ადვოკატი - ეს ბავშვები სისასტიკით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და მტკიცებულებების გარეშე ისჯებიან - სასამართლომაც ცხადყო, რომ ის არის არა სასამართლო, არამედ საყასბო

ეს ბავშვები სისასტიკით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და მტკიცებულებების გარეშე ისჯებიან - ეს ადამიანები ტყუილად არიან დაკავებული და სასამართლომაც ცხადყო, რომ ის არის არა სასამართლო, არამედ საყასბო! არის “ტროიკა“ ერთი ადამიანის შემადგენლობით, რომელსაც არც სამართლებრივი და არც მორალური წითელი ხაზი არ გააჩნია! - ეს შეფასება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული გიორგი გიორგაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გააკეთა.

თუთბერიძის ვარაუდით, აღნიშნული საქმე იგივე ტიპის, „კლანის მონა მოსამართლეს დაეწერება, მაგრამ ამგვარი შურისძიება რეჟიმს ვერ გააძლიერებს“.

თუთბერიძის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძირს აცლის ლეგიტიმაციის იმ ნარჩენებს, რაც მართლმსაჯულების სისტემასა და ხელისუფლებას გააჩნია.

„მე ამას პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ვერ დავარქმევ, რადგან ფიზიკურად შუამდგომლობა არ არსებობს. ეს არის ქაღალდზე დაწერილი და შესაბამისი ფორმით ამობეჭდილი პროკურატურის აბდა-უბდა, რასაც შუამდგომლობასთან კავშირი არა აქვს - შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს!

ამ ადამიანებს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან - ზოგს ორგანიზებას, ზოგს მონაწილეობას, თუმცა არის რამდენიმე კომიკური გარემოება, მათ შორის ის, რომ ეს ადამიანები არა თუ არ იცნობენ ერთმანეთს, ერთმანეთთან კომუნიკაციაც კი არ ჰქონიათ. ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეა, რომელსაც ქართული ენა არ ესმის. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რაზეც პასუხი მე ვერ მოვისმინე, ორმა ადამიანმა, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, რა ენაზე შეიძლება ერთობლივი ქმედება დააორგანიზონ? პროკურორმა ამ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა და სამართლებრივი აბსურდი თქვა - ალბათ ეს არის ფარცხალაძის დოქტრინა, რომ არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდეთ. ეს დაახლოებით იგივეა, მე ადამიანის მკვლელობა დავგეგმო, ფურცელზე დავწერო, რომ ვიღაცის მოკვლა მინდა, მერე ეს ადამიანი სხვა პირმა, ვისაც მე საერთოდ არ ვიცნობ, სხვა ქალაქში მოკლას და ორივე ჯგუფური მკვლელობისთვის დაგვიჭირონ. ეს ხომ იურიდიული აბსურდიც აღარ არის.

რაც შეეხება იმ ადამიანებთან დაკავშირებულ ბრალდებას, ვინც “ფეისბუქზე“ ლაივს აკეთებდა, ამბობენ, რომ მათ საჯაროდ გამოხატეს სურვილი და განზრახვა იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდოდათ. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ხელისუფლების ცვლილება უნდა. ბუნებრივია, ამაზე საჯაროდ საუბარი საშიში არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, პასუხისმგებლობას დანაშაულის განზრახვის გამოვლენაც კი არ იწვევს, რაც არის პირველი კურსის პროგრამა. პირველი კურსის კაზუსია - მე რომ ვთქვა, რომ ვიღაცის მოკვლა მინდა, ეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ იწვევს თუ დანაშაული არ ჩავიდინე და თუ დანაშაულის მომზადება ან მომზადების მცდელობა არ არის სახეზე. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მომზადება და მცდელობა სახეზე არ არის. ოფიციალურადაც ამას ამ ადამიანებს არ ედავებიან.

საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს - მტკიცებულებაა ერთი პირის მიერ ჩაწერილი „ლაივი“, დაახლოებით ამ შინაარსით: - მეგობრებო, ხელისუფლება უნდა შევცვალოთ და არის აქციაზე გადაღებული რამდენიმე კადრი, სადაც დაფიქსირებული პირები რეალურად არ ჩანს. არ ჩანს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პირები რაიმე სასწაულს აკეთებენ. ბრალის დადგენილებიდან არ ჩანს თუ რას ედავება პროკურატურა ადამიანებს, რომლებიც დააკავეს და რომლებიც ისჯება. შესაბამის კითხვაზე პროკურორმა ამიხსნა, რომ ამ ადამიანებს ედავებიან ქვის სროლას ზოგადად პოლიციის მიმართულებით, თუმცა არც ზიანი და არც რაიმე შედეგი არ დამდგარა და გარემოზე რაიმე ეფექტი - ვინმე სხვა პირის ნივთზე ან ქონებაზე არ მოუხდენია.

პროკურატურა სიმღერასავით იმეორებს ზოგად თეზისს, რომ თურმე რაღაცები დაზიანდა და სადღაც ხანძარი გაჩნდა, ოღონდ ამას ე.წ. კარწინკისათვის აკეთებენ და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს არ აბრალებენ, რომ ეს ყველაფერი მათ გამოიწვიეს", - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ რვა ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

სამ დაკავებულს, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ხუთ დაკავებულს კი, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ