ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ ამომრჩეველთა რაოდენობით მანიპულაცია ხდება.
გორდულაძის განცხადებით, ისინი საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს უმტკიცებენ, რომ მოსახლეობა და ამომრჩეველი და მოქალაქე ერთი და იგივეა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ნიშნავს - საქართველოში მცხოვრები მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი და ასევე უცხოელი, ხოლო ხმის მიცემის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შეიძლება საზღვარგარეთ ცხოვრობდეს, შესაბამისად საქართველოს მოსახლეობის და ამომრჩეველთა ციფრი ერთმანეთს ვერ დაემთხვევა.
მან ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, რეგიონებში საქსტატის მონაცემებზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა და განმარტა, რომ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანი ნიშნავს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს იმ ადგილას, მაგრამ კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეგიონიდან არიან, მაგრამ დიდ ქალაქებში მუშაობენ, სწავლობენ, რეგისტრირებულები არიან რეგიონში, მაგრამ ცხოვრობენ დიდ ქალაქებში და არჩევნების დღეს მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი და დაბრუნდნენ.
„ორ ტყუილს ამბობდნენ: პირველი ტყუილი იყო, რომელიც გუშინ გაავრცელეს, ქარდიც კი გააკეთეს, დაამზადეს და სოციალურ ქსელში დაატრიალეს, სადაც საქსტატის მონაცემები იყო გამოქვეყნებული, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 600 ათასზე მეტი, აქედან რამდენს ჰქონდა პირადობა და პასპორტი და რამდენს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ხმა მიეცა. აბსოლუტური ტყუილი და პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზევე დღეს ამხილა დეზინფორმაციაში. ნახეთ რა მარტივი მანიპულაციის მცდელობა აქვთ - რა თქმა უნდა საქართველოს მოსახლე და საქართველოში ამომრჩეველი აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული ციფრებია და რატომ ახლა - საქართველოში მოსახლე ნიშნავს, რომ ის ადამიანები, ვინც საქართველოში ცხოვრობენ - საქართველოს მოქალაქეები, უცხოელები და მოქალაქეობის არ მქონე პირები, საქართველოს მოსახლეობაში არ იგულისხმება პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრობენ და თვითონვე ამბობდნენ, რომ ათი ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა ხმის მისაცემად და დაახლოებით 95 ათასი იყო ვინც საკონსულო აღრიცხვაზე დადგა. მინიმუმ 95 ათასი ესე იგი საზღვარგარეთ ყოფილა. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქვს, იგულისხმება საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული და საქართველოში ცხოვრობს და ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ეს ორი რიცხვი რა თქმა უნდა ერთმანეთთან შეუსაბამო იქნება და ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს უმტკიცებენ, რომ მოსახლეობა და ამომრჩეველი და მოქალაქე ერთი და იგივეა. ზუსტად ამ ნარატივის გაგრძელება იყო, რომ დღეს ხომ პარლამენტის თავმჯდომარემ ამხილა ამ ტყუილში და ახლა ახალი მოიფიქრეს და ე.წ. ცხრილი გააშანშალეს სოციალურ ქსელში, სადაც მაგალითად ცაგერის მაგალითი ავიღოთ, რომ ცაგერში 7000-ზე მეტი მოსახლეა, ამბობს საქსტატი. კი ბატონო 7000-ზე მეტი მოსახლეა, აქედან 5000-ია მოსახლეთა რაოდენობა, ვისაც შეუძლია, რომ ხმა მისცეს და რეალურად ცესკოს შედეგი - 6000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა და ეს როგორ შეიძლებაო. იგივე ლოგიკა მოქმედებს, 7000 ნიშნავს მოსახლეს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მაგალითად ცაგერში. ამ მუდმივად მცხოვრებ ადამიანებში არასრულწლოვანებიც ხომ არიან? ბავშვებიც არიან და ღმერთმა გვამრავლოს და ძალიან ბევრი, 7000 კი არა ღმერთმა 70000 აცხოვროს ცაგერში. რაც უფრო მეტი ქართველი იქნება მით უკეთესია, მათ შორის ჩვენს რეგიონებში. მეც რეგიონიდან ვარ და ღმერთმა ქნას რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობდეს, მაგრამ ახლა 7000 ცხოვრობს. ამ 7000-დან 5000-ია მუდმივად მოქმედი მაცხოვრებელი, რომელსაც ხმის მიცემა შეუძლია, მაგრამ ცაგერელები სხვა მუნიციპალიტეტებში არ ცხოვრობენ? თბილისში არ არიან ცაგერში ჩაწერილი ადამიანები? და არ დაბრუნდნენ გინდაც ცაგერში და გინდა სხვა მუნიციპალიტეტებში? რომ ჰქონდათ ერთი ალიაქოთი, რომ დიღმის მასივშიო ბევრი ადამიანი და ბევრი მანქანა მიდისო, რეგიონებში ბრუნდებაო ხმის მისაცემადო, ზუსტად ის ადამიანები არიან ვინც დაბრუნდნენ თავიანთ რეგიონებში და მისცეს ხმა. აქაც კიდევ ერთი დიდი ტყუილია, რომელსაც ცდილობენ, რომ დააჯერონ ქართველ ხალხს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.