საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტების წინაშე ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მოხსენებით - „კლიმატის ცვლილება და ნიადაგის ეროზიისაგან კონტროლი”, წარსდგა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიება მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა გახსნა. როგორც პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ განაცხადა, ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღე 2013 წელს, გაეროს 68-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწესდა.

„ნიადაგის დაბინძურება, ხშირ შემთხვევაში, უხილავია, მაგრამ ის ყველას აზიანებს. 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 9 მილიარდს მიაღწიოს. მოსახლეობის ზრდის პირობებში, ნიადაგი სულ უფრო ბინძურდება. ეს აისახება საკვებზე, რომელსაც ვიღებთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ“, - ეს არის გაეროს ერთ-ერთი განცხადებიდან ამონარიდი. გაერო გვაფრთხილებს, მოვუაროთ ნიადაგს, მიწას, რომელიც გვაცოცხლებს. 2024 წელს ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღის გზავნილია - „ნიადაგზე ზრუნვა: ღონისძიებები, მართვა, მონიტორინგი“. ყოველწლიურად ამ დღის აღნიშვნა ხაზს უსვამს ნიადაგების მდგომარეობის ზუსტ მონაცემებთან ბაზების შექმნის მნიშვნელობას, ნიადაგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების რეგულარულად გატარებას, რაც უმნიშვნელოვანესია არსებული გამოწვევების დასაძლევად და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. მადლობას მოვახსენებ აკადემიკოს გივი გავარდაშვილს აქტუალური და მრავალმხრივ საინტერესო მოხსენებისთვის”, - განაცხადა ნოე ხოზრევანიძე.

აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა თავის მოხსენებაში აქცენტი ნიადაგის დეგრადაციასა და მის უპირველეს მიზეზზე - ეროზიაზე გააკეთა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია; განიხილა ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობა, რაც ითვალისწინებს აგროტექნიკურ და ნიადაგდაცვით ღონისძიებებს, საირიგაციო ფართობების დატერასებას, ეროზიის საწინააღმდეგო ჰიდროტექნიკურ, სატყეო-სამელიორაციო და სხვა ქმედით ღონისძიებებს.

„ნიადაგის რაციონალური მართვა პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასთან, რაც მსოფლიო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კლიმატის ცვლილების ფონზე, მწვავედ დგას ნიადაგის დეგრადაციის საკითხი. სწორედ ამ კონტექსტში, ახალგაზრდა, კვალიფიციური სპეციალისტების ფორმირება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა გივი გავარდაშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი 5 დეკემბერს დაიწყო და 2 დღე გასტანს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა