გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის

აშშ-ში მოახლოებული არჩევნების წინ რა განწყობებია ამერიკულ საზოგადოებაში, ტრამპის, ან ჰარისის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, რას მოიგებს ამერიკელი ამომრჩეველი, რუსეთ-უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის ცხელ ფაზაში მყოფი ქვეყნები, საპრეზიდენტო არჩევნებში ან ერთ, ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, „ინტერპრესნიუსი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტს, გიორგი ლაბაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე დღეები რჩება. გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკისა და გავლენის ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ინტერესი დიდი დანარჩენ მსოფლიოში.

ეს გასაკვირი არაა, რადგან, აშშ კარგა ხანია დემოკრატიული სამყაროს ლიდერი ქვეყანაა და თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბევრი რამაა დამოკიდებული სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ისეთ მნიშვნელოვან და საკვანძო თემებზე, როგორიცაა თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში ისრაელის დაპირისპირება ჰამასთან და პალესტინთან.

ასევე ბევრია დამოკიდებული თუ როგორი უსაფრთხოების ახალი სისტემა ექნება კოლექტიურ დასავლეთს, რომლის ლიდერი აშშ-ა, რომელსაც რეგიონული კონფლიქტების დაწყებითა და გაღვივებით ებრძვის მასთან დაპირისპირებული ავტორიტარულ-ტოტალიტარული დანარჩენი სამყარო.

ვიდრე, აშშ-ში 5 ნოემბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნების თემებზე გადავიდოდეთ, ასევე იმაზე თუ რა განსხვავებული პოზიციები აქვთ არჩევნებში მონაწილე ტრაპსა და ჰარისს, კარგი იქნება თუ ზოგადად შევეხებით აშშ-ში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას, საზოგადოების განწყობებს და ამა თუ იმ განწყობების მიზეზებს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მოახლოებულ არჩევნების წინ საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე ბევრი იწერება, მაინც გკითხავთ - თქვენი დაკვირვებით, აშშ-ში მოახლოებული არჩევნების წინ, როგორი განწყობებია მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკისა და სიძლიერის მქონე ქვეყანაში?

- 2020 წლის არჩევნების მსგავსად, მიმდინარე საარჩევნო წელიც მაღალი აქტიურობით იქნება გამორჩეული, რადგან, ამერიკელები აშკარად თვლიან, რომ მათი არჩევანი ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებზე მოახდენს გავლენას.

წინა საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმის მიმცემთა საერთო რაოდენობამ თითქმის 150 მილიონს მიაღწია, რაც სრულიად უპრეცედენტო აქტივობა იყო და ბოლო წლების საშუალო ნიშნულს 15-20 მილიონით აღემატება.

ერთხელ, 1992 წელს ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ხუმრობით თქვა, ცხოვრებაში საპრეზიდენტო არჩევნებში 5-ჯერ მივიღე უშუალოდ მონაწილეობა და ყველა ჯერზე მოქალაქეებს ვარწმუნებდი, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებიაო. ამიტომ, მართალია მსგავსი მოლოდინი ერთგვარად ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა, ამერიკულ საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია აშკარად იძლევა ხვალ გასამართ არჩევნებზე ასეთი რამის თქმის შესაძლებლობას. ვფიქრობ, სწორედ გარემოს პოლარიზებულების გამო, წელსაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მაღალი აქტივობა დაფიქსირდება. საინტერესოა, რომ ხვალინდელ არჩევნებში, ისევე როგორც 2020 წელს, პოლარიზების ძირითადი განმსაზღვრელი დონალდ ტრამპის მონუმენტური ფიგურაა, რომელიც, ერთის მხრივ ბევრს მხსნელად მიაჩნია, ხოლო ბევრის აზრით, თვით ამერიკული დემოკრატიისთვის სახიფათო ელემენტებს შეიცავს.

ვფიქრობ, სწორედ გარემოს პოლარიზებულების გამო, წელსაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მაღალი აქტივობა დაფიქსირდება

ტრამპის ფიგურის გარდა, ამერიკელებისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სამხრეთის საზღვარი, საიდანაც, ზოგიერთი სტატისტიკით 20 მილიონი არალეგალი აღმოჩნდა შეერთებული შტატების საზღვრებში. ვინაიდან და რადგანაც ეს დემოკრატების მმართველობის დროს მოხდა, რესპუბლიკელებს იმედი აქვთ, რომ ამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, უპირატესობას მოიპოვებენ. ამ გამოწვევების გარდა, შიდა დესტაბილიზაციის ერთგვარი განმაპირობებელი პრობლემური საგარეო პოლიტიკაა, რაც გამოვლინდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონფლიქტებმა უკვე შეაღწია ამერიკული საზოგადოების შიგნითაც, რაც პირველ რიგში სტუდენტების პრო-პალესტინურ გამოსვლებში გადაითარგმნა, რომელმაც, არაერთხელ ძალადობრივი ხასიათიც მიიღო. ამდენად, ამერიკელებისთვის, ამჟამინდელი რთული საგარეო პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, რომ ისეთივე გამოწვევაა, როგორც საშინაო პრობლემები, რაც, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისის შემდეგ, ასე მძაფრად აღარ გამოვლენილა.

- ახლა ის ვითარებაა, როცა საუბარი უნდა გავაგრძელოთ იმაზე, ტრამპის, ანც ჰარისის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რას მოიგებენ აშშ-ს მოქალაქეები, ევროკავშირი და ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი ნატო.

სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები იმ კონფლიქტებში, რომელიც ახლა ცხელ ფაზაშია და სავარაუდოდ, როგორი იქნება მსოფლიო ან ერთი ან მეორე პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში.

მოდით, „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის კამილა ჰარისით დავიწყოთ...

- ჰარისთან დაკავშირებით პირველ რიგში იმის თქმა შეიძლება, რომ როგორც ვიცით, იგი ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტია და თუკი ისტორიულ გამოცდილებას დავეყრდნობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის კურსს გააგრძელებს. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ყოფილი ვიცე პრეზიდენტები, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კაბინეტის რიგ წევრებსაც კი არ ცვლიან.

თუმცა, ეს ბუნებრივიც არის, რადგან, რიგი საკითხების გადაწყვეტა ხშირად სწორედ პარტიის პოზიციებსა და მიდგომებს ეფუძნება ხოლმე. როგორც აღვნიშნე, ამერიკის მოქალაქეების უპირველესი მოლოდინი ეკონომიკური სტაბილურობაა, რასაც, ბოლო 4 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს ისეთი საკითხები დაემუქრა, როგორებიც არის საწვავის ფასების მატება, ინფლაცია და სამხრეთის საზღვრიდან მასობრივი ემიგრაცია. თუკი ბაიდენისა და ჰარისის ჯერ კიდევ მიმდინარე მმართველობის პერიოდის მიხედვით ვიმსჯელებთ, იგი პრეზიდენტი ჰარისი ალბათ არ შეცვლის მიდგომას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ნავთობის მოპოვება და სამხრეთის საზღვარი. საინტერესოა ჰარისის ერთგვარად შუალედური პოზიცია ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე, რომელშიც, მართალია აღიარებს ისრაელის თავდაცვის უფლებას, თუმცა, მას არაერთხელ მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ.

ზოგადად, ჰარისის საგარეო პოლიტიკური გამოცდილება არა ერთ კითხვის ნიშანს ბადებს, რადგან, იგი პროფესიით იურისტია და ამ მხრივ, არც სენატორობისა და ვიცე პრეზიდენტობის დროს გამოუჩენია თავი, ამდენად, მიმაჩნია, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი გუნდი, დიდწილად ჰარისის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც დარჩებიან თანამდებობებზე და განაგრძობენ იმ კურსს, რაზეც დღეს დგას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და სახელმწიფო დეპარტამენტი. ეს კურსი ერთგვარად ძალის პირდაპირი დემონსტრირებით არ ხასიათდება და არც აშკარად ინტერვენციონისტულია.

ბაიდენის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი გუნდი, დიდწილად ჰარისის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც დარჩებიან თანამდებობებზე და განაგრძობენ იმ კურსს, რაზეც დღეს დგას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და სახელმწიფო დეპარტამენტი. ეს კურსი ერთგვარად ძალის პირდაპირი დემონსტრირებით არ ხასიათდება და არც აშკარად ინტერვენციონისტულია

მეტიც, ამერიკის მხრიდან ავღანეთის კონკრეტული ფორმით დატოვება მნიშვნელოვანი წამახალისებელი აღმოჩნდა რუსეთისთვის, უკრაინაში შესაჭრელად, ხოლო ჰამასისა და ირანისთვის, ისრაელის წინააღმდეგ გასააქტიურებლად. ამდენად, ამერიკის მხრიდან მსოფლიოს დღეს ალბათ უფრო მეტად აქტიური და გავბედავ ვთქვა, ოდნავ უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკური გამოვლინებები სჭირდება.

- მსჯელობა უნდა გავაგრძელოთ აშშ-ს პრეზიდენტობის მეორე კანდიდატზე დონალდ ტრამპზე.

საუბარია ადამიანზე, რომელიც ერთხელ იყო აშშ-ს პრეზიდენტი. ვიცით ისიც, რომ „რესპუბლიკური“ პარტიის ტრადიციული ლიდერშიფი, ე.წ. „რეიგანისტები“ მის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილი.

მიუხედავად იმისა, რომ მას უამრავ სისხლის სამართლის დანაშაულებში ედება ბრალი, მას მხარს უჭერს აშშ-ს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მასკი, რომელიც რუსეთის მიმართ ზედმეტადაც კი ლოიალურიც კია.

ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ 4 წელი როგორი იქნება საკუთრივ ამერიკელებისთვის, დღეს ომის ცხელ ფაზაში ჩართული ქვეყნებისთვის - უკრაინისთვის, რუსებისთვის, ისრაელისთვის და თუნდაც ჰამასისთვის და პალესტინისთვის?

- პირველ რიგში ვიტყოდი, რომ სწორედ ამერიკელი საშუალო კლასი, რომელიც რეიგანის მთავარი მეხოტბე იყო, გახლავთ ტრამპის ძირითადი ამომრჩეველთა ბაზა და პოლიტიკური დასაყრდენი. ტრამპის ფიგურის პოპულარიზაციის მიზეზი, პირველ რიგში გლობალიზაციის შედეგად ამერიკული ინდუსტრიის ქვეყნიდან გასვლა და მილიონობით ამერიკელისთვის დასაქმების პრობლემების შექმნა იყო. დონალდ ტრამპი ამაში მისი აზრით უსამართლო სავაჭრო ხელშეკრულებებსა და პოლიტიკურ ელიტებს ადანაშაულებდა.

ამდენად, მისმა დაპირებებმა, რომ ინდუსტრიას ქვეყანაში დააბრუნებდა, გაააქტიურებდა ნავთობის მოპოვებას, დაიცავდა სამხრეთის საზღვარს და სხვა, მას გამარჯვება ერთხელ უკვე მოუტანა. სხვათა შორის, შინაარსობრივად, სწორედ იმავე დაპირებებს გასცემს იგი დღესაც.

ამერიკელი საშუალო კლასი, რომელიც რეიგანის მთავარი მეხოტბე იყო, გახლავთ ტრამპის ძირითადი ამომრჩეველთა ბაზა და პოლიტიკური დასაყრდენი. ტრამპის ფიგურის პოპულარიზაციის მიზეზი, პირველ რიგში გლობალიზაციის შედეგად ამერიკული ინდუსტრიის ქვეყნიდან გასვლა და მილიონობით ამერიკელისთვის დასაქმების პრობლემების შექმნა იყო. დონალდ ტრამპი ამაში მისი აზრით უსამართლო სავაჭრო ხელშეკრულებებსა და პოლიტიკურ ელიტებს ადანაშაულებდა

მართალია, ამერიკული ინდუსტრიის მნიშვნელობის საკითხები ნაკლებად განიხილება ქართულ მედიასა თუ დისკუსიებში, თუმცა, იგი უმნიშვნელოვანესი თემაა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ეს იმიტომ, რომ ეს საკითხი ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდება ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებში, რომელთა პაექრობასაც უკვე არაერთმა მეცნიერმა უწოდა „მეორე ცივი ომის“ ფაზა.

წინააღმდეგობების მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული როგორც ამერიკულ კომპანიებზე, ისე ამერიკულ ბაზარზე, ამდენად, მიმაჩნია, რომ როგორც წინა შემთხვევაში, ტრამპი, ჩინეთის წინააღმდეგ ამ ფაქტორის გამოყენებას მომავალშიც ეცდება.

წინააღმდეგობების მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული როგორც ამერიკულ კომპანიებზე, ისე ამერიკულ ბაზარზე, ამდენად, მიმაჩნია, რომ როგორც წინა შემთხვევაში, ტრამპი, ჩინეთის წინააღმდეგ ამ ფაქტორის გამოყენებას მომავალშიც ეცდება

რაც შეეხება ნავთობს, რესპუბლიკელების მიდგომა ნავთობის მოპოვების თაობაზე, ერთის მხრივ საკმაოდ რაციონალურია, რადგან, მისი გააქტიურება როგორც შექმნის სამუშაო ადგილებს, ისე ნაკლებ შანსს დაუტოვებს ავტოკრატებს ნავთობის მსოფლიო ფასებით მანიპულირებისათვის. ამდენად, პირადად ჩემთვის, ტრამპის ეს მიმართულება იმედის მომცემია.

რაც შეეხება რუსეთს, რესპუბლიკურ პარტიაში არსებობს გარკვეული უმცირესობა, რომელიც იზოლაციონიზმის ტენდენციებიდან გამომდინარე, თავისებურად ხსნის რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე ამერიკის პასუხს.

თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ძირითად შემთხვევაში იმ ჯგუფებს ეხებათ, რომლებიც ამერიკული გადასახადების სხვა ქვეყნებში ხარჯვას ეწინააღმდეგებიან ხოლმე და ასეთ განწყობას ისინი უკრაინის გარდა, ნებისმიერი სხვა საგარეო პოლიტიკური გამოწვევის მიმართ ამჟღავნებენ.

ამდენად, არ მიმაჩნია, რომ ეს ძველი დიადი პარტიისა და მისი პრეზიდენტობის კანდიდატის ერთიან პოზიციას გამოხატავს. აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი ისეთი სახის შეცდომებს უშვებს, რაც, ტრამპისა და მისი გარემოცვისათვის სრულიად მიუღებელია. ეს პირველ რიგში გახლდათ რუსეთის პირდაპირი დაკავშირება ირანთან, როგორც მოკავშირესთან, რასაც უკვე დაემატა ჩრდილოეთ კორეის არმიის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებაც. საყურადღებოა, რომ ჩრდილოეთ კორეა 1950-იანი წლების შემდეგ, უწყვეტად არის აშშ-ის უმთავრეს უშიშროების გამოწვევათა სიაში.

რუსეთი ისეთი სახის შეცდომებს უშვებს, რაც, ტრამპისა და მისი გარემოცვისათვის სრულიად მიუღებელია

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ისეთ კომუნისტურ რეჟიმებს, როგორებიც ვენესუელა და ჩრდილოეთ კორეა არიან, ისტორიულად სწორედ ამერიკელი რესპუბლიკელები უპირისპირდებიან ხოლმე ყველაზე აქტიურად და იმავეს თქმა შეიძლება ირანზეც. დღეისთვის კი, სწორედ ისინი არიან რუსეთის ძირითადი მოკავშირეები მსოფლიოს დესტაბილიზაციის საქმეში.

აქედან გამომდინარე, ბოლო დროს შექმნილი ვითარება, სულაც არ მეტყველებს ტრამპის შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში რუსეთისთვის რაიმე ხელსაყრელი მდგომარეობის შექმნაზე, რისიც, ხშირად ბევრს ეშინია ხოლმე. ვიტყოდი, რომ საქმე უფრო პირიქით არის.

ტრამპის შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში რუსეთისთვის რაიმე ხელსაყრელი მდგომარეობის შექმნაზე, რისიც, ხშირად ბევრს ეშინია ხოლმე. ვიტყოდი, რომ საქმე უფრო პირიქით არის

- ახლა უნდა ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც ჩვენთვის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. უფრო სწორად იმაზე, თუ საქართველოზე როგორ აისახება ან ერთი, ან მეორე კანდიდატის არჩევნებში გამარჯვება.

„ქართული ოცნების“ ლიდერშიფი ხშირად აფიქსირებდა აზრს, რომ ისინი მხარს „რესპუბლიკელების“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს უჭერდნენ. მათი მტკიცებით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდებოდა, მაგრამ ამ ომში დამარცხებული აღმოჩნდებოდა „კოლექტიური დასავლეთი“ და გაიმარჯვებდა რუსეთი. ახლა ტრამპი ამბობს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში იგი რუსეთ-უკრაინის ომს ცხელი ფაზიდან კონფლიქტის გაყინვამდე მიიყვანდა. მაგრამ, ასეთ ვითარებაში რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები რუსეთს დარჩებოდა. ანუ შეიქმნებოდა ვითარება, რომელიც ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში გვაქვს. ამ თვალსაზრისითაც გაუგებარია თუ რატომ გულშემატკივრობდა „ქართული ოცნება“ ტრამპს.

მოკლედ, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს?

- გეთანხმებით, თუმცა ამის გარდა კიდევ არა ერთი მიმართულებით არის „ქართული ოცნების“ მიერ ტრამპის მხარდაჭერა გაუგებარი. მეტიც, ჩემთვის შეუძლებელია იმ თუნდაც იშვიათი მოცემულობის დანახვა, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელია მმართველი პარტიის და რესპუბლიკელების ძირითადი ბირთვის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვეს. პირველ რიგში, ამის თაობაზე 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და ჩინეთს შორის დადებულ „სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“ ვგულისხმობ.

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს თავიდანვე მიიჩნევდა როგორც უმთავრეს საგარეო, ასევე ეკონომიკურ მოწინააღმდეგედ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემთხვევაში, იგი აუცილებლად წავა იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც, სხვადასხვა რეგიონში, ამ შემთხვევაში კი კავკასიაში, ჩინეთის შემოსვლას შეუწყობენ ხელს.

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს თავიდანვე მიიჩნევდა როგორც უმთავრეს საგარეო, ასევე ეკონომიკურ მოწინააღმდეგედ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემთხვევაში, იგი აუცილებლად წავა იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც, სხვადასხვა რეგიონში, ამ შემთხვევაში კი კავკასიაში, ჩინეთის შემოსვლას შეუწყობენ ხელს

ალბათ გვახსოვს პომპეოსა და მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში და მათი სიტყვები, რომ „ჩინეთს და რუსეთს საქართველოსთვის კარგი არ სურთ“. ზოგიერთ შემთხვევაში მუსირებს მოსაზრება, თითქოს რომელიმე კონკრეტული, ამ შემთხვევაში დემოკრატების პარტია საქართველოსთან მიმართებით უფრო აქტიური და მხარდამჭერია. თუმცა, თუკი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტებს, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრების ვაშინგტონში შეხვედრებს გავიხსენებთ, ნათელია, რომ საქართველოს ყურადღება არც რესპუბლიკელების მხრიდან აკლდა. მეტიც, პირადად ჩემი აზრია, რომ უშუალოდ ანაკლიის პორტში დასავლეთის მონაწილეობის შესაძლებლობა, სწორედ რესპუბლიკელების მხრიდან იყო უფრო აქტიურად მხარდაჭერილი.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და „მეგობარი აქტის“ თანაავტორი, კონგრესმენი ჯო ვილსონი, რომელიც ბოლო პერიოდში, საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და „მეგობარი აქტის“ თანაავტორი, კონგრესმენი ჯო ვილსონი, რომელიც ბოლო პერიოდში, საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია

მინდა მკითხველს შევახსენო, რომ სწორედ ჯო ვილსონია ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი სამხრეთ ქეროლაინას შტატში, ჯერ კიდევ 2023 წლიდან. ამდენად, ალბათ არ არის რთული წარმოსადგენი, თუ ვის შეიძლება დაევალოს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს საკითხზე მუშაობა და პრეზიდენტისათვის რჩევების მიცემა. დღეის მდგომარეობით რესპუბლიკელი კონგრესმენი ვილსონი უკვე ითხოვს მაღალჩინოსნებისათვის სანქციებისა და სხვა სახის შეზღუდვების დაწესებას.

დღეის მდგომარეობით რესპუბლიკელი კონგრესმენი ვილსონი უკვე ითხოვს მაღალჩინოსნებისათვის სანქციებისა და სხვა სახის შეზღუდვების დაწესებას

შესაბამისად, თქვენი მოსაზრება, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ტრამპის მხარდაჭერა გაუგებარია, ნამდვილად ბუნებრივი და ნორმალურია.

- ჰარისის სავარაუდო გამარჯვების შემთხვევას უნდა დავუბრუნდეთ. ახლა ჰარისი კი აცხადებს, რომ „მისი გამარჯვების შემთხვევაში მისი პოლიტიკა არ იქნება ბაიდენის პოლიტიკის გაგრძელება“.

მაგრამ, რადგან უკრაინაში რუსეთი სწორედ ბაიდენის დროს შეიჭრა, მეტი შანსია იმისა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. ამის გაკეთება აშშ-ს თუნდაც იმის გამო მოუწევს, რომ რუსეთი არც მალავს, რომ „უკრაინის დაჩოქების შემდეგ, არ გაჩერდება და ევროპისთვის საფრთხე იქნება“.

ვხედავთ იმასაც, რომ აშშ საკმაოდ კრიტიკულად აფასებს „ქართული ოცნების ლიდერისა და ამავე პარტიის ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განცხადებებს. ფაქტია, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ვაშინგტონსა და ევროკავშირის ყველაზე გავლენიანი 13 ქვეყანას საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვება არ მიულოცია და სხვების მსგავსად „დარღვევების შესწავლას“ მოითხოვს.

ჰარისის არჩევნების შემთხვევაში რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს?

- ჰარისის სტრატეგია, რომ მისი დაპირებები მოიცავდეს ბაიდენისგან განსხვავებულობას აშკარად გამართლებულია, რადგან, ზემოთ ჩამოთვლილი საშინაო პრობლემების გამო, ამერიკელების დიდი ნაწილი ბაიდენის პრეზიდენტობას არც ისე წარმატებულად მიიჩნევს. შესაბამისად, ის რიგი საკითხების განსხვავებულად მოწესრიგების დაპირებას გასცემს.

ვფიქრობ, თქვენი მიმართება რომ დემოკრატებმა სულ ცოტა იმის გამო უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რომ რუსეთმა ომი ბაიდენის დროს დაიწყო, სავსებით მართებულია. თუმცა, როგორც მიმდინარე ომის, ისე სხვა მრავალმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ უკრაინისთვის თანხების გადაცემა, დიდწილად მაინც კონგრესზე იქნება დამოკიდებული, რისთვისაც ორპარტიული კონსენსუსია საჭირო. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ბევრ რამეს სწორედ შიდა პოლიტიკური ვითარება გადაწყვეტს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის, ისრაელი-პალესტინისა და სხვა ცხელი წერილების შესახებ.

თუკი ამერიკის მიერ გაზაფხულზე, უკრაინისთვის გაწეულ 60 მილიარდიან დახმარებას გავიხსენებთ, მისი მიწოდება იმის გამო შეფერხდა, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები საზღვრის რეგულირების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ეს საკმაოდ რთული რეალობაა, მაგრამ, ძალაუფლების ბალანსზე აწყობილი ამერიკის პოლიტიკური სისტემა, ხშირად ძალიან სწრაფი მანევრირების საშუალებას არ იძლევა.

ზოგადად, უკრაინაში ომის დასრულების სცენარი ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია, მაგრამ, უკრაინის მიტოვებას, არ ვფიქრობ რომ ამერიკის რომელიმე პრეზიდენტი გარისკავს. ეს იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, რუსეთმა უკრაინაში დაიწყო ყველა იმ აქტორის გამოყენება, რომლებიც, უკვე ათწლეულებია შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესების მთავარ გამოწვევებად ითვლებიან.

უკრაინის მიტოვებას, არ ვფიქრობ რომ ამერიკის რომელიმე პრეზიდენტი გარისკავს. ეს იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, რუსეთმა უკრაინაში დაიწყო ყველა იმ აქტორის გამოყენება, რომლებიც, უკვე ათწლეულებია შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესების მთავარ გამოწვევებად ითვლებიან

ამას ამერიკელები კარგად ხედავენ და ხვდებიან, რომ რუსეთის სასარგებლო ზავი, თავიანთ მოკავშირეებს დააფრთხობს და აშკარად შეარყევს ნდობას ჯერ კიდევ ცივი ომის დროს დაწყებული ალიანსების შიგნით.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას.“ დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის. პრინციპში, ეს პროცესი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებშიც დაწყებულია, განსაკუთრებით სამხედრო წვრთნების შეწყვეტის მაგალითზე, როცა, ამის მიზეზად თავდაცვის სამდივნომ მათთვის საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის დაბრალება დაასახელა. თუმცა, მთავარი მიზეზი რის გამოც აშშ ჯერ კიდევ არაა ჩვენს რეგიონში სათანადოდ გააქტიურებული, მაინც საარჩევნო ციებ-ცხელებაა. მისი დასრულების შემდეგ, არ არსებობს წინაპირობა იმისა, რომ დემოკრატები არ გააგრძელებენ მათ მიერ უკვე დაწყებულ სანქცირების პროცესს, საქართველოში თავისუფლების შემზღუდველი და მტრული სახელმწიფოების სასარგებლო ქმედებების საპასუხოდ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს