთოს ასეთი რაღაც - ჩავიდეს გერმანიაში და მათ ღირსებას, ხელისუფლებას შეურაცხყოფა მიაყენოს. წარმოიდგინეთ რეაქცია. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ისინი ბედავენ აქეთ. ვერ უნდა გაბედონ.
დღეს სანქციები ვნახეთ. როგორც ჩანს, არაფორმალური გავლენები იმდენად ძლიერია, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან ვინ და ვინ. ამ შემთხვევაში, ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირის მიმართ. ერთმანეთში არიეს მათ შორის "ალტ-ინფოს" წარმომადგენელი და პოლიციელები. ეს არის პოლიციის ინსტიტუტის შეურაცხყოფა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, არის ქართველი ხალხის არჩევანსა და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა.
რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვეს, რომ 30 ადამიანი დავასანქცირეთო? ერთადერთი რამ შეიცვალა - არჩევნები მოახლოვდა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავს და შეიძლება, კიდევ უფრო მძაფრ რეაქციებს განცხადებების სახით. ეს იქნება ხავსი ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ ისინი ქართველ ხალხს არ ელაპარაკებიან, ისინი ელაპარაკებიან უცხოელების გავლით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.