ევროკავშირის ელჩი - დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს, ეს მიუღებელია - ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული

დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს. ეს მიუღებელია. იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის, ეს არ უნდა ხდებოდეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰერჩინსკიმ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე და აღნიშნა, რომ მზია სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა.

ელჩის თქმით, ისინი ღელავენ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აგრძელებენ მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.

“პატივცემულო ელჩებო, დიპლომატიური კორპუსის წევრებო, მედიამენეჯერებო, ჟურნალისტებო და მეგობრებო

ჩემთვის დიდი პატივია და, ასევე, სასიამოვნოა, რომ შესაძლებლობა მაქვს მოგესალმოთ ყველას და ერთად ვიზეიმოთ ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მეცამეტე დაჯილდოება. ეს არამარტო დაჯილდოების ცერემონიაა, არამედ იმ ფუნდამენტური როლის აღნიშვნაა, რომელსაც ჟურნალისტები ასრულებენ დემოკრატიის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების დაცვის და საზოგადოებამდე სიმართლის მიტანის საქმეში.

თუმცა, თვალს ვერ დავხუჭავთ იმ თვალშისაცემ რეალობაზე, რომლის ფონზეც მიმდინარეობს დღევანდელი ცერემონია. ჟურნალისტებისთვის საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალზე მძიმეა. გარემო სულ უფრო მტრულია; მუქარა და ძალადობა, რომელსაც ისინი ყოველდღე აწყდებიან, იმატებს. დღეს ზეიმის დრო არ არის, თუმცა სწორედ ასეთ დროს უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე ჩვენი ვალდებულების წინაშე - პატივი ვცეთ და დავიცვათ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.

ყველანი ვხედავთ, როგორ სწრაფად და შემაშფოთებლად უარესდება მედიის თავისუფლება საქართველოში. ჟურნალისტებს აშინებენ, სცემენ და აპატიმრებენ. რა დანაშაულისთვის? სიმართლის თქმისთვის. იმისთვის, რომ ახმოვანებენ მათ სათქმელს, ვინც უკვე გააჩუმეს; იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ამხელენ; რომ დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენენ.

დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს. ეს მიუღებელია. იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის, ეს არ უნდა ხდებოდეს.

ამ რთულ დროს, უნდა გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა და განუხრელი სოლიდარობა იმ ჟურნალისტების, ოპერატორების, ფოტოგრაფების და მედია მენეჯერების მიმართ, ვინც საქმიანობას აგრძელებს, მიუხედავად მზარდი საშიშროებისა. ისინი დემოკრატიის მცველთა წინა ხაზზე არიან და მათ სიმამაცეს ჩვენი სრული მხარდაჭერა სჭირდება. ამის ატანა არ შეიძლება და ეს არ არის საქართველო, რომლისაც გვწამს.

დღეს მინდა ერთ-ერთ მათგანზე მზია ამაღლობელზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. უკვე 37 დღეა, რაც მზია შიმშილობს. მისი მხრიდან ეს საოცარი სიმამაცის და მიზანდასახულობის აქტია. დღეს მზია ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. ის ყველა უსამართლოდ დაკავებულის სულისკვეთებას გადმოსცემს. ჩვენ ძალიან ვღელავთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გარწმუნებთ, რომ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული – [მოდით მივესალმოთ მზიას და ყველა მათ, ვინც დაკავებულია]

მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც გველოდება, ჩვენი მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მიმართ ურყევია. ეს არამარტო პრიორიტეტია, არამედ ფაქტია.

ბევრი წლის განმავლობაში გვჯეროდა, რომ მთავარი ამოცანა საქართველოში პროფესიული ჟურნალისტიკის მხარდაჭერა იყო. სწორედ ამისთვის ხარისხიანი, ეთიკური ჟურნალისტიკისა და მედიაგარემოს განვითარებისთვის დაარსდა ეს პრიზი. დღეს უკვე ვიცით, რომ ის უფრო მეტს ნიშნავს. ის საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურება თავისუფალ სიტყვას და გამოხატვის თავისუფლებას.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც განაცხადი შემოიტანა. თქვენი ერთგულება, სიმამაცე და ამბის მოყოლის უნარი საზოგადოებას ფასდაუდებელ სამსახურს უწევს, განსაკუთრებით ამ რთულ დროს.

როგორც ნებისმიერ კონკურსში, რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პატივცემულ ჟიურის, რომელთა პროფესიული გამოცდილება და კეთილსინდისიერება ფასდაუდებელი იყო შერჩევის პროცესში ეკა ბასილაია, ეკა ტოგონიძე, ია ბერსენაძე და ნათელა გრიგალაშვილი.

დიდი მადლობა ჩვენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს. თქვენი ნამუშევრები ჟურნალისტიკის მდგრადობის მაგალითია, თქვენს მიერ მოთხრობილი ამბები კი იმედისა და სიმართლის სიმბოლოები.

დაბოლოს, დღეს, როდესაც ჟურნალისტიკა უპრეცედენტო სირთულეების წინაშე დგას, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მედიისადმი ერთგულებას და მის მხარდაჭერას. რა დროს ხელის ჩაქნევაა, პირიქით, მცდელობა უნდა გავაორმაგოთ. სწორედ ამის იმედით მინდა დავაანონსო, რომ 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, შევძლებთ გამოვაცხადოთ შემდეგი, მეთოთხმეტე კონკურსი – ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“,- განაცხადა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე