რომან გოცირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს არის ქვეყნის ღალატი - ევროკავშირის დახმარების გარეშე ქვეყანას ელის კატასტროფული მდგომარეობა

ეს არის ქვეყნის ღალატი , - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება კონსტიტუციის დარღვევაა და ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად „დაისჯება“.

„ეს არის ივანიშვილის მიერ საარჩევნო პროგრამის დროს გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადების ოფიციალური გაფორმება მთავრობის მიერ. ეს არის ქვეყნის ღალატი. ფაქტობრივად, უარი განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. კონსტიტუციით ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლებას და პირველ რიგში მთავრობას. კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ყველა ღონე უნდა იხმაროს ხელისუფლებამ ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუ გადაიდგა საწინააღმდეგო ნაბიჯები ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა, რომლის გამოც ეს ხელისუფლება, ირაკლი კობახიძის თამადობით და ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დაისჯება. პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ამ ადამიანების მიმართ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, დასავლური დახმარების გარეშე საქართველოს კატასტროფული მდგომარეობა ელის.

„საქართველოს ეკონომიკას, განსაკუთრებით მის ფინანსებს, განსაკუთრებით ლარს, რომლის სტაბილურობის საფუძველი სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან თუ დასავლეთის სახელმწიფოებიდან მიღებული რეზერვები იყო ისევე როგორც ინვესტიციები ძირითადად დასავლური ხასიათის იყო, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ოდესმე საქართველოში აშენებულა, ესეც დასავლური დახმარებებით და იაფი სესხებით კეთდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ერთი საათიც კი არ უარსებია საერთაშორისო დახმარების გარეშე. ამ დახმარების გარეშე და ამ ეკონომიკური რესურსებით ქვეყანას ელის კატასტროფული მდგომარეობა. რაღაც პატარა კრიზისი რომ შეიქმნას, ვინ მისცემს მთავრობას კურსის თუ ლარის შესანარჩუნებლად 1 დოლარს მაინც? ორბანი მისცემს, ეს უნგრელი ქაჯი, პუტინი მისცემს, თუ ჩინეთი გადმოურიცხავს?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის