მარკო რუბიო სიკორსკის - უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია

უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პლატფორმა X-ზე დაწერა.

მარკო რუბიო გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომლის თანახმად, „თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, სხვა მომწოდებლებს მოვიძიებთ“.

„ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვარზე იქნებოდნენ“, - დაწერა რუბიომ და გააზიარა სიკორსკის განცხადება.

რუბიოს აღნიშნულ „ტვიტს“ მოგვიანებით ელონ მასკმა უპასუხა, რომ „რასაც სახელმწიფო მდივანი რუბიო ამბობს, აბსოლუტურად სწორია".

შეგახსენებთ, მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება. მასკის სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა პოლონელი მინისტრის გამოხმაურება, რომ „უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთის გაციფროვნების სამინისტრო წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის გარდა, თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, სხვა მომწოდებლები მოვძებნოთ“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს