არჩილ გორდულაძე - ვხედავთ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დაძრწიან და ადამიანებზე ძალადობენ - პოლიცია ცდილობს, როგორმე მათთან კონტაქტში არ შევიდეს, რადგან ისევ და ისევ პროვოკაციის მიზნით არ იქნას გამოყენებული პოლიციელებთან კონტაქტი

რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ კონკრეტული ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ თავიანთი სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, რომ ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ, დაძრწიან ქუჩა-ქუჩა და ადამიანებზე ძალადობენ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გორდულაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ აიკრძალება სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.

გორდულაძის თქმით, პოლიცია „პროვოკაციის აცილების მიზნით ცდილობს ნიღბიან მოქალაქეებთან კონტაქტში არ შევიდეს“.

„ასეთი ადამიანები ბევრნი არიან. პოლიცია ყველაფერს აკეთებს და ცდილობს, რომ როგორმე მათთან კონტაქტში არ შევიდეს, რადგან ისევ და ისევ პროვოკაციის მიზნით არ იქნეს გამოყენებული პოლიციელებთან კონტაქტი. ყველაფერს ცდილობენ, რომ გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად გადაადგილდებიან, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი და დაცული იყოს, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები ვისაც კი ნახავენ, რომ მათ აზრს არ იზიარებენ პირდაპირ შეურაცხყოფებს აყენებენ. სიტყვიერ შეურაცხყოფებთან ერთად გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობებზე და რამდენიმეა ასეთი ფაქტი, როდესაც ადამიანს, რომელიც საერთოდ არ იღებდა მანიფესტაციაში მონაწილეობას, მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცკლასტერის“ აზრებს არ იზიარებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი სახე დამალონ და თავიანთი ბნელი ზრახვები ნიღბების უკან იყოს ამოფარებული. ამიტომაც თითოეულს, თუ ვინმეს რამეს გაპროტესტება უნდა, გააპროტესტოს და საერთოდ არ არის საჭირო ნიღბების გამოყენება. რაში უნდა დასჭირდეს მომიტინგეს ნიღბის გამოყენება თუ იგი კანონის დარღვევას არ აპირებს. თუ იგი მშვიდობიანად დგას და თავის აზრს აფიქსირებს, რაში სჭირდება ნიღაბი? ნიღბებს ხომ რეალურად ის დანიშნულება აქვს რომ საკუთარი სახეები დამალონ და როდესაც კანონს დაარღვევენ, სამართალდამცავებს გაუჭირდეს ამ ადამიანების იდენტიფიცირება. ეს საშუალება მათ ექნებათ მოსპობილი და თუ ვინმეს დარჩება სურვილი, რომ მიტინგში მიიღოს მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ მათ კანონის დარღვევისთვის ერთი საშუალება ექნებათ ხელიდან გამოცლილი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის