„გასტრონომ ჯგუფმა“ ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად, „დინამოსთან“ და „ლოკომოტივთან“ მემორანდუმი გააფორმა

„გასტრონომ ჯგუფმა“ ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად, „დინამოსთან“ და „ლოკომოტივთან“ მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საფეხბურთო კლუბების მხარდასაჭერად, ყოველთვიურად, მოგების 10%-ს გამოყოფს. თითოეული კლუბი, სრულიად უანგაროდ, 5-5%-იან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მემორანდუმს ხელი „გასტრონომ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი თენაძემ, „ლოკომოტივი თბილისის“ პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ და „დინამოს თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ მოაწერეს.

გიორგი თენაძისთვის ქართული ფეხბურთის ორი ყველაზე მსხვილი და ლეგენდარული კლუბის - „ლოკომოტივი თბილისისა“ და „დინამო თბილისის” მხარდაჭერის გადაწყვეტილების მთავარი ინსპირაცია ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება იყო, როდესაც ნაკრებმა ქართველ გულშემატკივარს წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა და ფეხბურთზე მეოცნებე ასეულობით პატარაში უდიდესი მოტივაცია გააჩინა.

მისი თქმით, „გასტრონომის“ მიზანია კლუბის აკადემიის ბავშვები საჭირო რესურსებით უზრუნველყოს, რათა მათ მიზნების მიღწევასა და ფეხბურთის ვარსკვლავების მომავალი თაობების აღზრდაში დაეხმაროს.

„კომპანია „გასტრონომ ჯგუფის“ მიზანია, ნებისმიერ ახალგაზრდას, ნებისმიერ სპორტში შეუწყოს ხელი და დასახული მიზნების მიღწევაში მაქსიმალურად დაეხმაროს. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიის მოგებიდან ყოველ თვე 10% გამოყოს და სრულიად უანგაროდ, არაკომერციულად, 5-5% კლუბ „დინამოს“ და „ლოკომოტივს“ გადაურიცხოს. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალიან ასახელეს მთელი საქართველო. ეს ფეხბურთელები სწორედ „დინამოს“ და „ლოკომოტივის“ აღზრდილები არიან. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სწორედ ამ კლუბებს გამოვუყოთ დახმარება,“ - განაცხადა გიორგი თენაძემ.

ორივე კლუბი ქართული ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავებს ზრდის. „დინამო თბილისის“ აკადემიაში აღიზარდნენ: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა ლობჟანიძე, ირაკლი აზაროვი, გაბრიელ სიგუა და სხვა წარმატებული ფეხბურთელები. როგორც საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტები ამბობენ, აღნიშნული თანხები მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.

მათივე თქმით, ფეხბურთი კიდევ მეტ განვითარებას საჭიროებს და ბიზნესისგან მსგავსი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის შედეგი იმისა, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გვაჩვენა, რამხელა სიხარული მოუტანა ამ წარმატებამ ქართველ ხალხს. ამის სათავეში დგას „დინამოს“ აკადემია, რომელმაც ფეხბურთელების თითქმის, 90% გამოზარდა, რომლებმაც ეს შედეგი დადეს. ინიციატივა, რომელიც „გასტრონომ ჯგუფიდან“ მოდის, ზუსტად ამ ემოციებს მოყვა და ჩვენთვის ეს მხოლოდ გასახარია,“ - აღნიშნა „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ.

„უპრეცედენტო ამბავია დღეს. „გასტრონომ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბატონმა გიორგიმ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და სხვა ბიზნესმენებსაც მოუწოდა, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ინვესტიცია ჩადონ. ჩვენი ფეხბურთი საჭიროებს მეტ განვითარებას. იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აკადემიებს, მათ შორის, ჩვენს აკადემიას მოაწყდა, უპრეცედენტოა. ჩვენ ვერ ავუდივართ მათ მიღებას, რადგან არ გვაქვს შესაბამისი რესურსები და დღესდღეობით უამრავი ბავშვია მოლოდინის რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ბიზნესებიდან გადმოდგმული ნაბიჯები სასიხარულია“, - აღნიშნა „დინამოს“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ.

ცნობისთვის, დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი „გასტრონომი“, რომელიც პრემიუმ ხარისხის პროდუქტების ბაზარზე უპირობო ლიდერია, 2019 წელს დაარსდა. „გასტრონომ ჯგუფი“ თბილისში წარმოდგენილია დელიკატესების 7 მაღაზიითა და 3 სხვადასხვა კონცეფციის რესტორნით.

(R)

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში