ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - რის გამოც მზია ამაღლობელი დააპატიმრეს, არ არის ისეთი მოქმედება, რაზეც აუცილებლად უნდა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისგება - აუცილებელია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოაწყოს ფართო დისკუსია

რის გამოც მზია ამაღლობელი დააპატიმრეს, არ არის ისეთი მოქმედება, რომელზეც აუცილებლად უნდა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისგება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, აუცილებელია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოაწყოს ფართო დისკუსია, სადაც აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება.

"მზია ამაღლობელის დაკავება, ჩემი შეფასებით, არის უსამართლობა. თავი რომ დავანებოთ სამართლებრივ საკითხებს, სახალხო დამცველმაც გამოაქვეყნა თავისი სასამართლოს მეგობრის პოზიცია, რომლითაც მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და იქ საუბრობს, რომ არ არის დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამის შესახებ საზოგადოებაში ორი აზრი არსებობს - ვიღაცა მიიჩნევს, რომ ეს არის თავდასხმა პოლიციელზე და აუცილებელია, 2011 წელს მიღებული ძალიან მკაცრი კანონით გასამართლდეს ის, ვიღაც კი ფიქრობს (მათ შორის, მეც), რომ ეს არ არის ისეთი მოქმედება, რომელზეც აუცილებლად უნდა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისგება.

შესაბამისად, როდესაც ასეთი საკითხები არის საზოგადოებაში განსჯის თემა, აუცილებელია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოაწყოს ფართო დისკუსია, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, ვინ როგორ აფასებს მომხდარს. აუცილებლად უნდა მოხდეს სამართლის სპეციალისტების ჩართულობით, საზოგადოების ჩართულობით იმისთვის, რომ საზოგადოება შევთანხმდეთ - რა შეიძლება და რა - არა, რა მოქმედებას როგორი კვალიფიკაცია შეიძლება მივცეთ, იქნებ ამ კანონში ცვლილებებია შესატანი, გასაუქმებელია თუ სხვა რამ არის მოსაფიქრებელი.

აუცილებელია, საზოგადოებამ ამის შესახებ იმსჯელოს. სამწუხაროდ, ამაზე ფართო დისკუსია არ არის და ის ადგილი, სადაც ამაზე ფართო დისკუსია უნდა იყოს, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამიტომ ვდგავარ აქ, რომ აუცილებლად მიმაჩნია და ვეთანხმები იმას, რომ ეს მოთხოვნა უნდა იყოს გაჟღერებული ამ ინსტიტუციის მიერ", - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს, სადაც მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის გათავისუფლებასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დროის დათმობას ითხოვენ. მათი განცხადებით, ისინი არ აპირებენ წასვლას, სანამ პირდაპირი ეთერი არ დაეთმობათ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ