ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე -  თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა -  ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით

ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია - თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერები არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მიდიან.

მისი თქმით, დღეს არსებული ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს „ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით“.

„ბუნებაში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება [არჩევნების გაყალბების]. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, უპრეცედენტოდ მშვიდი გარემო იყო და არცერთი არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება არჩევნების დღეს, პროცედურები არსებითად ელექტრონული წესით წარიმართა. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა ხმა მისცა ელექტრონული წესით, მანამდე რეგისტრაციაც ელექტრონული წესით გაიარა და მათი ხმებიც ელექტრონული წესით დაითვალა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია რეალურად ელექტრონულ აპარატებს შეეჯახა და ვერას გახდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით წარიმართა. ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მოსადავებელი საერთოდ არაფერია. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია და პროკურატურასთანაც ვერ თანამშრომლობენ, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა. ისინი თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. რეალურად, აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი