ვახტანგ ძაბირაძე - “უფრო სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს აპრილ-მაისში ველი”
რას ცვლის პროცესის დაჩქარება - უპრეცედენტო ინციდენტი ცესკოს სხდომაზე და პარლამენტის პირველი სხდომის ახალი თარიღი
დავით ზურაბიშვილი - “არ მომწონს, რომ ოპოზიციური საზოგადოება საქართველოს რუსეთში ინტეგრაციას უკვე შემდგარ ფაქტად მიიჩნევს”
“ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
ვახტანგ კაპანაძე - “გაძლიერებულ და კარგად მომზადებულ უკრაინას რუსეთი თავს არ დაესხმება"
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “უფრო სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს აპრილ-მაისში ველი”
“არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ცესკო შემაჯამებელ ოქმს მიიღებდა და არჩევნებს უხარვეზოდ ჩატარებულად გამოაცხადებდა. ვითარება რთულია, ოპოზიცია ქუჩაშია, მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და ყველაფერი მიდის იქით, რომ ამ პარლამენტს ნდობა არ ექნება არც ქვეყანაში და არც დასავლეთისგან ექნება ლეგიტიმაცია. ეს უკვე მომწიფებული სურათია, რაც კარგად ჩანს იმ განცხადებებიდან, რაც ევროპარლამენტში გაკეთდა. პრეზიდენტი, როგორც ვიცით, არ აპირებს პარლამენტის სხდომის მოწვევას, ოპოზიცია კი გეგმავს არ შევიდეს პარლამენტში, მაგრამ ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმის რესურსი რადგან უმრავლესობაა, რომ ახალარჩეული პარლამენტის სხდომა გახსნას და პარლამენტი უფლებამოსილად გამოაცხადოს. ის არ იქნება სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანო - 2/3-ითა და უფრო მაღალი კვორუმით კანონებს ვერ მიიღებს, მაგრამ ეს მას საქმიანობის გაგრძელებაში ხელს არ შეუშლის. მოკლედ, გვეყოლება “კოჭლი” პარლამენტი...” - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უფრო სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს აპრილ-მაისში ველი”.
“ამის შემდეგ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწორ გეგმებს დასახავს ოპოზიცია და როგორ განავითარებს მას. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება რთულია, მე დღეს დიდად ვერ ვგრძნობ ამ პროტესტანტებში რადიკალურ განწყობას, საზოგადოებაში დაძაბულობა არ იგრძნობა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რადიკალური საპროტესტო აქციები არ იქნება. იმის გასაკეთებლად, რაც 2003 წელს მოხდა, ოპოზიციას რესურსი დღეს არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ საკმაოდ მძიმე პროტესტი შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერისას ცესკოსთან. ველი, რომ ასევე მასშტაბურ პროტესტს ვნახავთ ქუჩაში, პარლამენტის შეკრების პირველ დღეს. რაც შეეხება იმას, თუ რას იზამს ხელისუფლება. დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესი ვერ იქნება ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე პროცესებისგან ცალკე განხილული. აშშ-ში ახალარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ვიცით უკვე, წამყვან თანამდებობებზე ვის დანიშნავენ, მაგრამ ჯერ კვლავ უცნობია, ახალი ადმინისტრაცია რა პოლიტიკას წარმართავს, რადგან ერთია წინასაარჩევნო განცხადებები და მეორე, როდესაც უშუალოდ შეუდგებიან ქვეყნის მართვას რესპუბლიკელები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ამას აუცილებლად ექნება გავლენა იმ განწყობებზე, რაც აქ, ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნება, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიცია ექნება ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ. ამას ელოდება ჩვენი ხელისუფლებაც და ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილიც. ამასთანვე, მიმაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა გადავიდეს პოზიციურ ბრძოლაზე ხელისუფლებასთან, რაც ბლიცკრიგს გამორიცხავს. ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა არ ექნება, ხელისუფლება თუ მოახერხებს რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის გადაბირებას... ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემას ეს ვერ მოაგვარებს. ველი, რომ იქნება სანქციები დასავლეთიდან, რომელიც გავრცელდება ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებზე. სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, დადგება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც, თუმცა ამ ყველაფერს დრო დასჭირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“საზოგადოება, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც “ქართულ ოცნებას” გულწრფელად უჭერს მხარს, ვიდრე თავად არ იგრძნობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ქვეყნებთან ჩვენს თანამშრომლობას, მანამ საზოგადოებაში ცვლილებების იმედი არა მაქვს. სწორედ მანამდეა საჭირო ის პოზიციური ბრძოლა, რაზეც უკვე ვილაპარაკე, ხელისუფლება მშვიდად ვერ უნდა იყოს - პროტესტი უნდა შენარჩუნდეს, ეს ყოველდღიურად არა, მაგრამ გარკვეული გეგმითა და მიზანმიმართულად უნდა წარიმართოს... სერიოზული პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა დადგეს გაზაფხულზე, სადღაც აპრილ-მაისში, იმ შემთხვევაში, თუ ახალი წლიდან მართლაც დაიწყო სანქციების გატარება. აქვე ვიტყვი, რომ საპარლამენტო მმართველობის ერთი პლუსი ის არის, თუ ხელისუფლება შეხედავს, რომ რთული და კრიზისული ვითარება შეიქმნა და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, მას თავისუფლად შეუძლია კანონის ფარგლებში გაითამაშოს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. დღეს ხელისუფლება დათმობებზე წამსვლელი არ არის, მაგრამ თუ შეიქმნება მწვავე პოლიტიკური კრიზისი, ის იძულებული გახდება...” - დაასკვნის ექსპერტი.
“ოცნება” არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიებას არ დაუშვებს, დასავლეთი კი არ მისცემს პარლამენტს ლეგიტიმაციას. ჯერჯერობით, “ოცნება” ცდილობს ისე წარმოადგინოს, თითქოს არ აწუხებს თუ რა დამოკიდებულება ექნებათ ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებს. “ოცნების” საგარეო პოლიტიკაში რეალური ცვლილებები შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენი პარტნიორებისგან მივიღებთ პასუხს “ქართული ოცნების” პოლიტიკის შესახებ. როგორც უკვე ვთქვი, ამას დრო სჭირდება. გადამწყვეტი იქნება არა მარტო პარტნიორების პასუხები, არამედ რა შედეგები მოჰყვება მათ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ თუნდაც ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. რამდენად რადიკალური იქნება დასავლეთის განცხადებები და ნაბიჯები, რთული სათქმელია. დიდი ალბათობით, ამ პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება დასავლეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება რუსეთისა და უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ. თუ ოფიციალური ვაშინგტონი წავა რუსეთთან იმგვარ დათმობებზე, რაც უკრაინას დააზარალებს, ჩათვალეთ, რომ საქართველოს თემა საერთოდ მოხსნილი იქნება”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
“ანუ თუ დასავლეთისა და ამერიკის ურთიერთობა რუსეთთან “დალაგდება”, რუსეთი აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი არ გახდეს და დარჩეს რუსულ გავლენაში. ასეთ შემთხვევაში “ქართული ოცნების” პოლიტიკა ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო, თუმცა ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, რაც დიდი იმედი მაქვს, არ განხორციელდება. კარგი იქნებოდა, “ქართულ ოცნებას” არ გაეფორმებინა მოგება 50%-ზე მეტი მხარდაჭერით და კოალიციური მთავრობა ჩამოგვეყალიბებინა. ეს იქნებოდა ნამდვილად დიდი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ გზით ჩვენ დავრჩებოდით გეოპოლიტიკურ პროცესში აქტიურ მონაწილედ, გვექნებოდა რუსეთ-დასავლეთ-უკრაინის მომავალ მოლაპარაკებებში ჩვენი სიტყვის თქმის უფლება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც ხელის ჩამორთმევა არავის სურს. შესაბამისად, ჩვენს აზრს არავინ იკითხავს, ჩვენი საკითხი ან საერთოდ არ დადგება დღის წესრიგში, ან ამას უჩვენოდ გადაწყვეტენ”, - ამტკიცებს რესპონდენტი.
“მომავალ ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკურ და ძალოვან თანამდებობებზე ნამდვილად ხისტი პოზიციის კანდიდატურები დაასახელა ტრამპმა, მაგრამ ჯერ მაინც ნაადრევია რაიმეს თქმა, რადგან არ ვიცით, ისინი დანიშვნის შემდეგ რა პოლიტიკას გაატარებენ. სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა სენატორმა რუბიომ, თავის დროზე მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მასშტაბურ დახმარებას, მათ შორის იარაღით. ერთი შეხედვით, უკრაინის საკითხში კარდინალური ცვლილება თითქოს არ უნდა იყოს. კი ლაპარაკობენ უკრაინაში ომის შეწყვეტაზე, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, რა გზით შეწყვეტას გულისხმობენ. გავიხსენებ, რესპუბლიკელთა ერთი ნაწილის - ე.წ. ქორების შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომა ის იყო, რომ უკრაინას იარაღს ნაწილ-ნაწილ აწვდიდნენ, რაც საკმარისი იყო ბრძოლისთვის, მაგრამ არა გამარჯვებისთვის. შესაძლოა სწორედ ამ მიმართულებაში შეცვალონ პოზიცია და უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგან. შტატებსა და მთელ დასავლურ სამყაროს დღეს რეიგანისთანა ლიდერი სჭირდება, რომელიც სხვაგვარად აგვარებდა ასეთ საკითხებს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეიგანის ტიპის პოლიტიკოსები საუკუნეში ერთხელ ან იბადებიან, ან არა”, - თვლის ექსპერტი.
“ტრამპი უპროგნოზო ადამიანია, სცენარი მრავალნაირად შეიძლება განვითარდეს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, “ოცნებას” სასიხარულოდ საქმე მაინცდამაინც არა აქვს. ისე კი, თუ გამოჩნდა, რომ ტრამპი იმაზე მკაცრი და ხისტია რუსეთის მიმართ, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია იყო, და ამას შედეგიც მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლება ადვილად შეცვლის რიტორიკასაც და პოლიტიკასაც. ამათთვის ეს დიდი პრობლემა არ იქნება. უფრო სწორად, ივანიშვილი საკუთარი თავის გარდა, გაწირავს ყველას და საგარეო პოლიტიკის ვექტორსაც შემოატრიალებს”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “სოხუმი პროტესტმა მოიცვა... უცნაურია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებზე კომენტარისგან თავს მაქსიმალურად იკავებს”, - პაუხობს:
“დაახლოებით 1990 წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის კარტერის მეუღლის ინიციატივით საბჭოთა კავშირში კონფლიქტებზე კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზები და ოსებიც. მიწვეულთა შორის მეც გახლდით და მახსოვს, სერგეი შამბაც იყო. კულუარებში საუბრისას, აფხაზებს ვუთხარით, რომ გზა, რომელსაც დაადგნენ რუსეთისკენ, მათ დიდ პრობლემებს შეუქმნიდა და შესაძლოა როგორც ერი გაქრნენ კიდეც. დაახლოებით ასეთი პასუხი მივიღეთ, ზღვაში დახრჩობა სჯობს მდინარეში დახრჩობასო. მაშინ ასე ფიქრობდნენ, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახლა აღარ მოსწონთ აშკარად ზღვაში დახრჩობა. დაიჯერეს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აქვთ, არადა, რუსეთი უკვე აფხაზეთის სრულ ანექსიას შეუდგა. კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებისგან მოგვესმინა განცხადებები იმაზე, რაც აფხაზეთში ხდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოუწევთ თქმა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის პროვოცირებულია, რომელიც აფხაზეთის რეალურ ანექსიას ცდილობს, ისინი პირდაპირ ყიდულობენ საქართველოს ტერიტორიებს, მაგრამ ამას შიშით ვერ იტყვიან, თანაც საქართველოს ხელისუფლება ახლა დასავლეთის კრიტიკით არის დაკავებული, სად სცალია აფხაზეთისთვის?!”
რას ცვლის პროცესის დაჩქარება - უპრეცედენტო ინციდენტი ცესკოს სხდომაზე და პარლამენტის პირველი სხდომის ახალი თარიღი
ცესკომ 26 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადაზე 5 დღით ადრე მიიღო. ამ პროცესს თან ახლდა უპრეცედენტო ინციდენტი უშუალოდ ცესკოს სხდომაზე, საპროტესტო აქცია და შეტაკება პოლიციასთან. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესის დაჩქარებით ხელისუფლება არჩევნების ლეგიტიმაციის დაჩქარებას ცდილობს. ყოველოივე ამის შედეგად შეიცვალა ახალი პარლამენტის პირველი სხდომის სავარაუდო თარიღიც. კანონმდებლობის თანახმად, პირველი სხდომა შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში უნდა გაიმართოს. შესაბამისად, ეს თარიღი 25 ნოემბერია. შაბათს გამართულ ცესკოს სხდომაზე კომისიაში “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და სახეში შავი საღებავი შეასხა. ამას შეხლა-შემოხლა და აურზაური მოჰყვა. სხდომა დაახლოებით 40 წუთით შეწყდა, რის შემდეგაც კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა, რაც, დიდი ალბათობით, ინციდენტის დროს მიღებულ დაზიანებას უკავშირდება. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სხდომა განაგრძო. საბოლოოდ შემაჯამებელი ოქმი მაინც მიიღეს. კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ საქმე აღძრა. პარალელურად ცესკოს შენობასთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასთან, რის შედეგადაც 3 ადამიანია დაკავებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ცვლის პროცესის დაჩქარება - უპრეცედენტო ინციდენტი ცესკოს სხდომაზე და პარლამენტის პირველი სხდომის ახალი თარიღი.
“საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის პირველ პუნქტში ვკითხულობთ, რომ “ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - მერის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს”. აქედან გამომდინარე, ცესკოს 21 ნოემბერამდე ჰქონდა დრო. თავად ცესკოში გადაწყვეტილების დაჩქარებას იმით ხსნიან, რომ 21 ნოემბერი “არ არის ბეჭედდასმული” თარიღი და “საბოლოო ინსტანციის სასამართლომაც მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. შაბათს დასკვნითი ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ გამართა. მისი თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელ ოქმს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ადგენს მას შემდეგ, რაც ამოიწურება ყველა ინსტანციაში ყველა შესაძლო საჩივრის განხილვის ვადა. გუშინ, საბოლოო ინსტანციის სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. უკიდურესი ვადა - 21 ნოემბერი - არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა, ეს არის უკიდურესი ვადა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რა თქმა უნდა შეუძლია, თუ ყველა პროცედურა ამოწურულია, შემაჯამებელი ოქმი შეადგინოს. მაშინ მეორე კონტრკითხვა შეიძლება არსებობდეს - რატომ უნდა გაწელოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელოვნურად ვადა, როცა ყველა იურიდიული საფეხური გავლილია და დასრულებული? ცხადია, შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება - ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო”, - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ ოქმის მიღების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 2 111 834 ამომრჩეველმა მისცა ხმა. 34 974 ბიულეტენი გაბათილდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“5%-იანი ბარიერი ხუთმა სუბიექტმა გადალახა. შედეგები ასეთია: “ქართული ოცნება” - 1 120 053 ხმა, 53.93%, მანდატების რაოდენობა - 89; “კოალიცია ცვლილებისთვის” - 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა - 19; “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” - 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა - 16; “ძლიერი საქართველო” - 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა - 14; “გახარია საქართველოსთვის” - 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა - 12. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ცესკოს კანონი არ დაურღვევია და ოპოზიციის დღის წესრიგის მიხედვით არ წავიდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ ცესკო ცდილობს ისეთი განწყობის შექმნას, რომ შემაჯამებელი ოქმის მიღებით არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის მხრივ სამართლებრივად ყველა პრობლემა მოგვარებულია. პროცესის დაჩქარებაც, სავარაუდოდ, ამას უკავშირდება”, - დასძენს გამოცემა.
“კანონით რამდენიმედღიანი ვადა იმიტომაა მიცემული, რომ ცესკო-ს მიეცეს საშუალება მშვიდ გარემოში იმუშაოს და რადგანაც ცესკომ ყველა მასალის შეგროვება, დათვლა და ის ყველაფერი მოსწრო, რაც შემაჯამებელი ოქმისთვის იყო საჭირო, ვფიქრობ, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მომხდარა. გასაგებია, რომ ვიღაცას შეიძლება გაუჩნდა ეჭვი, რომ ფეხბურთის მატჩს დაამთხვიეს, რათა საპროტესტო აქციაზე ხალხი ბევრი არ მისულიყო. ეჭვების და სპეკულაციების სივრცე ყოველთვის არის ხოლმე, მაგრამ მოდით იქედან ამოვიდეთ, რომ ცესკოს რეალურად კანონი არ დაურღვევია და ხუთი დღით ადრე გამოაქვეყნა თუ ხუთი დღით გვიან, ეს, ჩემი აზრით, უკვე ტექნიკური საკითხია. ცესკო ოპოზიციის დღის წესრიგის მიხედვით არ წავიდა. ძალადობრივი აქტი, რაც, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის ეფექტის ქვეშ ექცევა, მემგონი შეგნებულად მოხდა - თავდასხმა მოქალაქის ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით და ამას მტკიცებულებები და რაღაცეები არ სჭირდება, უამრავი მოწმე ჰყავს და ვნახეთ, რომ სრულიად მიზანიმართულად და წინასწარ გაზრახულად მოხდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ჩემი აზრით, ცესკო სწორად მოიქცა, სხდომა რომ არ გადადო. სწორედ ეს იყო ოპოზიციის მიზანი, რომ როგორმე შემაჯამებელი სხდომა არ ჩატარებულიყო. ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმაც, ვფიქრობ, სწორედ ამას ემსახურებოდა და ადამიანმა თავის თავში ძალა მონახა, რომ სხდომა ბოლომდე ჩატარებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ბრიფინგის ჩატარება ვერ შეძლო. როგორც ვნახეთ, მუდმივად თვალზე იკიდებდა ხელს და როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზულია”, - დაასკვნის ანჯაფარიძე.
“პროცესის დაჩქარება რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული - შესაძლოა “ქართული ოცნება” ცესკო-ს მეშვეობოთ, რომელიც, ბუნებრივია, ხელისუფლების კონტროლქვეშაა, ცდილობს როგორმე ფაქტის წინაშე დააყენოს ოპოზიცია, რომ თითქოს საკუთარი ქმედებას სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს. თან იმის ჩვენება სურთ, რომ თითქოს ხელისუფლება უკან არ იხევს და გააკეთებს იმას, რაც სურს. შესაძლოა დაამთხვიეს საფეხბურთო მატჩს, რომ ხალხი არ შეიკრიბოს. აქციის ორგანიზება ძირითადად საღამოს ხდება. “ოცნებას” სურს ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება ფაქტის წინაშე დააყენოს, რომ რადგან ცესკომ ოქმს ბეჭედი დაარტყა, თითქოს სამართლებრივად ყველა პრობლემა მოგვარებულია. თუმცა, ბუნებრივია, ვერანაირად ვერ მოგვარდება. მასე თავის დროზე შევარდნაძის დროინდელ ცესკო-მაც დაასვა ბეჭედი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“რომ შეიკრიბონ და ე.წ. სესია ჩაატარონ, სამართლებრივად საკუთარ ქმედებას ვერ გაამყარებენ, რადგან არჩევნებს არ აღიარებს, არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო საზოგადოება. ხელისუფლება ცდილობს, რომ პარლამენტის პირველი სხდომა რაც შეიძლება მალე ჩაატაროს, რომ თითქმის თუ ეს ჩატარდა, უკვე ყველა ფაქტის წინაშე დადგება. თუმცა, რამდენი სესიაც არ უნდა ატარონ, ხალხი მაინც შეიკრიბება და თავის სათქმელს იტყვის. რაც შეეხება ინციდენტს, პირველ რიგში თავად ბატონი კალანდარიშვილია სისხლის სამართლის დამანაშავე, ის მთავარი გამყალბებელი და ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელია. ამასთან, მის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. გაყალბის ამდენი ფაქტია და კალანდარიშვილი ამ ყველაფერს ხელს აფარებს, ესე იგი დანაშაულს აფარებს ხელს. არისტოტელეს აქვს კარგად ნათქვამი - “თუ გინდა, რომ უსინდისოს სინდისი გაუღვიძო, მას სილა უნდა გააწნაო”. სამართლებდივად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა აქაც უკანონობასთან გვაქვს საქმე, რადგან, რამდენიმე თვის წინ, როცა თუნდაც დავით ქაცარავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მძიმედ დაზიანდნენ, ამაზე რეაგირება არაა. მაშინ კანონი უნდა კანონობდეს და ყველაზე ერთნაირად გავრცელდეს”, - ამტკიცებს ჩიტაძე.
“ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ თუკი საბოლოო ოპოზიცია ქუჩაში დარჩება, მას თანდათანობით მარგინალიზაცის ელის. “ცესკომ შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნა, რომელიც თანაბრად ეხება როგორც “ოცნებას”, ისე პარლამენტში გასულ ყველა პოლიტიკურ პარტიას. ოპოზიციას კი იგივე პრობლემას უქმნის, რაც ადრე ჰქონდათ - რომ მათ მიიღეს, ის შედეგი, რაც არ აძლევთ ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას, რაზედაც მათ ჰქონდათ გათვლა და აქედან გამომდინარე, ისინი ისევ ოპოზიციად დარჩებიან. თუ პარლამენტში არ შევიდნენ, მაშინ მათი სამოქმედო არენა ქუჩა იქნება, ხოლო ქუჩაში დიდხანს დარჩენა კი პოლიტიკური ძალის მარგინალიზაციას იწვევს, თუკი ის ფორმალურ პოლიტიკაში ჩართული არაა, პარლამენტის ტრიბუნას არ იყენებს და ა.შ. არ გამოვრიცხავ, რომ თანდათანობითი (არა ზეგ და მაზეგ) მარგინალიზება მოხდეს, დაკარგონ ამომრჩეველი და შესაძლოა მათ ადგილზე ახალი პოლიტიკური პარტიები წამოვიდნენ და ქვეყნის პოლიტიკურ რუკაზე გარკვეული გადაადგილებები და ცვლილებები დაიწყოს”, - აცხადებს ანჯაფარიძე. მისივე აზრით, ცესკოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების დუმილი გარკვეულ კითხვებს აჩენს”, - წერს სტატიის ავტორი.
“ასეთი რამ ჩვენი ქვეყნის ცესკოს ისტორიაში არ მომხდარა, რომ თავმჯომარეზე პირდაპირი თავდასხმა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ამაზე არავითარი რეაგირება არ გვესმის არც უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან, არც ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირველბლებისა და საელჩოებისგან. ეს უპრეცედენტო ფაქტია და თუკი ისინი ამაზე რეაგირებას არ მოახდენენ, ამით ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაარწმუნებენ, რომ არ არიან მიუკერძოვებელი და ობიექტურები და მხარეს წარმოადგენენ. ასევე პრეზიდენტის რეაგირებასაც ველოდები”, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძის აზრით, მმართველ პარტიას რეალური, ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს და ამ მოცემულობას ფორმალური ლეგიტიმაცია ვერ შეცვლის. “ამ ე.წ. პარლამენტმა რა კანონებიც არ უნდა მიიღოს, ვერ ჩაითვლება კანონად. მათ სურთ, რომ დე ფაქტოდ გაიმყარონ ხელისუფლება, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას ენიჭება, საზოგადოება რამდენად გამოხატავს მზადყოფნას, რომ დაიცვას საკუთარი ხმა და ეროვნული ინტერესები, გამოვიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს. ეს ვითარება ოპოზიციისთვის პრობლემა ნაწილობრივ არის, თუმცა საერთო ჯამში დე ფაქტო ვითარებაა მთავარი”, - განაცხადა ჩიტაძემ, მისი თქმით “ოპოზიცია არ თვლის, რომ ისინი პარლამენტის წევრები არიან”, - დასძენს სტატიის ავტორი.
დავით ზურაბიშვილი - “არ მომწონს, რომ ოპოზიციური საზოგადოება საქართველოს რუსეთში ინტეგრაციას უკვე შემდგარ ფაქტად მიიჩნევს”
“ხელისუფლება ყველაფერს იზამს, რომ არაფერი დათმოს. თუ ძალიან გაჭირდება და უმართავი სიტუაცია შეიქმნება, მაშინ შეიძლება დათმობაზე წავიდეს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მასობრივი გამოსვლები არ იქნება და შეძლებს ხელთ არსებული რესურსებით წინ აღუდგეს. იმედი აქვთ ტრამპის ადმინისტრაციისაც, რომ დასავლეთიდან ზეწოლა, სანქციები არ იქნება, რომ ტრამპი უკრაინაში ომს დაამთავრებს, გაყინავს კონფლიქტს და ამოისუნთქებენ. ამ ვითარებაში კი როგორ მოიქცევიან, წავლენ უფრო მეტი ავტორიტარიზმისკენ თუ მეტ-ნაკლებად დარჩებიან იმ რეჟიმის პირობებში, რომელიც არჩევნებამდე იყო, ჯერ ნათელი არ არის. ეს, ალბათ, უფრო ცხადი გახდება მაშინ, როცა ტრამპის პოლიტიკა ჩვენს საკითხზე გამოიკვეთება და უფრო გამოჩნდება, “ოცნება” რუსეთისკენ წავა თუ შეეცდება ბალანსი დაიცვას”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შესვლა-არშესვლის დილემა ანუ არის თუ არა დეპოლარიზაციის შანსი?! / “გადაწყვეტილებას, რომელსაც შენ არ სჭირდები, ვერ ჩაშლი”.
“სტუდენტების პროტესტი, რომელიც ბათუმიდან დაიწყო, ხელისუფლებისთვის ცოტა საგანგაშოა და შეეცდება მის ჩახშობას, რადგან თუ რამის ეშინია, სწორედ ახალგაზრდების პროტესტია. ამ დღეების განმავლობაში ეს ნაკლებად იყო და წინასაარჩევნოდაც ახალგაზრდების მონაწილეობა ნაკლებად ჩანდა, ვიდრე აგენტების კანონის პროტესტისას, მაგრამ ხელისუფლებას მათი პროტესტის ნამდვილად ეშინია... ერთი, რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ის არის, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად არავინ აღიარებს. არ მოხდება, რომ ევროკავშირი ან ამერიკა გამოვიდეს და თქვას, საქართველომ ჩააბარა გამოცდაო... მაგრამ არის კიდევ მეორე ვარიანტი - ის, რომ ლეგიტიმურად არ აღიარებ, პირდაპირ არ ნიშნავს, რომ არალეგიტიმურად აღიარებ. აქ უფრო ჩანს ორი ვარიანტი - ან ამ საკითხს ღიად დატოვებენ და ხელისუფლებასთან ურთიერთობას ააწყობენ იმის მიხედვით, თვითონ საქართველოს ხელისუფლება რას გააკეთებს, როგორ მოიქცევა, ან დაგვისვამენ ჯვარს, რომ დამთავრდა საქართველოსთან ყველანაირი პარტნიორული ურთიერთობა, რომ ქვეყანამ უკვე გადაინაცვლა ევრაზიული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ცხადია, ურთიერთობა ამ ვითარებაშიც დარჩება, მაგრამ უფრო შეზღუდული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ კონტექსტს, მე პირადად არ მომწონს, რომ ჩვენთან ძირითადი ოპოზიციური საზოგადოება საქართველოს რუსეთში ინტეგრაციას უკვე შემდგარ ფაქტად მიიჩნევს. ამას ტენდენციად და საფრთხედ კი არ უყურებენ, რომ შეიძლება ეს მოხდეს, არამედ მათი რიტორიკით, უკვე ჩელიაბინსკში ვართ. თუ ასე უყურებ, რომ ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ რაღაში სჭირდება 89 “ქოცს”, რომ თავი ლეგიტიმურად გამოაცხადოს და მერე ყველა დაგვიჭიროს. თუ ასე უყურებ, მაშინ გამოდის, ხელისუფლებას ლეგიტიმურობა ფეხებზე უნდა ეკიდოს. ოპოზიციის ქცევა მთლად ადეკვატური არ არის. თუ მართლა ასე გგონია, მაშინ უცხოელებთან ლაპარაკის ერთადერთი მოტივი ის უნდა იყოს, ამათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს და დაარტყითო. აქ რატომღაც ასეთი მისტიკური რწმენა აქვთ, თუ დასავლეთის პოზიცია იქნება უკიდურესად ხისტი, პირადად ბიძინას დაადებენ სანქციას, მთელ ქონებას ჩამოართმევენ, ის იტყვის, ვაიმე, ეს რა დამემართაო, და გაიქცევა მოსკოვში და ჩვენ გავთავისუფლდებით”- განაგრძობს რესპონდენტი.
“მე კი მგონია, თუკი ასე მოხდება, მაშინ მართლა ჩელიაბინსკი და სტავროპოლი დაგვემუქრება, რადგან ხელისუფლების ერთადერთი შანსი ის იქნება, რომ რუსეთს შეეკრას, რადგან სხვანაირად ვერ გადარჩება. ივანიშვილი კი გადარჩენისთვის რომ ყველაფერს გააკეთებს, ცხადია. ამიტომაც აქვს დასავლეთს ფრთხილი დამოკიდებულება. არ აღიარებს არჩევნებს ლეგიტიმურად, კრიტიკა იქნება, ამბობენ, რომ საარჩევნო დარღვევები უნდა იქნეს გამოძიებული, ხელისუფლებამ მიუღებელი კანონები უნდა გაიწვიოს უკან და შეცვალოს კურსი. ჯერ ამ ვითარებაში ვართ და საით წავა ეს ყველაფერი, ორ აქტორზეა დამოკიდებული - “ქართულ ოცნებასა” და ტრამპის ადმინისტრაციაზე. ოპოზიცია კი ჯერ იმ ტრადიციული ტაქტიკით მოქმედებს, რითაც ყველა ოპოზიცია მოქმედებდა - ცდილობს ხელისუფლებას წონასწორობა დააკარგვინოს, რაღაც კრიტიკული ჩაადენინოს და ამით საპროტესტო მუხტი გამძაფრდეს”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“პირველ სხდომაზე, სადაც გაყალბებული არჩევნები უნდა ცნონ, ოპოზიცია რომ არ უნდა იყოს, ორი აზრი არავის აქვს. მეორე საკითხი ის არის, რამდენადაც ეს არ არის ოპოზიციაზე დამოკიდებული, ის 89 კაცი შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას. არ მგონია მაინცდამაინც ადეკვატური, მოდი, არ მივცეთ სხდომის ჩატარების საშუალებაო. მაინტერესებს, როგორ არ უნდა მისცენ, რას იზამენ, პარლამენტს ალყას შემოარტყამენ? მივა სპეცრაზმი და შეიყვანს. ბოლოს და ბოლოს, კანცელარიიდან გვირაბი გადის პარლამენტში ან სულაც მაგ შენობაში არ შეიკრიბებიან და ეგ იქნება - ანუ გადაწყვეტილებას, რომელსაც შენ არ სჭირდები, ვერ ჩაშლი. ის, რომ პარლამენტის უფლებამოსილება ცნოს საპარლამენტო უმრავლესობამ, რომ შემდეგ დეპუტატებს თუ მოუნდათ, ინდივიდუალური განცხადება უნდა დაწერონ, რომ არ უნდათ პარლამენტარობა, და მერე პარლამენტმა ამას კენჭი უყაროს, სიის ჩახსნაზე, საბოლოო გადაწყვეტილება ცესკომ უნდა მიიღოს, არის ყველაფერი ის, რაც ამათზე არ არის დამოკიდებული. ამასთან, გარდა იმისა, რომ არ შედიხარ სესიებზე და არ იღებ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, პროტესტის ფორმაა ისიც, რომ შეიძლება აღარ იყო პარლამენტის წევრი. ამისთვის კი იურიდიულ ფორმალობებს ვერ ასცდები, ეს კი ხვალ-ზეგ ვერ მოხერხდება, მანამდე, სანამ პარლამენტი არ ცნობს თავის უფლებამოსილებას”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.
“აქედან გამომდინარე, 3-4 თვის მერე რა იქნება, არ ვიცით. იქნება თუ არა საჭირო მანდატების გადაყრა ანუ ერთპარტიულ პარლამენტზე წასვლა, დღეს როგორ უნდა განსაზღვრო? ხომ შეიძლება სასწაული მოხდეს და საჭირო გახდეს ოპოზიციის მონაწილეობა? მაგალითად, კონსტიტუციის ცვლილება, რომ პრეზიდენტი ისევ ხალხმა აირჩიოს. რას იზამენ? პარლამენტში რომ არ იქნებიან, როგორ მიიღებენ? ანუ ოთხი წელი ხელისუფლებას კარტ-ბლანშს აძლევენ. ერთადერთი გათვლა აქვთ, ესენი ოთხი წელი ვერ გაძლებენ და დაინგრევიანო. თეორია-პრაქტიკაში რევოლუციაზე ცოტა რაღაც გამეგება და ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია ჯერ არ ჩანს. უპირველეს ყოვლისა, არ არის რღვევა ზემოთ, ნიშნებიც კი არ არის, ამის გარეშე კი რევოლუცია არ ხდება”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - “დღეს თითქოს ოპოზიციის არც ერთი ნაბიჯი არ არის შედეგის მომტანი. რატომ ვტრიალებთ ისევ ერთ წრეზე და შეცდომებისგანაც ვერაფერს ვსწავლობთ?” - პასუხობს:
“არ იცის ამ ხალხმა მეტი და ამიტომ. მეორეა ის, რომ პირველ სხდომაზე დასწრებასა და არჩევნების აღიარებაზე უარის თქმა სწორია, რადგან არჩევნები გაყალბებულია. ამიტომ მოთხოვნა, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს, სწორია. თუმცა უნდა გესმოდეს ისიც, რომ შესაძლოა ეს არ გამოვიდეს და მერე სად მიდიხარ? მერე სრული კრახია. სხვათა შორის, ჩვენ ისიც არ ვიცით, რეალური შედეგები როგორია, ამ კარუსელის გარეშე რეალური შედეგები რა პროპორციით დაჯდებოდა...”
“რაც შეეხება იმას, მერე რა უნდა ვქნათ, ამაზე პასუხი რომ არა გვაქვს, “ნაცური” დღის წესრიგის ბრალია. უშუალოდ პარტია არ იგულისხმება. სამყაროს აღქმაა ისეთი, რაც დამახასიათებელია “ნაცმოძრაობისთვის”. კერძოდ, აღქმაა, რომ საქართველოს უბედურების სათავე 2012 წელია და მას შემდეგ სულ ჩელიაბინსკში ვართ, უფრო ვუახლოვდებით, მაგრამ თან უკვე იქ ვართ. მე როგორც ვხედავ, თითქოს იმის სურვილიც აქვთ, ივანიშვილი რაც შეიძლება მეტად მიეყიდოს რუსეთს. თითქოს უნდათ რაღაცნაირად გამართლდეს, რომ ის რუსეთის კაცია. თავიანთი ქცევით ამისკენ უბიძგებენ, რომ ხელი აიღოს, ბოლოს და ბოლოს, თუნდაც მოჩვენებით დემოკრატიაზე და მთლიანად გადავარდეს პრორუსულ დიქტატურაში. რაღაც ჟინი აქვთ, რომ ბიძინა ასეთი უნდა იყოს და, თუკი ასეთი არაა, მოდი, გავხადოთ ასეთიო. თითქოს სურთ საზოგადოებაში მართლა იყოს განცდა, რომ რუსეთში ვართ, ამიტომ გარეთ უნდა გამოვცვივდეთ, ავიდეთ ბარიკადებზე და დავიცვათ სამშობლო. მაგრამ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ეს განცდა არა აქვს. რაც მთავარია, როდესაც ვლაპარაკობთ ჩამოშლაზე, თავად ხელისუფლებაში არა აქვთ განცდა, რომ მიგვერეკებიან რუსეთისკენ, - დაასკვნის ანალიტიკოსი.
“ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
“მესამე დღეა აფხაზეთში “ორხელისუფლებიანობაა” და ვინ ვის ემორჩილება, სრულიად გაურკვეველია. ოპოზიციამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან “მართავს” “რესპუბლიკას”. დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის მშობლიურ სოფელშია გამაგრებული და ამტკიცებს, რომ ყველაფერს კვლავინდებურად ის აკონტროლებს. რუსულ მედიაში კი გაჩნდა ცნობები, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის “აფხაზეთის საკითხზე” კონსულტაციები დაიწყო და პირველი შეთანხმებაც მიღწეულია. თავად აფხაზეთში დაპირისპირებული ძალები ჯერჯერობით თავს იკავებენ რაიმე რადიკალური მოქმედებებისაგან. ანალიტიკოსები ამას იმით ხსნიან, რომ ორივე მხარე მოსკოვიდან ელოდება სიგნალებს მოსკოვი კი ჯერჯერობით ერთგვარ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ამის პარალელურად რუსეთის ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების ლიდერებმა საჯაროდ გამოუცხადეს მხარდაჭერა ასლან ბჟანიას. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, უახლოეს დღეებში აფხაზეთში მოსკოვიდან საგანგებო ჯგუფი ჩავა და ამ გაურკვეველ სიტუაციას დაალაგებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება.
“სოხუმში ვითარება განსაკუთრებით 15 ნოემბრიდან დაიძაბა. ძალოვანებსა და ოპოზიციონერებს შორის შეტაკება იმ დროს დაიწყო, რაც დე ფაქტო პარლამენტში რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის განხილვა მიმდინარეობდა. ოპოზიციის მომხრეებმა “პარლამენტის” შენობა დაიკავეს და დღემდე იქ რჩებიან. მხარეებს შორის მოლაპარაკებაც შედგა და წინასწარი ვერსიით ასლან ბჟანი დათანხმდა გადადგომაზე. თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა. მხარეები თითქოს შეთანხმდნენ მთავარ საკითხზე - რომ ბჟანია გადადგებოდა და დაინიშებოდა ვადამდელი “საპრეზიდენტო არჩევნები”. თუმცა, 16 ნოემბერს ბჟანიამ თავისი მოთხოვნები წამოაყენა - იგი გადადგებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციის მხარდამჭერები დატოვებდნენ “სამთავრობო” შენობებს და “პრეზიდენტის” მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გახდებოდა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრი გუნბა. ოპოზიცია თანახმა იყო დაეტოვებინა დაკავებული შენობები, მაგრამ მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა გუნბას კანდიდატურა. ოპოზიციონერი ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ მოვალების შესრულებლად მისი დანიშვნა ფაქტიურად ბჟანიას გუნდის ხელისუფლებაში დარჩენას ნიშნავს და ამის კატეგორიული წინააღმდეგი არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამის სანაცვლოდ მათ წამოაყენეს წინადადება, რომ “პრეზიდენტის” მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნულიყო დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა. ეს კი უკვე ბჟანიასთვის აღმოჩნდა მიუღებელი. 16 ნოემბერს ოპოზიციამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა და ე.წ. პრეზიდენტის სასახლეში საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისა და უხუცესების მონაწილეობით საგანგებო სხდომაც ჩაატარა, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კრიზისი თითქმის ამოიწურა და შესათანხმებელი რჩებოდა მხოლოდ ერთი საკითხი - ვის გადაეცემოდა დროებით ძალაუფლება ბჟანიას გადადგომის შემდეგ. 17 ნოემბერს ალსან ბჟანიამ კიდევ ერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება. მან მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას. მისი თქმით, ყველაფერი მომავალ “საპრეზიდენტო არჩევნებზე” უნდა გადაწყდეს, რომელიც, დე ფაქტო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება”, - განაგრძობს გამოცემა.
“მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყურადღებით მოუსმინონ ჩემს სიტყვებს. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს. არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო, არასანქცირებულ აქციებში. ახლა ეს არ გვჭირდება. ახლა არის დრო, როდესაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე. ის საფრთხეშია და ჩვენი სამშობლო ამ მდგომარეობაში იმ ადამიანების ქმედებების შედეგად აღმოჩნდა, რომლებიც გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ. ჯერ კიდევ არ არის გვიან, ყველაფერის უკან დაბრუნება”, - განაცხადა ბჟანიამ. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, შაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთი არ ერევა აფხაზეთის “შიდა საქმეებში” და იმედოვნებს, რომ შექმნილი კრიზისი, მშვიდობიანად, დიპლომატიის გზით გადაწყდება. ამასთან, ზახაროვამ რუსეთის მოქალაქეების ურჩია, დროებით თავი შეიკავონ აფხაზეთში ჩასვლისგან, ხოლო აფხაზეთში ამჟამად მყოფ რუს ტურისტებს მოუწოდა მოერიდნონ მასობრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას და შეძლებისდაგვარად სწრაფად დატოვონ აფხაზეთის ტერიტორია”, - დასძენს გამოცემა.
“აფხაზეთში კი უკვე მესამე დღეა სრულიად გაურკვეველი სიტუაციაა შექმნილი და ძნელი სათქმელია ვის ხელშია რეალური ძალაუფლება. ბჟანია თავის მომხრეებთან ერთად თავის მშობლიურ სოფელში იმყოფება და ადგილობრივი სკოლის შენობაში მართავს “მთავრობის სხდომებს”. ოპოზიციას კი ერთგვარი ტრიუმვირატი ხელმძღვანელობს - სამი ოპოზიციონერი ლიდერი: ადგურ არძინბა, კან კვარჩია და ლეუან მიქაა. მათ შექმნეს საკოორდინაციო საბჭო, მთავარი რეზიდენცია სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში აქვთ მოწყობილი და აცხადებენ, რომ “რესპუბლიკაში” სიტუაციას აკონტროლებენ. სიტუაცია გაურკვეველია, რადგან ორივე მხარე სხვადასხვა ცნობებს ავრცელებს. მაგალითად, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბჟანიამ დახმარებისათვის არმიას მიმართა და სოხუმში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმით ასაღებად დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს მოსთხოვა რამდენიმე ჯავშნოსანი მანქანა, მაგრამ ამაზე უარი უთხრეს. თუმცა, თავად ბჟანია ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს. მეორეს მხრივ, დე ფაქტო შსს აცხადებს, რომ მათთან მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მოითხოვეს პატიმრობაში მყოფი თავისი ნათესავების გათავისუფლება, რომელიც სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისათვის იხდიან სასჯელს. მაგრამ ამას უკვე ოპოზიცია უარყოფს”, - წერს სტატიის ავტორი.
“რუსულ მედიაში კი უკვე ღიად საუბრობენ, კრემლი “დაიღალა” აფხაზეთით და ალბათ უმჯობესი იქნება რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებმა ერთობლივად გადაწყვიტონ “აფხაზეთის საკითხი”. რუსული გამოცემა “ბლოკნოტის” ცნობით, არსებობს ინსაიდერული ინფორმაცია, რომ ამ დღეებში აფხაზეთის საკითხზე საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა შორის დახურული კონსულტაციაც გაიმართა, სადაც მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებას. ამ შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთი დარჩება რუსულ ორბიტაზე, მაგრამ დაიწყება მისი თანდათანობითი დაახლოება თბილისთან. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთს მოუწევს აფხაზების ინტერესებს ანგარიში გაუწიოს. მისი აზრით, ორივე მხარე აშკარად ელოდება მოსკოვიდან შეტყობინებას, შესაძლოა ვინმეს ჩასვლასაც კი. გამორიცხული არაა ამ დღეებში მოსკოვიდან აფხაზეთში კრემლის ადმინისტრაციიდან ჯგუფი ჩავიდეს და ადგილზე მოილაპარაკონ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“საზოგადოება ბჟანიას მიმართ აქამდეც არ იყო კეთილგანწყობილი და ახლა მით უმეტეს. ასეთი გამოვლინების შემდეგ რუსეთს მისი მხადაჭერა გაუჭირდება. აშკარაა, რომ ეს რატიფიკაცია უკვე ჩავარდა, თუმცა რუსეთს ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან უნდა. ამიტომ, ალბათ ახლა რუსეთისთვის მთავარი იქნება ე.წ. არჩევნების დროულად ჩატარება და არჩევნების შემდეგ ამ საკითზე ხელახალი დაბრუნება. ხოლო აფხაზეთის ოპოზიციის მთავარი მიზანია, რომ რუსეთს დააჯეროს - ნუ გადააყოლებენ აფხაზურ-რუსულ ურთიერთობების ინტერესებს ოლიგარქების ინტერესებს. როგორც ჩანს, იქ პოზიციები გაყოფილია. აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ჰგონია, რომ ბჟანია აფხაზეთში რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ ზოგიერთი რუსი ოლიგარქის პირად ინტერესებს. ანუ ისინი ფიქრობენ, რომ ბჟანიამ ოლიგარქებისგან ფული აიღო, აფხაზეთი ჩააბარა და ჩამოაშორა რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ახლა ლაპარაკი მიმდინარეობს ოპოზიციასა და რუსეთს შორის, რომ ისინი რუსეთის ინტერესების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ მათ არ უნდათ აფხაზეთი ოლიგარქების საჯიჯგნად დარჩეს. რუსეთს მოუწევს ანგარიში გაუწიოს აფხაზეთის საზოგადოებაში არსებულ ამ შიშებს და შეიძლება რაღაც პერიოდით უკან გადაიტანოს ეს ეკონომიკური ინტერესები”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკების შესახებ გავრცელებულ ინფრმაციას, ზაქარეიშვილი ამას ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს. თუმცა, არ იმას გამორიცხავს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის მართლაც მიდიოდეს კონსულტაციები აფხაზეთზე, ოღონდ სხვა მიზნით. “ამ სიტუაციაში რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, იმას “ქართული ოცნება” არ იზამს. საქართველომ ცალსახად და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ანექსიას ახორციელებს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, “ქართულმა ოცნებამ”, რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ყველაფერი გავაკეთეთ, მაქსიმალურად ვეცადეთ ევროკავშირზე და ნატოზე უარი გვეთქვა, გავაკრიტიკეთ საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთი მაინც განაგრძობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს უნდა თქვას საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ იტყვის? რასაკვირველია, არა. მე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს, მაგრამ არა საქართველოსა და აფხაზეთის დაახლოებაზე. მგონია, რომ რუსები იტყუებიან ყურადღების გადასატანად”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა საქართველომ უფრო მეტად დაუთმოს რუსეთს აფხაზეთი, ოღონდ არავითარი აღიარება არ იქნება. მოლაპარაკების საგანი არის, რომ რუსეთი დაჯერებული იყოს, რომ საქართველო არავითარ განცხადებას არ გააკეთებს და არაფერს მოიმოქმედებს, ანუ საქართველო რუსეთს აფხაზეთის ეკონომიკის ათვისებაში ხელს არ შეუშლის. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით მიდის მოლაპარაკებები, რომ თბილისიდან არანაირი წინააღმდეგობები არ დახვდებათ, რათა მოსკოვში მშვიდად იყვნენ. რუსულ მედიაში გაჟონილი ინფორმაცია, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის დახურული შეხვედრები მიმდინარეობს, მიმართულია ყურადღების გადასატანად. თუ გახსოვთ, უამრავი ინფორმაცია იყო, რომლის მიხედვითაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არჩევნებში ოღონდ “ოცნებამ” გაიმარჯვოს და რუსეთი აფხაზეთს საქართველოს დაუთმობსო. ამას ლაპარაკობდნენ აფხაზეთშიც, ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც, მაგრამ რუსეთი გამოვიდა და მკაცრად თქვა, რომ ამას არ აპირებდნენ. ეს ყველაფერიც ყურადღების გადასატანადაა, ან იმ ჟურნალისტების არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს, ვინც ამაზე წერდა”, - დაასკვნის კონფლიქტოლოგი.
ვახტანგ კაპანაძე - “გაძლიერებულ და კარგად მომზადებულ უკრაინას რუსეთი თავს არ დაესხმება"
“უკრაინისთვის ვითარება არასახარბიელოა, ისევე როგორც რუსეთისთვის. საქმე ის არის, რუსებმა ფრონტზე გარღვევა ვერ მოახერხეს (გარღვევა ნიშნავს კონკრეტულ ადგილზე დიდი ძალების შეყვანას და ოპერატიულ სივრცეში, თავდაცვითი ზღუდეების უკან სწრაფ გაჭრას), ამის ნაცვლად რუსებმა გამოდევნა დაიწყეს, თანაც დიდი მსხვერპლის სანაცვლოდ - ძალიან დიდ დროს კარგავენ პატარა დასახლების თუ თავდაცვითი ზღუდის გადასალახად. შესაბამისად, უკრაინას საკმარისი დრო რჩება სხვა თავდაცვითი ზღუდეების მოსამზადებლად. რუსები ძალიან ნელა მიიწევენ წინ. დააკვირდით, რა სახელები ისმის გამუდმებით - ისევ კურახოვო, ლიმანი, პოკროვსკი და ა.შ. პოკროვსკს ვერც მიუახლოვდნენ, კურახოვოსთან ბრძოლებია. რუსეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კურსკის დაბრუნება. პუტინმა რაც არ უნდა აქტიურად ამუშაოს პროპაგანდისტული მანქანა, ე.წ. სპეცოპერაციის წარმატებაზე ვერ ილაპარაკებს, ვიდრე საკუთარი ტერიტორია აქვს დაკარგული. შესაბამისად, უდიდესი მონდომებით ცდილობენ კურსკის დაბრუნებას, პატარა წარმატებაც აქვთ მარცხენა ფლანგზე, მაგრამ მეტად ვეღარ განავითარეს”, - აცხადებს ექსპერტი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ფრონტის ხაზზე ვითარება რთულია, მაგრამ...”
“ძალიან დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ჯერ კურსკს ვერ იბრუნებენ. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რუსებს საკუთარი ტერიტორიის დაბომბვა და მიწასთან გასწორება უწევთ, ეს კი მოსახლეობის განწყობაზე დადებითად არ აისახება... რუსებს ყველაზე დიდი აქცენტი ახლა სწორედ კურახოვოზე აქვთ, დასახლებულ პუნქტზე, რომელიც ჩრდილოეთიდან წყალსაცავს ემიჯნება. რუსები ახლა ცდილობენ წყალსაცავს დასავლეთი ნაპირიდან მოუარონ და ქალაქი ალყაში მოაქციონ. ეს არის მათი ბოლოდროინდელი ტაქტიკა და სხვათა შორის, სწორი გადაწყვეტილებაცაა, თუმცა დროს მოითხოვს. ამასობაში უკრაინელები ნელ-ნელა დატოვებენ ქალაქს. ისინი მარიუპოლის მსგავსად, ალყაში ბოლო ჯარისკაცამდე აღარ ომობენ. რუსების მოქმედებების ხასიათი მეტყველებს, რომ დაიწყეს ახალი ტიპის სადაზვერვო მოიერიშე დანაყოფების პორტირება. ეს არის ახალი, გაძლიერებული და შედარებით მობილური ტანკები და საინჟინრო ჯგუფები, რომლებიც გამაგრებული რაიონებისთვის გამოიყენება. რუსები აშკარად ტრანშეებში, სანგრებში, ასევე შემცირებულ სივრცეებში, ქალაქებში ბრძოლებისთვის ემზადებიან. მართალია, რუსები ცდილობენ სწრაფად მოერგონ ახალ სიტუაციას, მაგრამ ეს სწრაფად არ ხდება და მეეჭვება მოახერხონ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“რაც შეეხება კურსკს, უკრაინელებს კურსკი იმისთვის არ აუღიათ, რომ იქ სამუდამოდ დარჩენილიყვნენ. ეს იყო საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი მანევრი, რომლის მიზანიც რუსული ძალების გადაჯგუფება იყო. ამას გარდა, ერთხანს მიიჩნეოდა, რომ უკრაინელებმა ძალები არასწორად გადაანაწილეს - კურსკში მყოფი ძალების დონბასის მიმართულებაზე გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ კურსკის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინ. დიდი ალბათობით, ტერიტორიების გაცვლაზე დაიწყება საუბარი და უკრაინა კურსკის სანაცვლოდ ხერსონის ან ზაპოროჟიეს ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიას დაიბრუნებს. ე.ი. უკრაინას კურსკი სავაჭროდ სჭირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“კიდევ ერთ საკითხზე მინდა ყურადღების გამახვილება - მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ კორეელი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობას. 50-იანი წლების შემდეგ მათ არ ჰქონიათ საბრძოლო გამოცდილება. შესაბამისად, მათი მზადყოფნა ტექნოლოგიურად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ისიც საკითხავია, ასეთ რთულ და დაძაბულ საომარ ვითარებაში როგორ უნდა მართო საბრძოლო დანაყოფი თარჯიმნის მეშვეობით. თითო ოცეულისთვის თითო თარჯიმანი ხომ მაინც საჭიროა და სად უნდა ნახონ ამდენი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კორეული ისე კარგად ეცოდინება, რომ სამხედროებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური საუბარი თარგმნოს? ჩემი აზრით, კორეელ ჯარისკაცებს გამოიყენებენ საინჟინრო ან ლოჯისტიკურ დანაყოფებად. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ წინა ხაზზე საზარბაზნე ხორცად გაუშვან. სხვათა შორის, ძალიან ხშირია დეზერტირობის ფაქტები კორეელ ჯარისკაცებში”, - მიიჩნევს გენერალ-მაიორი.
“ფრონტის ხაზზე ვითარება ნამდვილად რთულია, მაგრამ არც ისეთი კატასტროფულია, როგორადაც წარმოჩენას ცდილობენ. ამასთან, არანაკლებ რთულ ვითარებაშია რუსეთიც. სხვათა შორის, იმედი გაუცრუვდა მსოფლიო საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ფიქრობდა, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინა რუსეთს ჩაბარდებოდა. ალბათ, ბევრ მათგანს არ ახსოვდა, ან ყურადღება არ მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მიიღო უკრაინამ “ჯაველინები”, რომლებმაც კიევის მიმართულებაზე რუსეთის ლამის ნახევარი სამხედრო ტექნიკა დაწვეს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამერიკა საერთოდ რომ ჩაეხსნას პროცესს, ევროპასაც შეუძლია უკრაინის დახმარება. რუსეთი, რომელიც თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებით სადღაც ბრაზილიასა და იტალიას შორისაა, მთელ ევროპას ვერ აჯობებს. ევროპა კი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთმა უკრაინაში არ გაიმარჯვოს. ცოტა ხნის წინ საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მეოთხე თაობის თვითმფრინავების, მოიერიშე თვითმფრინავ `მირაჟების~ მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება”, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
“ასევე, უმნიშვნელოვანესია სკანდინავიის დახმარება სამხედრო მრეწველობის, ზოგადად სამხედრო პოტენციალის აღდგენის საქმეში. საფრანგეთი და გერმანია ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ უახლოეს მომავალში შეძლონ საკუთარი ქვეყნების და უკრაინის დაცვა რუსული აგრესიისგან... ჩემი აზრით, მოლაპარაკებები ახალი წლიდან დაიწყება. ამიტომ ცდილობს პუტინი მაქსიმალურად მოგებული პოზიციით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ კურსკი ახალ წლამდე დაიბრუნოს. თუმცა ეჭვი მეპარება, ამ ტემპით რუსებმა ეს შეძლონ”, - თვლის კაპანაძე და შეკითხვაზე - “ვაშინგტონ პოსტმა~ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ტრამპმა პუტინთან ტელეფონით ისაუბრა და რუს ლიდერს სთხოვა, უკრაინაში სიტუაცია არ გაამწვავოს”. ამ ცნობას მალევე მოჰყვა კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვის განცხადება, სადაც ამბობს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ყოფილა” - პასუხობს:
“მოლაპარაკება აუცილებლად დაიწყება, ომი არ დასრულდება, მაგრამ ცეცხლი შეწყდება. აქაც კორეის ვარიანტი განვითარდება - მხარეები იმ ტერიტორიაზე დარჩებიან, რომელზეც მოლაპარაკებების მომენტში იქნებიან, და მათ შორის ჩადგება სამშვიდობო კონტინგენტი. კორეაში 50-იანი წლებიდან შეწყდა ცეცხლი, მაგრამ მხარეებს ომის დასრულებაზე ჯერ კიდევ არა აქვთ ხელი მოწერილი, ისევე როგორც თბილისსა და სოხუმს, ასევე ცხინვალს შორის. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ორივე მხარე შეეცდება სამხედრო პოტენციალის აღდგენას. ექსპერტების აზრით, რუსეთს ამისთვის 8-დან 10 წელი სჭირდება. ამავე დროის მონაკვეთში უკრაინას უფრო მეტად შეუძლია სამხედრო პოტენციალის ამაღლება დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში. ხშირად საუბრობენ იმის შესახებაც, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას იმისთვის გამოიყენებს, რომ უკეთესად მოემზადოს და გაძლიერებული რესურსებით შეუტიოს უკრაინას. დიახ, რუსეთი უკრაინას აუცილებლად შეუტევს, თუ დაინახავს, რომ უკრაინის სამხედრო პოტენციალი არ იზრდება. გაძლიერებულ და კარგად მომზადებულ უკრაინას თავს არ დაესხმება. რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრებას. ნატოში გაწევრება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საშუალებაა. თუ ამერიკა უკრაინაში ჯარს შეიყვანს და ამ ქვეყნის უსაფრთხოებას საკუთარ თავზე აიღებს, უკრაინელებისთვის რა მნიშვნელობა ექნება, იქნება თუ არა მათი ქვეყანა ნატოს წევრი?”