საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „სტუდენტი სტუდენტისთვის“, პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი წარმატებული პროექტის - „სტუდენტი სტუდენტისთვის“, პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტს ახორციელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და იგი მოიცავს ლექციათა კურსს, რომელსაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები უკითხავენ ბაკალავრიატის სტუდენტებს.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, უნივერსიტეტი, სტუდენტების სასწავლო პროცესში მეტად ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის „სტუდენტი სტუდენტისთვის“ ერთ-ერთი გამორჩეულია.

„პროექტი „სტუდენტი სტუდენტისთვის“ ერთი წელია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ხუთი ლექცია ჩატარდა. ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ლექციათა ციკლი, რომელსაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ატარებენ, მოიცავს გამომთვლელი მანქანების (კომპიუტერების) საშუალებით ინფორმაციის დამუშავების, კომპიუტერის არქიტექტურის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა უახლეს საკითხებს. სასიხარულოა, რომ პროექტმა სტუდენტთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. მეორე და მესამე საფეხურის სტუდენტებისთვის პროექტი გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობაა. მეტი კომუნიკაცია, მეტი განათლება, მეტი დისკუსია, კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ახლის ძიება, ძველის გადამუშავება - ესაა შედეგი, რომელზედაც გავდივართ. წარმატებებს ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს“, - აცხადებს დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის - „სტუდენტი სტუდენტისთვის“, ფარგლებში სტუდენტმა რაფაელ კალანდაძემ გამართა სემინარები ხელოვნური ინტელექტისა და ბიო-სამედიცინო ინჟინერთა კლუბებისთვის მანქანურ სწავლებასა და მონაცემთა ანალიზში.

„ასევე, სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში წარმოადგინა მოხსენება - "გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მცირე რესურსიანი ენებისთვის", ავტორმა გააკეთა პრეზენტაცია პირველი ქართული ენობრივი მოდელის შექმნის შესახებ, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს ქართული ენისთვის. დოქტორანტმა ალექსი კობაიძემ წაიკითხა ლექცია - "Lidar სენსორი და ხელოვნური ინტელექტი". ლევან ბაბუხადიამ „ხელოვნური ინტელექტი და მისი სამომავლო რისკები", ხოლო გიორგი გელაშვილმა „კომპიუტერული არქიტექტურის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და საფუძვლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის