ანა ნაცვლიშვილი - ივანიშვილის საგანგებო სქემის მტკიცებულებები გამოდის დღის სინათლეზე, განსაკუთრებული დანაშაულია ჩადენილი, რომელსაც ბევრი მოწმე და მტკიცებულება დარჩა - ოპოზიცია ვმუშაობთ საერთაშორისო აქტორებთან წარსადგენად

არჩევნებზე ამომრჩევლის უპრეცედენტო მობილიზება მოხდა, რადგან ყველამ ძალიან კარგად გააცნობიერა ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი. აქეთ დაგროვდა იმხელა ძალა და ერთიანობა, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საგანგებო სქემა შეემუშავებინა, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, „საგანგებო სქემის“ მტკიცებულებები უკვე „დღის სინათლეზე“ გამოდის, რადგან დანაშაულს ბევრი მოწმე და მტკიცებულება დარჩა.

“არჩევნებზე ამომრჩევლის უპრეცედენტო მობილიზება მოხდა, რადგან ყველამ ძალიან კარგად გააცნობიერა ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნისა და გადარჩენის საკითხი იდგა და დგას დღის წესრიგში. ამიტომ იყო ამ მასშტაბის მობილიზება ქვეყნის შიგნითაც, ჩვენს ემიგრაციაშიც. დაგროვდა იმხელა ძალა და ერთიანობა, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, რიგითი სქემები კი არ ჩაერთო, რომელიც ჩვენ გვინახავს წინა არჩევნებზეც, იგივე მოსყიდვა, იძულება, დაშინება, რაც ასევე იყო ამ არჩევნებში გამოყენებული, არამედ განსაკუთრებული, საგანგებო სქემა შეემუშავებინა და ამ საგანგებო სქემის მტკიცებულებები გამოდის დღის სინათლეზე და ვეღარ გაექცევა ამას იმიტომ, რომ განსაკუთრებული დანაშაულია ჩადენილი, რომელსაც ბევრი მოწმე და ბევრი მტკიცებულება დარჩა.

ეს არ იყო მხოლოდ არჩევნების გაყალბება, ეს სხვა ტიპის ფენომენია - არჩევნების მიტაცება, ხალხის ხმების მიტაცება, რომლისთვისაც ივანიშვილმა კრიმინალური სქემები გამოიყენა და ამ კრიმინალურმა სქემებმა ძალიან სერიოზული და მძიმე ნაკვალევი დატოვა, რომელიც ყოველდღიურად საჯაროვდება. კიდევ უფრო მეტს გავიგებთ, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ოპოზიცია ერთად ვმუშაობთ საერთაშორისო აქტორებთან მტკიცებულებების წარსადგენად და ამას ვეღარაფერი შეაჩერებს”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას პროკურატურის ობიექტურობის იმედი არ აქვს. მისი თქმით, საჭიროა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მისია, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობით იხელმძღვანელებს.

“ამ გამოძიების ტენდენციურობაზე ისიც მიუთითებს, რომ მხოლოდ ოპოზიციის ლიდერები დაიბარეს. არ მახსენდება, რომ “ქართული ოცნების” რომელიმე ლიდერი დაებარებინოთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთი საქმე უთხრას საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეებს, რომელი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმე გამოიძიეს და მიიყვანეს ბოლომდე. ბევრი საქმე შეიყვანეს ჩიხში და ნაცვლად გამოძიებისა, მტკიცებულებები გაანადგურეს. ჩვენ დასამალი და გასაქცევი არაფერი გვაქვს, გამოკითხვაზე მაგისტრატ მოსამართლესთან მივდივართ, გუშინ მამუკა ხაზარაძეც იყო, მტკიცებულებები მიიტანა. ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, არა უწყებას, რომლის მიმართაც ნდობა არ გვაქვს, არამედ ამ ქვეყნის კანონს იმიტომ, რომ ჩვენ, “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, რუსული კანონებით არ ვცხოვრობთ, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ საზოგადოებას ძალიან პატიოსნად ვეუბნებით, რომ ამათი გამოძიების იმედი არ უნდა გვქონდეს და რატომ - ისინი ვერც ერთ საქმეს ვერ მოიტანენ, რომელიც გამოიძიეს. წინასაარჩევნო პერიოდში არა ერთი დანაშაულებრივი ჩარევის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელზე მოახდინა პროკურატურამ რეაგირება? აქ ძალიან მკაფიო და ნათელია, რომ პროკურატურა, რომელიც არ არის დამოუკიდებელი და დაქვემდებარებულია ოლიგარქის კონტროლს, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი. საჭიროა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი მისია, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე მხარეს, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობით იხელმძღვანელებს და დაადგენს სიმართლეს ამ არჩევნებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, ამჯერად, ოპოზიცია იმიტომ არ შევა პარლამენტში, რომ სწორედ ამ არშესვლით გადაარჩინოს ქვეყნის ევროპული მომავალი.

“2020-ში პარლამენტში ჩვენი შესვლის მიზანი იყო ის, რომ ჩვენ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და გადაგვერჩინა ის შანსები, რომელიც ქვეყანას ჰქონდა, მათ შორის, იმ ძალიან სერიოზული ნაბიჯებით, რომელიც გადავდგით და რომელსაც მოჰყვა გარკვეული პროცესები, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. დღეს არშესვლა არის ის მეთოდი, რომლითაც უნდა გადავარჩინოთ იგივე ღირებულება, რომლის გამოც მაშინ შევედით პარლამენტში. საქართველოს ევროპული გზა თუ ჩაიკეტა, ჩავთვალოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპული მომავალი, აქ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საკითხი დგას დღის წესრიგში. ეს საკითხი დააყენა ღიად ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც ისინი საუბრობდნენ კონსტიტუციურ უმრავლესობაზე, იმიტომ, რომ ეს სჭირდება მას - კონსტიტუციის საბოლოოდ შეცვლა სჭირდება, მაგრამ, მანამდე მოვისმინეთ ბოდიშის მოხდაზე განცხადებები, ამის გაგრძელება იყო საქართველოს რუკა, რომელიც ოფიციალურ პრეზენტაციაზე გამოიყენა პარლამენტის თავმჯდომარემ ცხინვალისა და აფხაზეთის გარეშე. ეს ამ ბოდიშის კამპანიის გაგრძელებაა. გუშინ თამაზ გინტურის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა - ტაძარში დახვრეტილ ადამიანზე თქვეს, გარდაცვლილიო. ეს ამ პოლიტიკის გაგრძელებაა და, შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივცეთ ამ პროცესს ლეგიტიმაცია.

მე მინდა ვიყო საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის ნების გამომხატველი პარლამენტის წევრი, მაგრამ არ ვაპირებ ვიყო იმ პარლამენტის წევრი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და კრემლში დაწერილი სცენარით ხელმძღვანელობს”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა პოლიტიკური თვითმკვლელობა, თუ კი ოპოზიცია არ შევა პარლამენტში და დაფინანსება შეუწყდებათ პარტიებს, ნაცვლიშვილმა უპასუხა, რომ სახელმწიფო უდიდესი გამოწვევის წინაშეა და ოპოზიციური პარტიების მოსალოდნელი ფინანსური პრობლემები ამ გამოწვევასთან შედარებით უმნიშვნელოა.

“სულ რამდენიმე დაპირება ჰქონდა ივანიშვილს და ერთ-ერთი იყო ის, რომ ოპოზიციას გაანადგურებდა, ამიტომ, კარგად უნდა გვახსოვდეს მისი ამოცანა - ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აქვს სინდისი, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი და არ აპირებს, ივანიშვილის სცენარს ხელი მოაწეროს და ამის თანამონაწილე გახდეს, მათი ფიზიკურად განადგურება ან მორალურად, პოლიტიკურად განადგურებაა მოსალოდნელი - ამ კაცმა ღიად თქვა და დააანონსა. მე არ მჯერა, რომ ამას ქართველმა ხალხმა მისცა ხმა.

პარტია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და პარტიები უნდა გადარჩნენ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი გადარჩეს და შედეგები დადოს, მაგრამ აქამდე არ დადის ეს პროცესი, ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე არის ქართული სახელმწიფო, ამიტომ, ამ პროცესში შედარებადიც კი არ არის ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება პარტიებს შეექმნას, იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ყველას გვემუქრება”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!