საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ ევროპული ორგანიზაცია Stars4media-სთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანია ბრიუსელში საერთაშორისო ბიუროს შექმნა, სადაც ჟურნალისტებს საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან საერთაშორისო მენტორების მეთვალყურეობითა და დახმარებით ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ევროკავშირსა და NATO-სთან დაკავშირებულ საკითხებზე.
Maison du MédiaLab-ის მიერ პროგრამისთვის შერჩეულ ჟურნალისტთა შორის არის „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბექა ბერიაშვილი.
პროექტი მიზნად ისახავს ბრიუსელში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კორესპონდენტების რაოდენობის გასამმაგებას, რაც გააძლიერებს ევროკავშირსა და NATO-სთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გაშუქებას.
მედიაპროექტი ოფიციალურად 14 იანვარს კონფერენციით STARS4MEDIA Day XI: Democracy & Maison du MediaLab გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპული სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები, ბრიუსელის ცნობილი მედიასაშუალებების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის იყო ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, რომელმაც საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობასა და მედიის როლს გაუსვა ხაზი.
„დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. როგორც ყოფილმა ჟურნალისტმა, მე ვიცი, რამდენად რთულია სიცრუის წინააღმდეგ ფაქტების დაპირისპირება. აქ ჟურნალისტების როლი შეუცვლელია. თქვენ გაქვთ ძალაუფლება დაადგინოთ ფაქტები და გადააქციოთ ჩვენი კავშირის სირთულე ისტორიებად“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
პროექტის დამფუძნებელმა კრისტოფ ლეკლერკმა სიტყვით გამოსვლისას პროექტის მნიშვნელობასა და აღმოსავლეთ ევროპაში ევროკავშირისა და ნატოს საკითხების გაშუქების აქტუალურობაზე ისაუბრა.
„აღმოსავლეთ ევროპის დაახლოება ევროკავშირთან და ნატოსთან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ საზოგადოება გაიაზრებს პროცესებს, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში. ნიჭიერ ჟურნალისტებს სურთ გახდნენ კორესპონდენტები ბრიუსელში. ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად, ჩვენ მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა მსხვილი მედიაინსტიტუციები. მედიის პროექტი საჭიროებს მეტ მხარდაჭერას“, - აღნიშნა კრისტოფ ლეკლერკმა.
პროგრამა ინდივიდუალური შემოწირულობებითა და სპონსორებით ფინანსდება.