საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ წერეთელი, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, რექტორის მრჩეველი კოტე ბასილაშვილი და სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდნენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, სამუშაო შეხვედრას, რომელიც სტუ-ის ვიცე-რექტორმა გახსნა, ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე, მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრის პირველი მოადგილე შაჰრუხ დალიევი, უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის უფროსი რასულბეკ ოტახანოვი, კარშის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ილხომ ბეკპულატოვი, ტაშკენტის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ულუგბეკ ხალიკოვი, ტაშკენტის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ნოზიმა ზუფაროვა, ინოვაციური განვითარების სააგენტოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ჟახონგირ ურინბოევი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, უზბეკეთის რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, სამუშაო შეხვედრა კი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივ სასწავლო აქტივობებს, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, სტუდენტთა, მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 13 ფაკულტეტი მოქმედებს, სადაც 23 ათასი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტი სწავლობს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი 2013 წელს ჩამოყალიბდა და დღეს აგროინჟინერიისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ეს ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, საბაკალავრო პროგრამები: აგრარული ტექნოლოგიები, მევენახეობა და ენოლოგია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგრონომია და აგროინჟინერია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ფაკულტეტზე სამი, ორდიპლომიანი პროგრამა მოქმედებს და სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლები წარმართავენ. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სტუდენტები ორ - ფრანგული უნივერსიტეტის რენ 1-ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომს იღებენ. ფაკულტეტზე მოქმედებს მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან ერთად. სამაგისტრო პროგრამა - მევენახეობა და მეღვინეობა გახდა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის - EMAVE-ს კონსორციუმის წევრი. ფაკულტეტი საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისადაა აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო 32 ლაბორატორიითა და 28 აუდიტორიით. აქ ხორციელდება როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. ბაკალავრიატის რვა პროგრამა კი სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგულ უნივერსიტეტ რენ 1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით, ხორციელდება ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა - წარმოების მენეჯმენტი რძის მრეწველობაში. ჩვენ, წელსაც გადავეცით სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის 2023-2024 წლის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტ რენ 1-ის დიპლომები. დარგი, რომლის განვითარებისთვის პროფესიონალ კადრს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ზრდის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ხელისუფლება ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესებს დიდ ყურადღებას უთმობს. ვფიქრობ, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგება“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.
როგორც კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უზბეკეთის უნივერსიტეტს შორის კოლაბორაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას გააღრმავებს და მხარეებს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობენ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-მკვლევრები. ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ჩვენი წვლილი მსოფლიო კოსმონავტიკის განვითარებაში. 1999 წლის 23 ივლისს, აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ჩართულობით, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - გასაშლელი რეფლექტორი ორბიტაზე გავიდა. ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ NASA-თან თანამშრომლობას. უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის უზბეკ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის სასურველ შედეგზე გაგვიყვანს“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის დასასრულს, უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერა.