შს მინისტრის მოადგილე - მიუღებელია ძალადობა თითოეული ადამიანის მხრიდან, იქნება ეს პოლიციელი, თუ მშვიდობიანი მომიტინგე - შესაბამისი უწყებები გააკეთებენ ყველაფერს, რომ ყველა მოძალადის მიმართ განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები

სამწუხაროდ, მხოლოდ იმ ადამიანების ფოტოსურათები ვრცელდება, ვინც აქციის დროს დაშავდნენ და არ ვრცელდება იმ პოლიციელების [ფოტოსურათები], რომლებიც დღე და ღამე შრომობენ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მშვიდად იცხოვროს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც პოლიციელების მხრიდან ძალადობაა დასაგმობი, ასევე აქციის მონაწილეების მხრიდანაც არის ძალადობა დასაგმობი.

„ამ აქციებს საერთო ჭრილში უნდა შევხედოთ. როცა აქცია-მანიფესტაცია არის მშვიდი ფორმით, გუშინაც და წინა დღეებშიც ხედავდით, რომ საერთოდ არანაირი მოქმედება არ განხორციელებულა ძალის გამოყენების მიმართულებით, არცერთი საპოლიციო ჯგუფი აქციის შეწყვეტის პროცესში არ ჩართულა, პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობდით თითოეულ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეს, რომ მათ თავიანთი პროტესტი მშვიდობიან ფარგლებში გამოეხატათ. თუმცა, როდესაც აქცია ხდება ძალადობრივი, ამ ძალადობას მოჰყვება ის შედეგები, რაც სამწუხაროდ ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი და მიუღებელია ძალადობა თითოეული ადამიანის მხრიდან, ეს იქნება პოლიციელი, თუ მშვიდობიანი მომიტინგე.

სამწუხაროდ, იმ ადამიანების ფოტოსურათები ვრცელდება, ვინც აქციის დროს დაშავდნენ და არ ვრცელდება იმ პოლიციელების [ფოტოსურათები], რომლებიც დღე და ღამე შრომობენ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მშვიდად იცხოვროს. წარმოიდგინეთ, როგორია პოლიციელისთვის, როცა შენს გვერდზე დგას შენი თანამებრძოლი და ამ დროს, მას თავში ქვა ეცემა ან პიროტექნიკა ხვდება. ამ დროს ან ინტენსიურ ცეცხლს უშენს პოლიციელებს აქციის მონაწილე, ეს რომანტიზირებულია და საზოგადოება ხედავს, რომ როგორ კარგად მოიქცა და როგორ აქებენ მის საქციელს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და დასაგმობია, როგორც პოლიციელების მხრიდან ძალადობაა დასაგმობი, ასევე აქციის მონაწილეების მხრიდან არის [ძალადობა] დასაგმობი. ამ შემთხვევაში, ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

მისივე მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც აქციის მიმდინარეობისას მოხდა.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი მხრიდან, რაც გამოსაძიებელია, მოხდეს შესაბამისი რეაგირება, ხოლო შესაბამისი უწყებები გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ყველა მოძალადის მიმართ განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები. მთავარია, რომ საზოგადოება დავმშვიდდეთ, ამ ძალადობას უნდა შევეშვათ. თუ რაიმე გასაპროტესტებელი გვაქვს, გამოვიდეთ და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. პოლიცია გააკეთებს ყველაფერს, რომ თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის უფლება იყოს დაცული და მათ ამის საშუალება მიეცეთ. საზოგადოება ხედავდა, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან ეფექტურად. თუმცა, ძალადობის შემთხვევაში თითოეული ადამიანის მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები“, - განაცხადა დარახველიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის