შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს პროევროპული ძალების მხარდაჭერას გავაგრძელებთ - ჩვენ რუსული გავლენის არსებობის შესახებ კარგად ვიცით

საქართველოს პროევროპული ძალების მხარდაჭერას გავაგრძელებთ - ჩვენ რუსული გავლენის არსებობის შესახებ კარგად ვიცით, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა ქვეყნის პარლამენტში (რიქსდაგი) საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

„2024 წლის ოქტომბერში მთავრობამ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ხელისუფლებასთან დარჩენილი პირდაპირი თანამშრომლობის შეჩერება დაავალა. ნაცვლად ამისა, შვედეთმა 2024 წელს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა 25 მილიონი შვედური კრონით გაზარდა. ასევე, ნორდიკულმა-ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც ხელისუფლებას ეუთო-ს რეკომენდაციების შესრულებისკენ და აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვისკენ მოვუწოდეთ“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, შვედეთი საქართველოში პროევროპული ძალების მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ჩვენ საქართველოში დემოკრატიული ძალების მხარდასაჭერად საუკეთესო გზების პოვნას მუდმივად ვცდილობთ. კარგად ვიცით რუსული გავლენის არსებობის შესახებ და ეს გასათვალისწინებელია. ამაზე ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ და საქართველოს პროევროპული ძალების მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა მარია მალმერ სტენერგარდმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში შესაძლო ვიზიტების შესახებაც ისაუბრა.

„28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე არ დაიწყებს იმაზე მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი ზომების განხორციელების ჭეშმარიტი სურვილი არ აქვს. რაც შეეხება საქართველოში შესაძლო ვიზიტებს, საჭიროა კარგად დაფიქრება იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდეს მსგავსი ვიზიტები, „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მინიჭების რისკის გამო“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ