ნათია მეზვრიშვილი - პროკურატურა შესაწყვეტად ამზადებს არჩევნების გაყალბების საქმეს

„გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პროკურატურა შესაწყვეტად ამზადებს „არჩევნების გაყალბების საქმეს“.

მეზვრიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას მალე გაახმოვანებენ.

მეზვრიშვილის შეფასებით, საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება „არალეგიტიმურ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვეღარ შესძენს“, ხოლო პროკურატურას „ნამდვილად გააფორმებს არჩევნების გაყალბების“ თანამონაწილედ.

მეზვრიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების მიზანი „გაყალბების მთავარი მტკიცებულების მძევლად აყვანა და სიმართლის დაფარვა იყო“ და პროცესში ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ერთობლივად მოქმედებდნენ.

„როგორც ჩემთვის ცნობილია (და მოსალოდნელიც იყო), პროკურატურა შესაწყვეტად ამზადებს არჩევნების გაყალბების საქმეს (მალე გაახმოვანებენ გადაწყვეტილებას). ნიადაგის შესამზადებლად დღეს კობახიძემ კიდევ ერთხელ იცრუა, რომ თითქოს გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს.

სინამდვილეში სწორედ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოუტანა „ოცნებას“ განაჩენი ოდირმა, რომელიც იმდენად გააოგნა ნანახმა, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ენა შეცვალა და სავარაუდო დარღვევებს, ფაქტები უწოდა. სწორედ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები იყო ის, რასაც გვერდი ვერ აუარა ვერც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არჩევნების არალეგიტიმურად შეფასებისას.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ ამ ე.წ. გამოძიების დაწყების მიზანი გაყალბების მთავარი მტკიცებულების მძევლად აყვანა და სიმართლის დაფარვა იყო. ამ პროცესში ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ერთობლივად მოქმედებდნენ - ფაქტობრივად გაიტაცეს და გადამალეს სიები.

მაგისტრატ მოსამართლესთან ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვყვებოდი არჩევნების სისტემური გაყალბების სქემას - რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ გაყალბებულა. დავტოვე შესაბამისი მტკიცებულებებიც მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე თვეების განმავლობაში ყველაფერს ვაქვეყნებდით და პროკურატურას ისედაც უნდა ემოქმედა.

იქ დამხვდა პროკურატურა, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, სისტემურ გაყალბებას კი არა, ცალკეული საარჩევნო დოკუმენტების სიყალბეს და ისიც ფორმალურად იძიებდა. არც ერთი კითხვა ეხებოდა ამომრჩევლის ნებაზე სახელმწიფოს სისტემურ ზემოქმედებას, საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტებას, ფარულობის მასშტაბურ დარღვევას და ა.შ. ყველა კითხვა რომელიც დაისვა, პირიქით, გამორიცხავდა ყველანაირ სისტემურ მიდგომას.

ანუ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ გამოძიება დაიწყო გამოძიების შეწყვეტისთვის.

ამ საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება არალეგიტიმურ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვეღარ შესძენს. პროკურატურას კი ნამდვილად გააფორმებს არჩევნების გაყალბების თანამონაწილედ”, - წერს ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“.

საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე