მიხაილ როთი - ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება, ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის - ყველას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რათა ნდობა აღვადგინოთ

ჩვენ ყველას ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რათა ნდობა აღვადგინოთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის „სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას“ შორის.

„ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება, მაგრამ ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არ არის შიდა დავა მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთგული ევროპელები საფრანგეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, ვალდებულები ვართ ხმა ავიმაღლოთ, როცა დემოკრატია და თავისუფლება ზეწოლის ქვეშ არის. ასე რომ, მმართველი პარტიისთვის ჩემი გზავნილი მკაფიოა, ამ სიტუაციის დაძლევის ერთადერთი შანსი, გაყალბებული არჩევნებისა და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახალი არჩევნებია. ჩვენ ყველას ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რათა ნდობა აღვადგინოთ“, - განაცხადა მიხაილ როთმა.

მისი თქმით, საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიესალმება.

„ინდივიდუალურ სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დარღვევებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნების გაყალბებასა და კონსტიტუციის დარღვევაზე, ნამდვილად ვაფასებ. ევროკავშირში ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს მოვუწოდებ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგომა გააგრძელონ. ოპოზიციასთან საუბრის შემდეგ მადლობელი ვარ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანებულია ახალი არჩევნების, თავისუფალი არჩევნების, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის გამოხატვისას, რათა ევროპის გულში ამ შესანიშნავი ქვეყნის მომავლის შესახებ ხალხს სიტყვის თქმის უფლება ჰქონდეს“, - აღნიშნა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო