ესპანეთის საგარეო უწყება - სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს - დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის

ესპანეთმა სრულიად დაუჭირა მხარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის მადლობას უხდის 5 ქვეყანას - უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს.

ესპანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ დეზინფორმაცია საფრთხეა დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება.

"ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებსა და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შევეწინააღმდეგებით", - ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას - უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი, რომლებმაც " ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე". მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა "უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა".

„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს.

„შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ