სირცხვილია, როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ როცა ასეთ გზაზე დადგება ადამიანი, იქ მერე უკვე მას სირცხვილის გრძნობა აღარ აქვს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალა პაპუაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებას.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არის იმის დასტური, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა.
„ეს ხომ ღია მხილება არის, თუ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა. ეს არის ის სტანდარტული გზა, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან. შეგახსენებთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავიდა, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მკვლევარის სტატუსი მისცეს. რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, ჩვენ გვახსოვს, თუ რა როლი ჰქონდა მას იმ არეულობებში, რომელიც საქართველოში ორგანიზდებოდა. გახსოვთ მათ მიერ დაწერილი პირდაპირი სცენარი, ქალბატონი ლორა თორნთონის, რომელიც პირდაპირ წერდა, რომ არჩევნები რომ ჩატარდება და აღიარებენ დამკვირვებლები, მაინც იქნება პროტესტი და ამ პროტესტს მხარი უნდა დავუჭიროთო. შემდეგ გახსოვთ როგორი იმედგაცრუებული და გაკვირვებული იყო ქალბატონი ლორა თორნთონი, მსხვერპლით როგორ არ დასრულდა ეს ძალადობრივი აქციებიო. საერთო ჯამში, ეს არის კიდევ ერთი მხილება, რასთან გვაქვს საქმე. უბრალოდ, სირცხვილია, როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ როცა ასეთ გზაზე დადგება ადამიანი, იქ მერე უკვე მას სირცხვილის გრძნობა აღარ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, "ეუთო/ოდირის დასკვნით, ქალბატონი სალომე მხილებულია ტყუილებში". როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სტატუსი აღარ აქვს, ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც ჭორები დათესა.
„ზოგადად, ყველას მოვუწოდებ პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს, ეს არის დემოკრატია. ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, უნდათ დემოკრატია? თუ უნდათ, რომ გარედან როგორც ეტყვიან, ისე მოიქცნენ. დემოკრატია და არჩევნები შედგა 26 ოქტომბერს. ეუთო/ოდირის დასკვნით, ქალბატონი სალომე მხილებულია ტყუილებში. ქალბატონმა სალომემ მოიტყუა, თითქოს ეს რუსული სპეცოპერაცია იყო. ამის თაობაზე ეუთო/ოდირს არცერთი სიტყვა არ უთქვამს. ქალბატონმა სალომემ მოიტყუა, თითქოს ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ აძლევდნენ ხმას. ეს 17 საიდან მოიტანა კიდევ ცალკე საკითხია, აბსოლუტური ტყუილია. პრეზიდენტის რანგში თქვა მან ეს და ამაში ამხილა ეუთო/ოდირის დასკვნამ. ქალბატონმა სალომემ მოიტყუა, თითქოს იყო მელნის გაჟონვა და ფარულობის დარღვევა. ეუთო/ოდირმა ამ ყველაფერში ამხილა. დღეს ქალბატონ სალომეს უკვე პრეზიდენტის სტატუსი აღარ აქვს და არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც აი, ეს დათესა, რომელ ჭორები დათესა, რომელიც გუშინ მაკრონმა გაიმეორა. პირველი, რაც მან უნდა გააკეთოს, ხმამაღალი საუბრის ნაცვლად, პასუხი გაგვცეს იმ ტყუილებზე, რომელზეც მან ისაუბრა. პასუხი გაგვცეს, სად იყო რუსული ჩარევა, პასუხი გაგვცეს, სად იყო ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემა და ა.შ. ეს რომ იკადრა საერთოდ პრეზიდენტის რანგში მყოფმა ადამიანმა, შემოიარა 50 ტელევიზია და ქართველ ხალხს აბრალებდა, თქვენ 26 ოქტომბერს კი არ გამოხვედით და არჩევანი კი არ გააკეთეთ, ვიღაც, საიდანღაც ჩამოფრინდა და მანიპულაცია ჩაატარა. უპირველეს ყოვლისა, ამ ტყუილისთვის ქართველ ხალხს გასცეს პასუხი. ქართველი ხალხის პასუხი მას უკვე დიდი ხანია მიღებული აქვს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.