პრემიერი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე - სამწუხაროდ, გაცხადება ობიექტური არ არის - როცა საუბარია ერთპარტიულობაზე, ერთი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვება, ერთპარტიულობას არ ნიშნავს, ეს ხალხის არჩევანია და პატივი უნდა სცენ

არ მინდა, ამ სიღრმეში შევიდე. სამწუხაროდ, ეს გაცხადება არ არის ობიექტური - როცა საუბარია ერთპარტიულობაზე, ერთი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვება, ეს არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს არის ხალხის არჩევანი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ის, რომ დღეს ერთი პარტია არის უმრავლესობაში, ერთპარტიულობას არ ნიშნავს.

„როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა მიიღო, ეს ხალხის ნება იყო, რომ ერთ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ ეს ქვეყანა ემართა, „ნაცმოძრაობის“ თუ მისი რომელიმე დანაყოფის მონაწილეობის გარეშე. ეს ხალხმა გადაწყვიტა. ის, რომ დღეს ერთი პარტია არის უმრავლესობაში, ეს არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ამოიკითხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოდის ერთპარტიული სახელმწიფო, ასევე, უკრაინა, მოლდოვა, სხვა კანდიდატი ქვეყნები, ეს ხომ აბსურდია. ამიტომ მე ყველას ვურჩევ, რომ კარგად გადახედონ პოლიტიკის თეორიის სახელმძღვანელოებს, სამართლის სახელმძღვანელოებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ერთი პარტიის ყოფნა უმრავლესობაში არ ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს არავინ ზღუდავს.

„რაც შეეხება „ენჯეოების“ საკითხს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყანაში „ენჯეოებს“ არავინ ზღუდავს. ახალი კანონით ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებათ არის ფინანსების გამჭვირვალობა, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ევროპული პრინციპი. როდესაც გამჭვირვალობას ფუთავენ შეზღუდვად, ეს არის სერიოზული პრობლემა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და არჩეული მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს. შეიძლება ვიღაცა ამის გამო გაღიზიანებული იყოს და ვიღაცა არა, მაგრამ პატივისცემა ამ მოვლენის მიმართ ყველამ უნდა გამოხატოს, კერძოდ, ხალხის არჩევანის მიმართ პატივისცემა, ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება.

რაც შეეხება „ენჯეოებს“, აქ შეიძლება ჩვენი შეფასებები გვქონდეს, მაგრამ „ენჯეოების“ შეზღუდვას არავინ არ აპირებს, „ენჯეოების“ გამჭვირვალობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არის ასახული „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში. აქედან გამომდინარე, მე ვისურვებდი მეტ ობიექტურობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვს, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში“.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი