დედა ენის ბაღში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი ჩატარდა

ექსტრემალური სპორტის ფესტივალი წელს თბილისში დედაენის ბაღში უკვე მესამედ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი სამოქალაქო აქტივისტი არსენ მამიტოვია.

როგორც აფხაზეთის მთავრობის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალგაზრდა სპორტსმენი და სამოქალაქო აქტივისტი წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან არის. არსენ მამიტოვი ექსტრემალურ სპორტს მომავალი თაობის სპორტული განვითარებისა და ამავდროულად, ოკუპაციით დაშორებული საზოგადოების გაერთიანების ინსტრუმენტად იყენებს. შესაბამისად, ფესტივალის მისია სცდება საქართველოში სპორტის განვითარებას. ბიემიქსის, სკეიტბორდისა და ექსტრემალური სპორტის სხვა სახეობების მეშვეობით, მამიტოვი მიზნად ისახავს, ქართველი და ოსი ახალგაზრდები სპორტის ირგვლივ გააერთიანოს და ამავდროულად, საკუთარი სამოქალაქო აქტივიზმით წვლილი შეიტანოს შერიგების პროცესში.

"თბილისში 2 წელია ვცხოვრობ. აქ ჩამოსვლის შემდეგ სულ სხვა რეალობა აღმოვაჩინე. მე ვხვდები თუ რამხელა შეცდომაში შეიყვანეს ქართველი და ოსი ხალხი. სანამ თბილისში ჩამოვიდოდი, მამაჩემი მეუბნებოდა არ თქვა, რომ ოსი ხარო, თუმცა, როდესაც იგებენ, რომ ოსი ვარ, ძალიან დიდი სიყვარულით მხვდებიან. ძალიან ბევრმა ადამიანმა შემიწყო ხელი ექსტრემალური სპორტის განვითარებასა და ფესტივალის ჩატარებაში. აგერ უკვე მესამედ ვატარებ და ვაკვირდები როგორ მზარდად პოპულარული ხდება სპორტის ეს სახეობა საქართველოში. წინ დიდი გეგმები მაქვს, მათ შორის ფედერაციის ჩამოყალიბება. მთავარია ხალხს დავანახო სპორტს როგორ შეუძლია გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება”, - აცხადებს არსენ მამიტოვი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სპორტის აღნიშნული სახეობების მიმართ ახალგაზრდების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად ფესტივალში მონაწილეთა რიცხვიც მზარდია. დღეს საღამოს "ექსტრემ ფესტის" ახალი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. წელს ორგანიზატორებმა ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოზარდებიც ჩამოიყვანეს. ესტრემალური სპორტის გულშემატკივრებმა ოს თანამემამულეებს სიმბოლური გზავნილები დედაენის პარკში დამონტაჟებული სპეციალური ბანერის მეშვეობით გაუგზავნეს. "ექსტრემ ფესტი" სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სკეიტბორდის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე