ლევან იოსელიანი - ჩვენი შეფასებითაც, საკანი, სადაც საბა სხვიტარიძე იმყოფება, არ შეესაბამებოდა სტანდარტს, მივაწოდეთ ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებას და მოვთხოვეთ რეაგირება, რომ ის გადაიყვანონ სხვა საკანში

ფაქტობრივი ტყუილია, თითქოს მე სპეცრაზმელებთან დაკავშირებით პოზიციას არ ვაფიქსირებ - როდესაც 10 დღის განმავლობაში, ყველა [განცხადება] მიემართებოდა პოლიციის თანამშრომლებს, სპეცრაზმელებს, ასევე, მათ მიერ ძალის გადამეტების ფაქტებს, ცემის ფაქტებს და სწორედ, ამაზე იყო ყველა ჩვენი განცხადება გაკეთებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, მისი მანდატის ფარგლებში მოითხოვა, რომ აქციების დროს მომხდარ ფაქტებზე შესაბამის უწყებებს „სასწრაფოდ რეაგირება ჰქონდეთ“.

„გურამ როგავას ცემის ფაქტი და ყველა სხვა ფაქტი, ჩემს მიერ უმკაცრესად შეფასდა. არა მარტო დაგმობილი, არამედ შეფასებული [იყო]. ჩემი მანდატის ფარგლებში მოვითხოვე, რომ ამ ყველაფერზე სასწრაფოდ რეაგირება მოხდეს. ასე რომ, ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას და ჩემს გამოთქმას, რომელმაც შეიძლება კითხვის ნიშანი მაინც გააჩინოს“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე განმარტებით, აქციაზე ყოველთვის შეიძლება იყოს აგრესიული ჯგუფი, რომელმაც შეიძლება პროვოკაცია მოაწყოს ან თვითონ იყოს ზედმეტად ეგზალტირებული, რის გამოც არ შეიძლება, რომ მთელ აქციას დაშლის საფრთხე დაემუქროს.

„პოლიციელებზე არასწორია ფოიერვერკის სროლა, ასევე, შენობისთვის ცეცხლის წაკიდება. ეს ცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, მაგრამ ამ პირობებში პოლიციამ უნდა იმოქმედოს ინდივიდუალურად. ეს ადამიანები დაკავებულები, განეიტრალებულები უნდა იყვნენ და მთელი აქცია არ უნდა დაიშალოს. მაგალითად: როცა ჭიჭინაძის ქუჩაზე რაიმე ხდება, ადამიანი, რომელიც დგას თავისუფლების მოედნის მეტროსთან, საერთოდ არ იცის, რა ხდება, ამ დროს აქციის დაშლა იწყება“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ამასთან, სახალხო დამცველის განმარტებით, აქციაზე დაკავებულების ნაწილი აცხადებს, რომ სამართალდამცველების მხრიდან მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის ე.წ. სამარშრუტო მანქანებში ხდებოდა.

„225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობის შესახებ. არასათანადო მოპყრობაში ცემაც იგულისხმება, ნაწილი მათგანი ამბობს, რომ ეს ხდებოდა პოლიციის ე.წ. სამარშრუტო მანქანებში. უფრო მეტი ამბობს, რომ ეს ხდებოდა დაკავების დროს, მაგრამ ნაწილი მიუთითებს გადაყვანისას სამარშრუტო მანქანებში [ხდებოდა], რის შესახებაც ჩვენ ოქმები გვაქვს შედგენილი და ყველა ეს ოქმი გადაგზავნილი გვაქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. თუ ვის ეკუთვნის ეს მანქანები? - სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არა მგონია ეს მანქანები სხვისი საკუთრება იყოს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, ის პირებიც მოინახულეს, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებული. იოსელიანის თქმით, აპარატი მათი დაკავების გარემოებებს, ასევე ციხეში მათი ყოფნის პირობებს იკვლევს.

„ჩვენ ვმუშაობთ ყველა სისხლის სამართლის წესით დაკავებულის საქმეზე, ამ დროისთვის, მოვინახულეთ ოცი მათგანი, რა თქმა უნდა, სხვა პირებსაც მოვინახულებთ. მათი დაკავების გარემოებებს, ასევე ციხეში მათი ყოფნის პირობებს ვიკვლევთ, იმიტომ, რომ რამდენიმე მათგანმა მიუთითა, რომ არასათანადო პირობებში იყვნენ და ა.შ. ამ ყველაფერზე ჩვენ ინფორმაცია გვაქვს. შესაბამისად, ვმუშაობთ პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომ ასეთ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ“, - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, მისი თქმით, დაინტერესდა საბა სხვიტარიძის საქმით, რომლის ადვოკატიც აცხადებდა, რომ სხვიტარიძე სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, რუსთავის განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს და საკანში არის ანტისანიტარია.

„ჩემი წარმომადგენელი მასთან შესული იყო და ნახა მისი საკანი, სადაც ის იმყოფებოდა. ჩვენი შეფასებითაც, [საკანი] არ შეესაბამებოდა სტანდარტს და ამასთან დაკავშირებით მივაწოდეთ [ინფორმაცია] პენიტენციურ დაწესებულებას და მოვთხოვეთ რეაგირება, რომ ის გადაიყვანონ სხვა საკანში. ის გარემოება, რაზეც ის მიუთითებდა ჩვენ გამოვიკვლიეთ და ეს ნამდვილად ასე დაგვხვდა“, - განმარტა იოსელიანმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ