Erasmus+ პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: მეგი კეზუა, ნიკა ტოგონიძე და სოფო მდინარაძე მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, შინაგანი მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ.
ორთვიანი სტაჟირება გაცვლითი პროგრამის მონაწილეებმა: მეგი კეზუამ და ნიკა ტოგონიძემ ზემოთაღნიშნული კლინიკის ჰიპერტენზიის, დიაბეტოლოგიის, ნეფროლოგიისა და ენდოკრინოლოგიის, ხოლო სოფო მდინარაძემ კარდიოლოგიის და ანგიოლოგიის განყოფილებებში გაიარეს.
როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, გერმანიაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით პროდუქტიული იყო, ვინაიდან 2 თვის განმავლობაში ეცნობოდნენ განსხვავებულ სამედიცინო სპეციფიკას, უცხო ქვეყნის თანამედროვე მიდგომებს და კიდევ უფრო განივითარეს კლინიკური უნარ-ჩვევები.
„გერმანელი ექიმები აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი განვითარების პროცესში და მუდამ მზად იყვნენ გაეზიარებინათ ჩვენთვის თავიანთი კლინიკური გამოცდილება. თითოეულ დეტალს გულისყურით გვისხნიდნენ.
ნეფროლოგია ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო. აქ ყოფნის ორმა თვემ საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ ეს მიმართულება არის ის, რაც ნამდვილად მინდა. ვფიქრობ, ყველაზე მრავალფეროვანი სფეროა და ექიმსაც ინტენსიურად უწევს ამ ტიპის პაციენტებთან მუშაობა.
საბოლოო ჯამში, დიდი ცოდნა მივიღე და განსხვავებულ სამედიცინო სპეციფიკას გავეცანი. უცხო ენაზე პაციენტებთან და ექიმებთან ურთიერთობამ კი კარგი გამოცდილება მომცა. გერმანული ენაც გავიუმჯობესე და კიდევ უფრო განმივითარდა სამედიცინო უნარ-ჩვევები“, - აღნიშნავს თსსუ-ის სტუდენტი მეგი კეზუა.
„საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა, სამუშაო დღე იწყებოდა 8 საათზე, ექიმებთან ერთად ვახორციელებდით შემოვლას და განვიხილავდით მათ ისტორიებს. ამის შემდეგ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვასრულებდით ისეთ სამედიცინო მანიპულაციებს როგორებიცაა: თირკმლის ბიოფსია, ძვლის ტვინის პუნქცია.
ჩემთვის საინტერესო იყო ენდროკრინოლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებთან მუშაობა. შემიძლია ვთქვა, რომ მრავალმხრივი გამოცდილება მივიღე შინაგანი მედიცინის მიმართულებით“, - ამბობს თსსუ-ის სტუდენტი ნიკა ტოგონიძე.
„მე ვიმყოფებოდი კარდიოლოგიის და ანგიოლოგიის განყოფილებაში. ყოველი დილა შემოვლით იწყებოდა. შემდეგ ინიშნებოდა კონფერენცია, სადაც ექიმები განიხილავდენ კომპლექსურ და რთულ შემთხვევებს, ამის შემდეგ, ექიმი აკეთებდა მოხსენებას სხვადასხვა კარდიოვასკულურ დაავადებებზე და მათი მკურნალობის ახალ მეთოდებზე.
დღის განმავლობაში ვესწრებოდი რამდენიმე კარდიოექოსკოპიას, სტენტირების პროცესს, აბლაციებს, ასევე, თვალს ვადევნებდი კარდიოქირურგიულ ოპერაციებს. აღნიშნულ კლინიკაში, ინტერვენციულ კარდიოქირურგიაში უახლესი მეთოდებით ტარდება ყველაფერი და ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ნებისმიერ მომენტში მქონდა შესაძლებლობა შეკითხვა დამესვა ექიმებისთვის, რაზედაც ამომწურავ პასუხებს ვიღებდი“, - ამბობს თსსუ-ის სტუდენტი სოფო მდინარაძე.
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღნიშნეს, საზღვარგარეთ სტაჟირებისთვის აუცილებელია შესაბამისი ქვეყნის ენის ცოდნა. ამისთვის, კი მათი რეკომენდაციაა მსურველებმა ყოველდღიურ რეჟიმში აიმაღლონ უცხოური ენის ცოდნის დონე, როგორც საკომუნიკაციო, ისე დარგობრივი მიმართულებით.
შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, Erasmus+ პროექტის ფარგლებში, სტაჟირებაზე ოტო ფონ გერიკეს სახელობის მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, შინაგანი მედიცინის ცენტრში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.