გარდა იმისა, რომ სასამართლო მკვდარია, ამ ახალგაზრდების, ციხის კონტინგენტის გარეთ გამოშვების შიშიც აქვთ - ეს სასამართლო მათ ყოველთვის პატიმრობაში დატოვებს, რადგან ამ ახალგაზრდებს ძალა ჩამოუყალიბდათ, რასაც ციხის კამერებიდანაც ასხივებენ, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული, ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ “ინტერპრესნიუსს” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, ქუჩის პროტესტი პროცესებს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.
“შეიძლება მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდეს. თუ იმას ვერ მივაღწიეთ, რომ არჩევნები ბუტაფორიად იქცა და შედეგი არ გამოიღო, არაა გამორიცხული, შეიცვალოს მოთხოვნები. პირობითად, დე-ფაქტო, თვითმარქვია ხელისუფლების გადადგომაზე წავიდეს მოთხოვნები. შეიცვალოს შეძახილების და სკანდირების ფორმები. პირობითად: დღეს თუ ვამბობთ, “არსად სამართალი, ყველგან პოლიცია”, ეს შეიძლება შეიცვალოს მოთხოვნით - “ქოცებო წადით”. ქუჩის პროტესტს ყოველთვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ყოველთვის რუსთაველზე წყდებოდა საქართველოს ბედი და ესეც რუსთაველზე გადაწყდება.
რაც შეეხება სასამართლოს საკითხებს, კარგად ვნახეთ, რომ სასამართლო არის აბსოლუტური ბუტაფორია. სასამართლოში არაფერი არ წყდება და სასამართლოს ნდობა არის ნულოვანი. ჩვენ ვნახეთ ზვიადის და მასთან დაკავშირებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი. მოსამართლე თითქოს უსმენდა, მიჰყვებოდა ლოგიკურ პროცესებს. მშვიდ გარემოში წარიმართა პროცესი, რამაც შექმნა მოლოდინი, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ყველას ვეუბნებოდი, ერთი წუთითაც არ ეფიქრათ, რომ მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. სასამართლო ინსტიტუტი დღეს მომართულია, რომ დავალებები შეასრულოს. სხვა მეტი ფუნქცია სასამართლოს არ აქვს. აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება და დატოვა პატიმრობაში. ეს სასამართლო ყოველთვის დატოვებს მათ პატიმრობაში, რადგან ამ ახალგაზრდებს იმიჯი, საზოგადოებრივი ნდობა და ძალა ჩამოუყალიბდათ, ამ ძალას და თავიანთ ენერგიას ციხის კამერებიდანაც ასხივებენ. ამათი შიში გაუჩნდა უკვე დე-ფაქტო ხელისუფლებას და მარტო ამიტომაც არ გამოუშვებენ. წარმოიდგინეთ, 50 პოლიტპატიმარი რომ გამოუშვან და მათ მოწოდება გააკეთონ: ხვალ გამოდით და ხელისუფლებას სხვანაირად შევუტიოთ. ხომ მიხვდით, რა რეაქცია მოჰყვება ამას?! გარდა იმისა, რომ სასამართლო მკვდარია, ამ ახალგაზრდების, ციხის კონტინგენტის გარეთ გამოშვების შიშიც აქვთ. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მოლოდინი არის ქუჩა. ეს ქუჩა პროცესებს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. ხალხი არის ხელისუფლების წყარო. ხალხი აიღებს პასუხისმგებლობას და მიიყვანს ამას ლოგიკურ დასასრულამდე.
ერთადერთი, რასაც ხელისუფლებას ყოველთვის ვეუბნები: პოლიტიკური კრიზისი სახეზეა. როდესაც 100 დღე რუსთაველის გამზირი გადაკეტილი გექნება და ამას ვერ განმუხტავ, ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისია. კარგი იქნება, თუ ვინმე გამოჩნდება და მათ ეტყვის, რომ ეკონომიკურ კრიზისს ვერ აიცილებენ. ასეთ პოლიტიკური კრიზისს, სახელმწიფო იზოლაციას, არ არსებობს არ მოჰყვეს ეკონომიკური კრიზისი. ეკონომიკას ნუ დაანგრევენ, ისე მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ეს იქნება ყველაზე ლოგიკური.
ჩვენ ქუჩაში ვდგავართ და ვიდგებით, ვიდრე არ მივაღწევთ ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ამ ქვეყანაში ლეგიტიმურ, კანონიერ ხელისუფლებას”,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.