ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მარიონეტი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის ღალატისთვის. ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს (როგორც ევროპარლამენტმა მოუწოდა), რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში,” - წერს კოლსი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".
ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის".
„ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.