პარლამენტმა პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო.

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტს უკავშირდება.

კერძოდ, საკითხი ეხება სკოლების და სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების გადაყვანას სახაზინო მომსახურებაზე.

„კანონპროექტს, რომელსაც დაჩქარებული წესით იხილავს პარლამენტი, პირველი მოსმენით მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, რომლითაც რეგულირდება დელეგატის ბიუროს საკითხი.

დელეგატებს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, რეგიონებში იგივე რესურსი ექნებათ, რაც ჰქონდათ მაჟორიტარ დეპუტატებს.

რეგულაცია ასევე შეეხება მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და მეგობრობის ჯგუფებში კვოტირების საკითხს.

კანონპროექტს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება საჯარო სამსახურის სფეროში.

მანამდე კი, საჯარო სამსახურის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებები შემოდის პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების მარეგულირებელ დანაწესსა და საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის კანონით დადგენილ წესში.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რეგლამენტის კიდევ ერთი პროექტი კი პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობას ამ მოწვევის პარლამენტშიც ითვალისწინებს.

თუ ერთი პარტიული სიით შესული, პარლამენტის არანაკლებ 7 წევრი პარტიას დატოვებს, მათ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.

კანონპროექტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 86 ხმით, მიიღო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილებათა პროექტი, რომელსაც პარლამენტი ასევე, დაჩქარებული წესით იხილავს.

კანონმდებლებმა 88 ხმით, მხარი დაუჭირეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებათა პროექტს თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

ცვლილებებით რეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება, იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს მხარი პარლამენტის 83-მა წევრმა დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია.

პარლამენტმა ასევე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და 88 ხმით, მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში აღდგენილი იქნება 2017 წლის მდგომარეობით არსებული დებულებები.

საკითხი ეხება თვითმმართველი თემის საკრებულოს დაკომპლექტებას როგორც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისგან, ასევე, შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შედის, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისაგან.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტების საბოლოოდ მიღებას მიმდინარე სასესიო კვირას გეგმავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში