გაეროს ექსპერტები - საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განზრახ ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოველით, უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ

საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა გამოიძიოს, - ამის შესახებ განცხადებას გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. ანგარიში ადამიანის უფლებებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაა მომზადებული.

„მივიღეთ ცნობები საქართველოში სამართალდამცავებისა და უნიფორმების ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არმქონე პირების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარების, დაშინებისა და შურისძიების შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.

დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ბრალდებების მასშტაბი და დემონსტრანტებისთვისა და მოგვიანებით დაკავებული პირებისთვის მოყენებული დაზიანებების სიმძიმე შესაძლებელია კვალიფიცირდეს როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და დასჯა.

„ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს შესაძლოა არ ყოფილიყო ცალკე ინციდენტები და მართულ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებდეს...

შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ბევრ დაკავებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დიდი ხნით და განმეორებით სცემეს, გაუპატიურებით ან სხეულის ნაწილების მოტეხით დაემუქრნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს“ - ნათქვამია ანგარიშში.

დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო თვეებში მომხდარი მოვლენების გამოძიება დაიწყო, თუმცა "დღემდე გამოძიებას არანაირი შედეგი არ დაუდია, ხოლო ბევრი დემონსტრანტი პატიმრობაში რჩება".

"ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს ოფიციალური პირებისგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოველით, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს და სამედიცინო დახმარება უნდა მიეწოდოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება