შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით, თავისუფალი ვაჭრობის რამდენი ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს? იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? - ერთ მხარს დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია

მათი [ოპონენტების] თქმით, იზოლაციისკენ მივდივართ 12 წელია და ამასობაში, ასოცირებას მოვაწერეთ ხელი, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, თავისუფალი ვაჭრობა მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს აქვს გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2030 წელს, ევროკავშირის წევრობისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა, სწორედ საქართველო იქნება.

„2030 წელი - ეს თარიღი „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხნით ადრე თქვა, ვიდრე ევროკავშირი ამ თარიღს როგორც გარკვეულ ზღვარს იტყოდა ევროპულ კონტექსტში. 2030 ყველას ახსოვს, როდის ითქვა, ჯერ კიდევ 2011 თუ 2012 წელს.

იმიტომ, რომ საქართველოს ეს გრძელვადიანი გეგმა აქვს, 2030 წელს, საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის. რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიღაც ეტაპზე ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა, ჩვენ ამაზე გავლენა არ გვაქვს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი როგორ უნდა გვქონდეს, ადამიანი აქ მიტინგებზე დადის. ამას ხომ ჩვენ ვერაფერს ვუშველით საერთო ჯამში. ამიტომ, ჩვენი ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ ჩვენი განვითარება გვქონდეს, გავუსწროთ ევროკავშირს ეკონომიკური განვითარების ტემპებით. ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს ამ ტემპებით, ინსტიტუციური განვითარებით ვუსწრებთ. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ განვვითარდეთ და ჩვენ როცა განვვითარდებით ეკონომიკურად და ინსტიტუციურად ვიქნებით 2030 წელს იმ დონეზე, რომელზეც ვიქნებით, შეიძლება იქით შეგვეხვეწოს კიდევ ვიღაცამ, რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ ჩვენი თავი, იმიტომ, რომ გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით, თავისუფალი ვაჭრობის რამდენი ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, რომელიც დადებული გვაქვს თუნდაც ჩინეთთან, სხვა ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის დსთ-ის წევრ ქვეყნებთან? იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? ერთ მხარს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია, მათ შორის უვიზო რეჟიმების გაუქმება, იმიტომ, რომ ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, იმას საქართველოში ვერ შემოვუშვებთ ჩვენ. აბა შეხედეთ, ღვინის სექტორს რა მოუვა, ჩვენ დღესვე რომ გავწევრიანდეთ ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა.

ერთის მხრივ, თავად ევროკავშირმა იცის კარგად, როდის არის ქვეყანა მზად გაწევრიანებისთვის და ყველაზე დიდი არაკეთილსინდისიერება არის, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის თუ დიპლომატის განცხადება, რომ ჩვენი კარი ღიაა და აბა, მობრძანდით. ასეთი დამოკიდებულების განჭვრეტა ქართველ ხალხს შეუძლია, ასეთ კარ გაღებულ ნატოსთან ვდგავართ უკვე რამდენი წელია. მეორე, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ იმ მომენტში გავხდეთ ევროკავშირის წევრი, როდესაც მოვიგებთ და არა წავაგებთ და ზიანს მივაყენებთ ჩვენს თავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო