„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა - საქართველოს საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას, - ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ისინი ერთობლივ განცხადებაში გამოხატავენ სინანულს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - „დროებით გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები“.

„ჩვენ, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სინანულს გამოვხატავთ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დროებით გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და უარი თქვას კავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობისგან დაუცველს ტოვებს. ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ ჩვენს ერთგულებას ხაზს ვუსვამთ“, - აცხადებენ მინისტრები.

საგარეო საქმეთა მინისტრები „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა“ და ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების „მიზანში ამოღებას“ გმობენ.

„ვგმობთ პოლიციის ოპერაციებს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებში, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებას, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრების განცხადებით, აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე დააყენებენ.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას. ვიხსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის დასაწყისიდან განხორციელებულმა ქმედებათა კურსმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და შედეგად, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაუარესება. აღნიშნულ საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ, გარდა ამისა, ჩვენ „ქართული ოცნების“ ქმედებების გავლენას ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზეც განვიხილავთ“, - აცხადებენ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება