კინემატოგრაფისტები - ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან და ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო საშიშ და სასტიკ ფორმებს იძენს

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან და ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო საშიშ და სასტიკ ფორმებს იძენს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას კინოაკადემიის წევრები ავრცელებენ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კინემატოგრაფისტები გმობენ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობასა და რიგ შემთხვევაში ადამიანის დაცვაზე უარის თქმას, რაც, მათი შეფასებით, ხელს უწყობს კრიმინალური დაჯგუფებების წახალისებას.

კინოაკადემიის წევრები ითხოვენ აქციის ყველა დაკავებული მონაწილის უპირობოდ გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს.

“ჩვენ, საქართველოს კინოაკადემიის წევრები და კინემატოგრაფისტები, ვეფუძნებით რა საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ დემოკრატიულ ღირებულებებს, ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან და ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო საშიშ და სასტიკ ფორმებს იძენს.

"ქართული ოცნება" არ აღიარებს შექმნილ კრიზისს და მისი ქმედება, პირიქით, ესკალაციისკენ არის მიმართული.

მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, ამიტომ:

ვგმობთ "ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის კონსტიტუციურად განსაზღვრული კურსიდან გადახვევას და ხალხის ნების უგულებელყოფას.

ვემიჯნებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივ ქმედებას, უკანონო დაკავებასა და წამებას.

ვგმობთ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას და რიგ შემთხვევაში სამსახურებრივ მოვალეობაზე - ადამიანის დაცვაზე - უარის თქმას, რაც ხელს უწყობს კრიმინალური დაჯგუფებების წახალისებას.

ამის გათვალისწინებით, ვგრძნობთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და აუცილებლობას გამოვუცხადოთ სოლიდარობა:

ყველა უკანონოდ დაკავებულს.

იმ ადამიანებს, ვისაც ფიზიკურად უსწორდებიან, სახლში უვარდებიან, ქუჩაში აკავებენ და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.

ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს იქცა ძალადობის მსხვერპლად.

ყველა ჩვენს კოლეგას, რომელიც ძალადობისა და დევნის ობიექტი გახდა.

ვითხოვთ:

ყველა უკანონოდ დაკავებულის უპირობოდ და დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.

ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 500-ზე მეტი კინემატოგრაფისტი აწერს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო