კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება.

როგორც კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, შაბათს მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები.

„როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთველის, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები.

რაც შეეხება უშუალოდ რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები“, - აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე გადაიდგმება.

„მინდა გითხრათ, რომ თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ლამაზი, საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა. რა თქმა უნდა, პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან, ამისთვის ყველა პირობა შექმნილი იქნება. სამწუხაროდ, არიან გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობდნენ. თუმცა მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და გითხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ერთად ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ ჩვენი სამშობლოს გამარჯვებები. ყველას გელოდებით შაბათს, 14 დეკემბერს საღამოს 19:00 საათზე. შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და რაც მთავარია აუცილებლად თბილად ჩაიცვით“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო