ბადრი ჯაფარიძე - ივანიშვილი არ არის კობახიძე, მას კარგად ესმის, რას ნიშნავს ეს სანქციები - მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ჰქონდა ზომები, აქტივები მაქსიმალურად იყოს ჩამალული, ისიც კარგად ესმის, რომ აშშ-მა თუ მოინდომა, კვალს მიაგნებს

მე არ მაქვს არანაირი ილუზია, რომ ხვალ ივანიშვილი გახდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და გაუშვებს ინსტიტუციების კონტროლს ხელიდან, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაფარიძის შეფასებით, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გამოსაფხიზლებელი ნაბიჯი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ უფრო მძიმე ნაბიჯებიც იქნება მოსალოდნელი.

„ეს ის ჯილდოა, რომელსაც ძალიან მყრალი სუნი ასდის. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია სრული მასშტაბით. ვფიქრობ, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ივანიშვილს გააცნობიერებინებს, რომ მას მისი 7 მილიარდი შეიძლება გაუნულდეს, ამიტომ, მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ან უნდა გაუშვას მარწუხები ამ ქვეყანას, რომელშიც მოაქცია ქვეყანა და ინსტიტუციები.

ამ ხალხს, რომელიც დღეს ქუჩაშია, არაფერი სურთ გარდა იმისა, რომ ეს ქვეყანა ცხოვრობდეს ნორმალური დემოკრატიული კანონებით და კანონის უზენაესობა იყოს, სხვა არაფერი არ სურს ამ ხალხს. ამ ადამიანებს სურთ, რომ სასამართლო სასამართლობდეს, პროკურატურა პროკურატურობდეს, პოლიცია თავის ფუნქციას ასრულებდეს. მათ არ სურთ, რომ პროკურატურა, სასამართლო და პოლიცია ასრულებდეს ერთი ადამიანის დავალებას, აქ რამე განსაკუთრებული მოთხოვნაა? - არაფერი. უნდათ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი და არა მიტაცებული სახელმწიფოსი, შესაბამისად, ისინი გააგრძელებენ ამ მშვიდობიან პროტესტს.

ბიძინა ივანიშვილი ამ სანქციებით უკვე იხდის ძალიან დიდ საფასურს, მაგრამ მან შეიძლება გადაიხადოს კიდევ უფრო მეტი. ცხადია, რომ მას ჰქონდა გარკვეული ზომები მიღებული იმისათვის, რომ დოლარში არ ჰქონოდა აქტივები და ის “ოფშორების” კანონიც მაგიტომ შემოიტანა, რომ ძვირიანი ნახატები შემოტანისას არ გადაეხადა არანაირი ბეგარა. მაგრამ, მინდა შეგახსენოთ, რომ სანქცირებული ადამიანი ვერც ერთ ნახატს ვერ გაყიდის.

ბიძინა ივანიშვილი არ არის კობახიძე, მას კარგად ესმის, რას ნიშნავს ეს სანქციები მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას მიღებული ჰქონდა ზომები იმისთვის, რომ აქტივები მაქსიმალურად იყოს ჩამალული და მათი კვალი ძნელი მისაგნები იყოს, ისიც კარგად ესმის, რომ შეერთებულმა შტატებმა თუ მოინდომა, კვალს მიაგნებს.

ეს უფრო არის გამოსაფხიზლებელი ნაბიჯი. ჩვენ ვნახეთ ჯო უილსონის განცხადება, რომ ძალიან მძიმე ნაბიჯები იქნება.

მე არ მაქვს არანაირი ილუზია, რომ ხვალ ივანიშვილი გახდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და გაუშვებს ინსტიტუციების კონტროლს ხელიდან.

ეს ხალხი ქუჩაში იდგება მანამ, სანამ არ დაიბრუნებს არჩევნების უფლებას. ისინი არჩევნების უფლებისთვის იბრძვიან, რომ არჩევნებს, როგორც ინსტიტუციას, არ დაეკარგოს ფასი საბოლოოდ”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის".

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა