საქართველოს ხელისუფლება ამ წუთას არის არალეგიტიმური ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იმიტომ, რომ მათ არ მიულოცავთ და არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ლიდერმა, თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში წერია, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი.
„საერთაშორისო საზოგადოებამ თქვა ორი რამ, ყველა ორგანიზაციის დასკვნაშია ეს ფრაზა, არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ეს წერია ყველა დასკვნაში და მეორე, არავის, არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ მიულოცავს და არ უღიარებია არჩევნების შედეგები.
საქართველოს ხელისუფლება ამ წუთას არის არალეგიტიმური ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იმიტომ, რომ მათ არ მიულოცავთ და არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც დასავლური სამყაროდან იმყოფებოდა, თავის შემაჯამებელ დოკუმენტში დაწერა, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი.
ეს არის ის, რაც შეიძლება მივიღოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ამის იქით არის უკვე სასჯელები, მას შემდეგ, რაც დასრულდება პროცესი. ჯერ პროცესი არ დასრულებულა. ჯერჯერობით არ არსებობს შემაჯამებელი ოქმი, ჯერჯერობით სასამართლოებში განხილვები არ დაწყებულა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ განსხვავებული მიდგომა გამოამჟღავნოს რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხთან დაკავშირებით, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ არაფერი გამორიცხული, თუმცა ასეთი პარტია პოლიტიკურ თვითმკვლელობას ჩაიდენს.
„საერთოდ არაფერს არ გამოვრიცხავ, როდესაც მაგიდასთან ბევრი მოთამაშეა. როგორ შეიძლება რამე გამორიცხო, მაგრამ თუ ვინმე პოლიტიკური თვითმკვლელობით დაკავდება საქართველოში, ეს მისი პრობლემაა.
ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს ამ თამაშში შევა, ჩვეულებრივი პოლიტიკური თვითმკვლელობით იქნება დაკავებული. მე მესმის, რომ გახარიას ახლა პოზა უკავია, პირველი არ არის ეს მისგან და საერთოდ არ მიკვირს. ეს მისი საქმეა, როგორც ჩანს რაღაც იცის ისეთი, რაც არავინ არ იცის.
თუ გახარია ასეთ რამეს ამბობს, რომ აქციას შეუერთდება, თუ მისი ამომრჩევლის დაკვეთა იქნება, ამას ქართულ ენაზე ჰქვია ის, რომ დაელოდება, თუ ბევრი ხალხი იქნება, მაშინ მივა, თუ არ იქნება, რისკს არ გაწევს და პასუხისმგებლობას არ აიღებს. საქართველოში ასეთ მოქმედებებს სახელს არქმევენ ხოლმე, მაგრამ მე ახლა თავს შევიკავებ ამისგან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.