სანდრო თვალჭრელიძე - “ვფიქრობ, ტრამპი პრეზიდენტობას არ დაასრულებს კარგად...”
100 დღის მონაგარი - პატური სიტუაცია პოლიტიკურ ველზე
ბიძინა ლებანიძე - “ევროპისთვის წითელი ხაზი უკრაინაში პრორუსული მთავრობის მოსვლაა”
“ოცნება” ელჩების წინააღმდეგ - მინიშნება საერთაშორისო კონვენციების დარღვევაზე და სხვა ბრალდებები
ევროპა რუსეთთან ბირთვული ქობინების “დატოლებას” იწყებს...
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “ვფიქრობ, ტრამპი პრეზიდენტობას არ დაასრულებს კარგად...”
“ტრამპის მოქმედებები, სამწუხაროდ, ანგრევს იმ მსოფლიო წესრიგს, რომელიც დღემდე აშშ-ის სიძლიერესა და პირველობაზე იდგა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, მას არა აქვს გრძელვადიანი სტრატეგია და მხოლოდ ტაქტიკურად მოქმედებს, დაახლოებით ასე - რაც მოეპრიანება, იმას აკეთებს. მერე აღმოაჩენს, რომ ეს არ ამართლებს, და ცვლის და ა.შ., თანაც ამერიკის პრეზიდენტის სიტყვამ დაკარგა ძალა, ერთ დღეს ამბობს, რომ ზელენსკი დიქტატორია, მეორე დღეს უკვირს, მე ვთქვი ეგ? არ ვიტყოდიო... რუსეთს ჯერ ლამის მშვიდობის მტრედად აცხადებს, მეორე დღეს კი სანქციებით ემუქრება. ისე, მე არ მჯერა, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. მეტიც, იმ ოქროს ბარათების 5 მილიონ დოლარად გაყიდვის ინიციატივით, ფაქტობრივად, რუს ოლიგარქებს მიეცემათ საშუალება თავისუფლად იცხოვრონ და იმუშაონ აშშ-ში და ყოველგვარ სანქციებს აუარონ გვერდი”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვფიქრობ, ტრამპი პრეზიდენტობას არ დაასრულებს კარგად და...”
“ამასთანავე, ტრამპი რუსეთზე დამუქრებით ცდილობს ერთგვარი ხარკი გადაუხადოს იმ კონგრესმენებსა და სენატორებს, ვინც მის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ხომ ნახეთ, უკვე რესპუბლიკელი კონგრესმენები აუჯანყდნენ და გამოვიდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების მოთხოვნით. მოკლედ, იმ ძირითად დოქტრინებს - ადამიანის უფლებებს, მის თავისუფლებას და ა.შ., რაზეც დგას აშშ-ის დემოკრატია, ტრამპი ფარატინა ქაღალდად აქცევს. ამიტომაც მგონია, რომ ტრამპის პრეზიდენტობა არ დასრულდება კეთილად. არ გამოვრიცხავ, მისი იმპიჩმენტიც ვიხილოთ. თუ ასე გააგრძელა, მასა და ამერიკელების მნიშვნელოვან ნაწილს შორის დიდი ბზარი გაჩნდება, რაც რღვევად შეიძლება გადაიქცეს. ჩემი აზრით, ტრამპის გაპრეზიდენტება ნეგატიური, მეტიც, ანტიამერიკული მოვლენა იყო, რაც ცხადყოფს თვითონ ამერიკელ საზოგადოებაში არსებულ ძალიან დიდ პრობლემებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას მამუკა თვალჭრელიძე.
“რომის პაპის ტახტი ცარიელი არასდროს რჩება” - საფრანგეთსაც აქვს თავისი ამბიციები და მაკრონმა რაკი დაინახა, რომ ტრამპის ხელში აშშ-ის, როგორც მსოფლიო ლიდერის პოზიცია ირყევა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საფრანგეთს ერთგვარად ნაპოლეონისებური მნიშვნელობა დაუბრუნოს. ნებისმიერ მოვლენას, როგორც იანუსს, ორი სახე აქვს - კარგი და ცუდი. ტრამპის პოლიტიკის ნათელი მხარე სწორედ ის არის, რომ ევროპა გამოაღვიძა. დღეს მიდის ევროპის შეკავშირება. ნახავდით, ალბათ, რომ მაკრონის ოპონენტმა მარინ ლე პენმაც კი დაგმო ტრამპის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება და ევროპის გადაიარაღებას დაუჭირა მხარი. მხოლოდ ორბანი რჩება ჯერჯერობით განზე, დანარჩენი ევროპა კი ერთიანდება - მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები, ულტრამემარჯვენეები თუ ულტრამემარცხენეები იმ აზრს იზიარებენ, რომ ევროპამ უნდა შეძლოს დამოუკიდებლად თავის დაცვა, თუ ამის საჭიროება ოდესმე დადგება დღის წესრიგში. პირადად მე გადაჭარბებული მგონია მოლოდინი, რომ პუტინი ოდესმე გაბედავს ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ამისთვის ევროპის მზადება, ჩემი აზრით, სწორია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რუსეთს თავისი პირობები აქვს, რაც სრულიად მიუღებელია უკრაინისა და ევროპისთვის. მშვიდობა ნებისმიერ ფასად არ გამოვა. უკრაინამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ დათანხმდეს ყველაფერს მხოლოდ იმიტომ, რომ ტრამპმა მშვიდობის დამამყარებლად იგრძნოს თავი. რუსეთის პოზიცია იყო და არის ყოვლად უგუნური. საბოლოოდ პუტინი იმას მიაღწევს, რომ ევროპამ შეიძლება ბირთვული იარაღი გადასცეს უკრაინას. უამრავი ადამიანი დაკარგა რუსეთმა ამ ომში, მაგრამ ეს კრემლისთვის არაფერს ნიშნავს, ადამიანის სიცოცხლე რუსეთისთვის არასდროს არაფერს ნიშნავდა, მათთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო არა ადამიანი და სახელმწიფო, არამედ რაღაც ეკლექტიკური წარმონაქმნი, რასაც ისინი “დერჟავას” ეძახიან. დიახ, რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცდილობდა და ცდილობს იმპერიის ახლებურად შექმნას. ეს ყველაფერი ერთიანი პოლიტიკის ნაწილია. მაკრონი მართალია, რომ ამბობს, რუსეთი არ გაჩერდებაო. კრემლს ამ ეტაპზე უკრაინასთან ომის შეჩერება, სავარაუდოდ, უფრო დიდი უბედურებისთვის მოსამზადებლად სურს”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“აი, ამიტომაც სჭირდება უკრაინას უსაფრთხოების ძალიან მყარი გარანტიები. არ შეიძლება რუსეთს ვინმე სიტყვაზე ენდოს. ამაზე მუხთალი სახელმწიფო ძნელად წარმოსადგენია და აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა, როგორი მმართველობაა რუსეთში, ვთქვათ, მტკიცედ ტოტალიტარული თუ მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, როგორიც ელცინის მმართველობისას იყო. რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები არ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე. არსებობს ვარლამ შალამოვის მოგონებები - როდესაც ის გულაგში იყო, მასთან ერთად იჯდა ერთი თეთრგვარდიელი, რომელიც თურმე აღფრთოვანებული იყო სტალინით. როდესაც მისთვის უკითხავთ, რატომ მოგწონს, დღეს თუ ხვალ მისი ბრძანებით დაგხვრეტენო? - ამ უკანასკნელს უპასუხია, ეგ არაფერი, მთავარია, ის იმპერიას ავითარებსო. აი, ეს არის რუსეთის მთავარი ამბიცია. ამიტომაც მისგან საფრთხეები სრულიად რეალურია. ეს საფრთხეები გაქრება იმ შემთხვევაში, თუ ეს იმპერია დაიშლება და რუსეთი დარჩება სადღაც ურალამდე. ამ შემთხვევაში შესაძლოა ევროპულ სახელმწიფოდაც კი იქცეს. სხვათა შორის, ბჟეზინსკის სტრატეგიაში ეს შედიოდა”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.
“რაც შეეხება 100 დღიან სახალხო პროტესტს, ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” ძალაუფლება შეიძლება ერთ დღეს ბანქოს სახლივით ჩამოიშალოს... ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ტრამპი მათ დაუჭერს მხარს, ამბობენ, ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გასაბმელად, მაგრამ მაინც მოუწევთ არჩევნების იმ წესებით ჩატარება, რასაც სწორედ ტრამპის ადმინისტრაცია უკარნახებს. მეეჭვება, ტრამპმა აიტანოს აქ ხელისუფლება, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ჩვენს პარტნიორობას. ისე, გასაოცარია ჩვენი ხელისუფლება, ტრამპის ყოველ მოქმედებას და ნათქვამს ტაშით ხვდებიან, საკუთარ წარმატებად მიიჩნევენ უკრაინის წარუმატებლობას, აბსოლუტურად არეული აქვთ ორიენტირები. ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში არიან. აგერ გასულ კვირას “საერთაშორისო მნიშვნელობის უდიდესი ვიზიტით” ბრძანდებოდა პრემიერი ირაკლი კობახიძე უზბეკეთში, შემდგომ კი თურქმენეთში გაემგზავრა... ერთხელ ვთქვი ვითომ პრეზიდენტ ყაველაშვილზე, ტაჯიკეთის იქით ვერსად წავა-მეთქი და კობახიძეც მაგ დღეშია, მალე ამათ სომხეთშიც აღარ ჩაესვლებათ. ივანიშვილმა მოახერხა და საკუთარი ხელისუფლება ჩიხში მოაქცია, თავი გენიოსი კი ჰგონია, მაგრამ ცუგცვანგის პოზიციაში აღმოჩნდა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამათ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც არ უნდა გააკეთონ, ხალხის პროტესტს ვერაფერს მოუხერხებენ. მათი ყველანაირი ცდა ფუჭია. თითქმის დარწმუნებული ვარ, წელს თუ არა, გაისად მაინც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება”, - დასძენს თვალჭრელიძე.
100 დღის მონაგარი - პატური სიტუაცია პოლიტიკურ ველზე
“ას დღეზე მეტია, რაც ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, თუმცა, ვერცერთმა დაპირისპირებულმა მხარემ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ერთის მხრივ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო პროტესტის ბოლომდე ჩახშობა და აქციები დღემდე იმართება. მეორეს მხრივ კი, დასავლეთში მიღებული მკაცრი რეზოლუციებისა და კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, “ოცნებას” რყევა არ ეტყობა და არც თავის ოპონენტთა მოთხოვნების შესრულებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აპირებს. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა და რას უნდა ველოდოთ გაზაფხულზე? ოპოზიციაში ამ 100-დღიანი პროტესტის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად იმას მიიჩნევენ, რომ საპროტესტო გამოსვლები ამდენ ხანს უწყვეტად გაგრძელდა და ამის სათავეში არა პოლიტიკური ძალები, არამედ საზოგადოება დგას. ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით კი, პროტესტის ასეთი ხანგრძლივობის მიზეზი პირველ რიგში გარე ძალების მიერ ამ პროცესის ფინანსური მხარდაჭერაა და ასევე ოპოზიციის სურვილი, რომ თავის დასავლელ პარტნიორებს ამ გზით დაუმტკიცოს თავისი ქმედითუნარიანობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 100 დღის მონაგარი - პატური სიტუაცია პოლიტიკურ ველზე.
“ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასდღიანმა პროტესტმა “ქართული ოცნება” ვერ შეარყია და შესაბამისად, მის გაგრძელებაშიც აზრს ვერ ხედავს. ნაწილი კი აცხადებს, რომ “ოცნება” არ იმჩნევს იმას, რაც რუსთაველზე ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია და ხელისუფლებას პროტესტი რომ არ აწუხებდეს, არც მიიღებდა იმ კანონებს, “რის მიღებასაც აპირებს”; შესაბამისად ფიქრობს, რომ აქციების გაგრძელებასაც აზრი აქვს ოპოზიციის საბოლოო მიზნის მიღწევისთვის. ანალიტიკოსებს განსხვავებული პროგნოზი აქვთ იმაზეც, გაიზრდება თუ არა საპროტესტო მუხტი გაზაფხულიდან. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ აქციებმა ხელისუფლება ვერ შეარყია. ხოლო თუკი “ქართული ოცნება” მაინც დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას და ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, ეს უკვე “ოცნების” მხარდამჭერებში გამოიწვევს პროტესტს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების სიმშვიდე და პროტესტის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მოჩვენებითია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ადამიანები, რომლებიც დადიან, აქციებს ესწრებიან, ზოგიერთი მართლა გულანთებულია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ფინანსურად არიან ჩართული. თუ აქციის ორგანიზატორები კავშირში არიან დონორებთან, თუ ბალტიის ქვეყნებიდან ან ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან მუდმივი მხარდაჭერაა, რომ მიდით, მიდით, ბოლომდე იდექითო, ეს პროცესი შეიძლება საკმაო ხანს გაგრძელდეს, მაგრამ ეს არაფერს ავნებს არსებულ ხელისუფლებას და მოქმედ ინსტიტუტებს. ხელისუფლება ამით ვერ შეარყიეს და ვერც შეარყევენ. მიუხედავად ფულის ხარჯვისა, თავიანთი მასმედიის მუშაობისა, მხოლოდ სტატისტიკური ნული გროვდება საქართველოს მასშტაბით. როცა ქალაქში მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს და ამ აქციებზე გამოდის თუნდაც 2-3 ათასი და ბოლო დროს გაცილებით ნაკლებიცაა, ეს არის სტატისტიკური ნული და არ ნიშნავს რაიმე მეტ-ნაკლებად საერთო სახალხო მოძრაობას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“თუ “ოცნება” გამოაცხადებს - ჩვენ კი ვამბობთ, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული (გაყალბებული ნამდვილად არ იყო, ამას ვამბობ სრულიად ნეიტრალური ადამიანი), მაგრამ დიახ, ჩვენ ვთანხმდებით დავნიშნოთ არჩევნებიო, ეს იქნება პოლიტიკური ჰარაკირის ტოლფასი და სრულიად ირაციონალური რამ. ოქტომბრის არჩევნებში აქტივობა 58% იყო. ვინც არ მივიდა, ისინი პოტენციურად “ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ ხელი ჩაიქნიეს - მაინც “ნაცებთან” არიან შეკრული, უერთმანეთოდ არ შეუძლიათ და ნაცვლად იმისა, რომ სამართლიანობა აღადგინონ და გაასამართლონ, ისევ ესენი არიან პოლიტიკურ სივრცეშიო. ახლა ეს (ახალი საპარლამენტო არჩევნები) რომ დაუშვან, მართლაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იტყვის, რომ აი, ჩვენ ხომ ვამბობდით - ისინი შეკრულები არიან, აგერ მათ დაკრულზე ასრულებენ ყველაფერსო. “ოცნებას” ეს ესმის და არჩევნებზე არავითარ შემთხვევაში არ წავლენ”, - დაასკვნის მამრაძე.
“აქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. შესაძლოა შიგადაშიგ მოხდეს სრული მობილიზება, მაგრამ პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ის, რომ “ოცნება” თითქოს არ იმჩნევს და თითქოს არ აწუხებს ის, რაც რუსთაველზე ხდება, ეს ყველაფერი მოჩვენებითია. მას რომ არ აწუხებდეს, არ მიიღებდა იმ რეპრესიულ კანონებს, რის მიღებასაც ახლა აპირებს. ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ თავისუფალი სიტყვა და რუსთაველზე პროტესტი ჩაახშოს? სხვას ხომ არაფერს არ ემსახურება და მართლა მოღალატეებს ხომ არ ეძებს ოპოზიციაში? ისე, მოღალატეები საკუთარ რიგებში რომ ეძებონ, უკეთესი იქნება, მაგრამ მაგასაც რომ თავი დავანებოთ, ეს სიმშვიდე და თითქოს აგდებული დამოკიდებულება მოჩვენებითია. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ძალიანაც აინტერესებთ და ყველა ღონეს და ხერხს ხმარობს, რომ ეს აქციები ჩაახშოს და მოსახლეობას პროტესტზე გული აუცრუვდეს. თუ არ აინტერესებს, მაშინ კანონებს რატომ იღებს?!” - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება იმას, გააქტიურდება თუ არა პროტესტი გაზაფხულიდან, ამის შესახებ პეტრე მამრაძე ამბობს, რომ გაზაფხულიდან პროტესტის არც მატებას უნდა ველოდოთ და არც კლებას. “რეალური სოციალური, ეკონომიკური, თუ სხვა მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობის მეტ-ნაკლებად დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდეს, არ არსებობს. საქართველო ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრების დაცვა, მთავრობის ეფექტიანობა, უსწრებს არა მარტო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ 16 ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან. ნახეთ რა ხდება ქუჩაში და არა მარტო თბილისში. ამას წინათ თელავში გახლდით და იქ ისეთ საცობში მოვხვდი, რომ თბილისის საცობი მოგენატრება. ესე იგი მოსახლეობა არა მარტო ავტომობილებს ყიდულობს, არამედ მისი შენახვის საშუალებაც აქვს”, - ამბობს მამრაძე, რომლის თქმით, მას რომ “ასეთი “ჯიპი” აჩუქონ, მისი მოვლის და შენახვის საშუალება არ აქვს, ხალხს კი აქვს”, - განაგრძობს გამოცემა.
“არც ეკონომიკური, არც სოციალური, არც სხვა რეალური მოტივი არაა, რომ გავიდნენ ქუჩაში. თან ყველაზე კარგად მოსახლეობამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბდა. როცა შედეგები გამოცხადდა, სპონტანურად გამოვიდოდნენ, მაგრამ არავინ არ დაიძრა, არავინ არ გამოვიდა. არც ადრე გამოვიდნენ, სააკაშვილის დაკავების დროსაც კი. როდესაც მარშები იყო, არც ერთ მარშზე არც ერთი (ბარიერგადალახული) პარტიის ამომრჩეველი არ გამოსულა თავისი ლოზუნგით, რომ მათი პარტიის ხმები მოიპარეს, ისევე, როგორც გაყალბებაზე მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს. ეს უკარგავს ნდობას მოსახლეობის მეტ-ნაკლებად დიდ ნაწილს, რომ მართლა პროტესტისთვის გამოვიდნენ და დარჩებიან ასე, პერფორმანსების გამოგონებების პროცესში”, - თვლის მამრაძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ვარაუდობს, რომ გაზაფხულიდან საპროტესტო მუხტი თანდათან მოიმატებს”, - დასძენს გამოცემა.
“90-იანი წლებიდან გაზაფხულზე საპროტესტო ტემპერატურა ყოველთვის იმატებდა და ხალხი ყოველთვის უფრო აქტიური იყო, ვიდრე ზამთარში და შემოდგომაზე. რადგან პროტესტმა ეს ზამთარი და სიცივეები გადაიტანა, ბუნებრივია, რომ გაზაფხულზე მუხტი უფრო და უფრო მოიმატებს და უფრო ხალხმრავალი იქნება აქციები. გარდა ამისა, აქ კიდევ ერთი ფაქტორია - დასავლეთიდან ზეწოლა იზრდება, რაც განპირობებული იქნება ამ სანქციებით, რომელსაც მიიღებენ და ეკონომიკური პრობლემებით. ეს ეკონომიკური პრობლემები უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება მთელი მოსახლეობისთვის და “ქართული ოცნება” სწორედ იმას ცდილობს, რომ პოლიტიკური კრიზისი მანამ მოახშოს, სანამ ამას ეკონომიკური კრიზისი დამატებია. ეს პრობლემები აქვს დღეს “ოცნებას”. ამასთანავე, უკრაინის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ასეთ ვითარებაში შეხვდება “ქართული ოცნება” მოსალოდნელ ეკონომიკურ და საგარეო კრიზისებს, იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს. ჯერჯერობით იხტიბარს არ იტეხს და ცდილობს, რომ შეუვალად მოაჩვენოს თავი მოსახლეობას”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
ბიძინა ლებანიძე - “ევროპისთვის წითელი ხაზი უკრაინაში პრორუსული მთავრობის მოსვლაა”
“ევროპაში ხვდებიან, რომ საფრთხე ემუქრებათ, ამერიკის ადმინისტრაციის ნდობა აღარ შეიძლება და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ევროპამ თავად უნდა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაც უკრაინაა. უკვე დარწმუნდნენ - თუ პუტინმა გადაყლაპა უკრაინა, შემდეგი ომი აუცილებლად ევროპის რომელიმე ქვეყანასთან ექნება. პუტინი აუცილებლად დატესტავს ნატოსა და მისი ქოლგის ქვეშ მყოფი ქვეყნების უსაფრთხოებას. ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ბალტიისპირეთიდან რომელიმე. რაც შეეხება იმას, თუ ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად რას აკეთებენ, ევროკავშირმა კვირის ბოლოს გამართულ სამიტზეც და მანამდე ევროკომისიამაც წამოაყენეს წინადადება, რომ ქვეყნები გაათავისუფლონ ევროკავშირის ფისკალური დისციპლინისგან და თავდაცვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, იმიტომ, რომ ქვეყნები ვერ იღებდნენ, მაგალითად, ვალს, რადგან შემდეგ ევროკავშირის ჯარიმა დაეკისრებოდათ. ასე რომ, თავდაცვის სფეროში ეს მუხლი გადაიხედება”, - აცხადებს იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარი ბიძინა ლებანიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პროცესი, რაც ახლა ევროპაში დაიწყო, მარტივად არ გაჩერდება”.
“მეორე, რაც გაცხადდა, ის არის, რომ ჯერ 150 მილიარდი ვალად უნდა აიღონ, პლუს კიდევ 600 მილიარდზეა საუბარი, რათა კაპიტალის ბაზარზე მოახდინონ მისი მობილიზება. ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ევროკავშირი თავად გადაიქცეს სამხედრო აქტორად. სხვა საკითხია, ევროკავშირის ქვეყნები ინდივიდუალურად რას აკეთებენ. მაგალითად, გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადახედოს გერმანიის ცნობილი ვალის მუხრუჭს, რაც ნიშნავს, რომ თუ აქამდე წელიწადში მშპ-ის 0.35%-ზე მეტ ვალს ვერ იღებდა, ეს ბარიერი მოიხსნება და სამხედრო სფეროში რამდენიც უნდათ, იმდენი ინვესტიცია განხორციელდება. საუბარია, დაახლოებით 1 ტრილიონამდე ევროზე შემდეგი წლების განმავლობაში. იმავეს აკეთებენ სხვა ქვეყნებიც. მაგალითად, ნორვეგია საპენსიო ფონდს გამოიყენებს თავდაცვის ბიუჯეტისთვის. იგივე ბრიტანეთმაც განაცხადა და ა.შ. მაკრონი დიდი ხანია საუბრობს ევროპის სამხედრო ავტონომიაზე და ევროპას შესთავაზა, ფრანგული ბირთვული ქოლგით ჩავანაცვლოთ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებიო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა ლებანიძე.
“პრობლემა ბევრია. მაგალითად, სამხედრო შეკვეთების უმრავლესობა ამერიკულ იარაღზეა. დღეს ბევრი სვამს კითხვას, რამდენად უსაფრთხოა ეს შეკვეთები. თუ ამერიკელებმა უკრაინას გაუთიშეს სატელიტური წვდომა “ჰაიმარსებზე”, იგივე შეიძლება გაუკეთონ ევროპელებსაც. ამიტომ აღარ ენდობიან ევროპელები არც ამერიკულ იარაღს და არც უსაფრთხოების გარანტიას და უნდათ ამ ყველაფრის ჩანაცვლება. ცხადია, ამას წლები დასჭირდება, რადგან ევროპაში წარმოებული იარაღის უმრავლესობაშიც არის ამერიკული ნაწილები, რაც შესაძლებელია ამერიკის ადმინისტრაციამ უკან გაიწვიოს ან შეწყვიტოს... თუ დაიდება ხელშეკრულება მინერალებზე, ეს უსაფრთხოების გარანტიას მაინც არ იძლევა, რადგან ამერიკას ჰქონდა მსგავსი ხელშეკრულება ავღანეთთან, მაგრამ ამან არ უშველა. ეს ხელშეკრულება უკრაინას უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, ვაშინგტონთან ცალკე უნდა შეთანხმდნენ ომის დასრულების სხვა ასპექტებზეც, რადგან უკრაინელები ვერ იღებენ იმას, რაც უნდათ ტრამპის ადმინისტრაციისგან”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ევროპა ცდილობს დაარწმუნოს უკრაინული მხარე, რომ არ დატოვებს მარტოს რუსეთის პირისპირ იმ შემთხვევაშიც, თუ გავა ამერიკა. მეორე მხრივ, ისინი მხარს უჭერენ მინერალებზე შეთანხმებას და საზოგადოდ, ამერიკის ჩართულობას, იმიტომ, რომ ხვდებიან, გაუჭირდებათ ასე სწრაფად ამერიკის ჩანაცვლება. ამიტომ, ევროპის ინტერესებშიც არის, თუ ისე დასრულდება ომი, რომ რუსეთი უკრაინას ვერ გადაყლაპავს, მაგრამ ამასთანავე დათმობები მოუწევს, ევროპელები ამაზე თანახმა არიან და უბიძგებენ ზელენსკის, რომ მან ამერიკელებთან მოლაპარაკება მოახერხოს. თუმცა მათი წითელი ხაზი ის არის, რომ უკრაინაში მთავრობა შეიცვალოს, და მოვიდეს ისეთი პრორუსული მთავრობა, როგორიც ბელორუსშია და მთელი ქვეყანა, თავისი სამხედრო, სამრეწველო ინდუსტრიით რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. ცხადია, ეს რუსეთს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ავტომატურად გამოიწვევს ევროპასთან ახალ ომს”, - განმარტავს მკვლევარი.
“ევროპელები შეეცდებიან, თვითონ გახდნენ დამოუკიდებელი აქტორები და ჩაანაცვლონ ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები. მთავარია ნდობის ფაქტორი, ამერიკას კი ნდობა დაკარგული აქვს. გერმანიისა და საფრანგეთის პოლიტიკურ თუ ექსპერტთა წრეებში მიმდინარე დებატებს რომ შეხედოთ, ახლა ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, მიდის საუბრები გააუქმონ თუ არა სამხედრო შეკვეთები, რომლებიც მიცემული აქვთ ამერიკული კომპანიებისთვის, რადგან არ ენდობიან ამერიკის ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე, კერძო კომპანიებსაც, რომ ისინი არ შეუწყვეტენ წვდომას ისეთ შეიარაღებაზე, როგორიც არის F-35-ები და ა.შ. საუბარია იმაზეც, თუ რა უქნან ისეთ ევროპულ შეიარაღებას, რომელშიც არის ამერიკული კომპონენტები. როგორც ჩანს, საბოლოოდ მივიღებთ კოალიციის ისეთ ფორმას, რომ ამერიკის გარეშე შექმნან უსაფრთხოების ქოლგა და სამხედრო მრეწველობა. ამისთვის საჭირო ფული _ ევროკავშირს აქვს, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ ეს ფული მოახმარონ სამხედრო სფეროს”, - მიიჩნევს ბიძინა ლებანიძე.
“ევროპის ყველა ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ ვიცი, მაგრამ გერმანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სწრაფად შეიცვალა, ფაქტობრივად, ამოყირავდა საზოგადოებრივი აზრი. გერმანია იყო ერთ-ერთი ყველაზე პაციფისტური ქვეყანა და დღეს რადიკალურად არის შეცვლილი - 80%-ზე მეტი უჭერს მხარს შეიარაღებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს გერმანიაში ატომური სადგურების დაბრუნებას, რის შემდეგაც ერთი ნაბიჯი რჩება ატომური იარაღის წარმოებამდე. გერმანიაში იმ პაკეტს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, რომელიც ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ მიიღებენ, სოციალ-დემოკრატები უჭერენ მხარს, ისინი კი რუსეთთან ყველაზე დაახლოებული იყვნენ, ახლა კი გადაწყვიტეს, რომ ეს უნდა შეიცვალოს”, - დასძენს ლებანიძე.
“ოცნება” ელჩების წინააღმდეგ - მინიშნება საერთაშორისო კონვენციების დარღვევაზე და სხვა ბრალდებები
“პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა უცხოელი ელჩები, რომლებიც ხელისუფლების ოპონენტების სასამართლო პროცესებს ესწრებინ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევაა და ასევე მიანიშნა, რომ ელჩები ამით საერთაშორისო კონვენციებს არღვევენ. რამდენად რელევანტურია ეს ბრალდებები და აქვს თუ არა ამას რაიმე სამართლებრივი საფუძველი? “ნებისმიერ პირს, მნიშვნელობა არ აქვს ის საქართველოს მოქალაქეა თუ სხვა ქვეყნის, თანამდებობის პირია, თუ არაა, ყველას აქვს უფლება დაესწროს სასამრთლოს სხდომას”, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ ამ საკითხზე “რეზონანსთან” საუბრისას. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ელჩების მიერ სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენის შესახებ საუბრობს: “სასამართლოზე მათი დასწრება პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად შეიძლება შეფასდეს, რომ ეს არის სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენა. ამას მგონი დიდი ჩაღრმავებული ანალიზი არ სჭირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” ელჩების წინააღმდეგ - მინიშნება საერთაშორისო კონვენციების დარღვევაზე და სხვა ბრალდებები.
“ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო სხდომებზე ელჩების დასწრება ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში პირდაპირი პოლიტიკური ჩარევაა. “ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე, სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის. იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამის საპასუხოდ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ კუბერნატმა განცხადებაც გააკეთა და “იქსზე” დაწერა, რომ ჩეხეთის საელჩო დაესწრო ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას. “გავაგრძელებთ დამოუკიდებელი მედიის TRANSITION პროგრამის მეშვეობით დახმარებას. საქართველოში სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს!” - წერს კუბერნატი. ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, მოსაზრება, რომ ელჩები ამით რაიმეს არღვევენ, ან ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას სასამართლოზე, ყოვლად არასამართლებრივია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რა კონვენციებს არღვევს - თქვას კობახიძემ, რადგან მე არ ვიცი. რაც შეეხება სასამართლოზე დასწრებით ზემოქმედებას, მოდით ვთქვათ ასე - კონსტიტუციით და კანონის თანახმად, სასამრთლო სხდომები საჯაროა, თუ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს - მნიშვნელობა არ აქვს ის საქართველოს მოქალაქეა თუ სხვა ქვეყნის, თანამდებობის პირია, თუ არაა - ყველას აქვს უფლება დაესწროს სასამართლოს სხდომას. ასე რომ, ეს შეფასება, თითქოს ელჩები ამით რაიმეს არღვევენ, ან ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას სასამართლო სხდომაზე, ყოვლად არასამართლებრივი და გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმ პირის მხრიდან,რომელიც თავის თავს პრემიერ-მინისტრს უწოდებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ვინაიდან პრემიერმა ელჩებზე ეს განაცხადა მას საამისო არგუმენტებიც ექნება. “ეს საკითხი უფრო სამართლის სპეციალისტების კომპეტენციაა და ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელ კონვენციას და რომელ მუხლს არღვევენ ეს დიპლომატები. რადგანაც პრემიერი საუბრობს ამაზე, როგორც ჩანს, მას საამისოდ აქვს არგუმენტები. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ხელისუფლება მეტ სიცხადეს შეიტანს ამ საკითხში და ზუსტად ეტყვის მოქალაქეებს, კონკრეტულად რა კონვენციის მუხლი და რა დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვიეს ელჩებმა სასამართლოზე დასწრებით”, - აღნიშნა ანჯაფარიძემ. იგი მიიჩნევს, რომ ელჩების მხრიდან სასამართლო პროცესზე დასწრება პირდაპირ თუ არა, ირიბად მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ქართულ მართლსაჯულებაში ერევიან და ცდილობენ სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენას”, - დასძენს გამოცემა.
“ჩემი აზრით, ასეთი დემონსტრაციული დასწრებები სასამართლო სხდომებზე არის გარკვეული ზემოქმედების მექანიზმი, რადგან როცა მოსამართლე ხედავს, რომ იქ ესწრება რომელიმე ქვეყნის ელჩი, რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს სიტუაცია თეორიულად მაინც ბოჭავდეს მას. ამიტომაც, ვფიქრობ, აქ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას - არღვევს ელჩი საერთაშორისო კონვენციას? არღვევს მასპინძელ ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობის ეტიკეტს და გადის ჩარჩოებიდან? ის უნდა დაიბარონ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოსთხოვონ ახსნა-განმარტება. მარტო მიკროფონებთან გამოსვლა, ვიშ-ვიში და დამუნათება, რომ ისინი არღვევენ კონვენციას, ამის იქით საქმე არ მიდის და ეს ყველაფერი ისევ გაგრძელდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ჩემი აზრით, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინსტროს განცხადება, რომ თურმე მეასე დღეა პროტესტის და საქართველოს ხელისუფლებას კარნახობენ რა უნდა გააკეთოს, ეს არის პირდაპირ თუ ირიბად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. იქაც ხდება მიტინგები, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ხომ არ კანახობს რა უნდა გააკეთონ? ეს არის ერთგვარი დიდი სურათის ნაწილი, რათა, როგორც ჩანს, იმ კონგლომერატს, რასაც ჰქვია ევრობიუროკრატია, რასაც ხელისუფლება უწოდებს, სურს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ “ქართულ ოცნებას” როგორმე პოზიციები შეურყიოს... სასამართლოზე მათი დასწრება პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად შეიძლება შეფასდეს, რომ ეს არის სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენა, ამას დიდი მგონი დიდი ჩაღრმავებული ანალიზი არ სჭირდება”, - მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე.
ევროპა რუსეთთან ბირთვული ქობინების “დატოლებას” იწყებს...
“დაიწყო მეორე “ცივი ომის” კრიტიკული ეტაპი - ისედაც “შეშლილი” მსოფლიო რომ უფრო აირია აშშ-ის სათავეში დონალდ ტრამპის დაბრუნებით, ამაზე, ალბათ, აღარავინ კამათობს... პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი ახალი ინიციატივა შეიძლება გახდეს აშშ-ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯერ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან “დეზერტირობა”, ხოლო შემდეგ კი 20 ათასამდე ამერიკელი სამხედროს ევროპიდან გაწვევა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპიდან სამშობლოში ანუ ნატოს აღმოსავლეთი საზღვრის “მოშიშვლება”... ფაქტია, ნატოდან აშშ-ის ნებისმიერი სახით `გასვლა~ უპირველესად პუტინის რუსეთის სტრატეგიული ინტერესების წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან კრემლის დიდი ხნის მოთხოვნაა, რომ ნატომ "მოიკვეთოს" 1997 წლის შემდეგ ალიანსში მიღებული ქვეყნები ანუ სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ის სახელმწიფოები, რომლებიც ტერიტორიულად ყველაზე ახლოს არიან რუსეთის ფედერაციასთან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ევროპა რუსეთთან ბირთვული ქობინების “დატოლებას” იწყებს... / “ტრამპის ამერიკის მხარდაჭერის შემცირების ან სრულად გაქრობის მოლოდინში ევროპას საკუთარი ბირთვული იარაღი გაახსენდა პუტინის რუსეთის შესაკავებლად...
“ტრამპის ამერიკის ევროპიდან ნაწილობრივ “დეზერტირობის” შემთხვეევაშიც “ბებერ ევროპას” ახალი ლიდერი დასჭირდება, რომელიც სათავეში ჩაუდგება მის დაცვას ოკეანისგაღმელი “ბიძია სემის” დახმარების გარეშე. და ასეთ ევროპელ ლიდერად სურს წარმოიჩინოს თავი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რისთვისაც ბოლო პერიოდში ძალზე გააქტიურდა ჯერ პოლიტიკური განცხადებებით, ახლა კი სტრატეგიული დონის სამხედრო შეთავაზებით - საფრანგეთი მზადაა რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებს ფრანგული “ბირთვული ქოლგა” გადააფაროს. “ბირთვულ ქოლგაში” იგულისხმება საფრანგეთის ბირთვული შეიარაღების განთავსება ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე, საიდანაც ის უფრო ადვილად და სწრაფად მისწვდება რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, თუკი პუტინი მოინდომებს უკრაინის შემდეგ უკვე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებზე სამხედრო აგრესიას”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რა ბირთვული პოტენციალი აქვს მაკრონის საფრანგეთს და რამდენად ანგარიშგასაწევი ძალაა ის პუტინის რუსეთისთვის? საფრანგეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც 1960 წელს თავისი პირველი ბირთვული ბომბი გამოცადა აშშ-ის (1945 წ.), საბჭოთა კავშირისა (1949 წ.) და დიდი ბრიტანეთის (1952 წ.) შემდეგ. 1960-დან 1995 წლების პერიოდში საფრანგეთმა (რომელიც არ შეუერთდა 1963 წელს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმებას კოსმოსში, ატმოსფეროსა და წყალქვეშ ბირთვული აფეთქებების აკრძალვის თაობაზე) ალჟირის საჰარაში, მურუროას ატოლზე და ფრანგულ პოლინეზიაში საერთო ჯამში 210 ბირთვული აფეთქება მოახდინა გამოცდის სახით. უკვე 1971 წლისთვის საფრანგეთს ჰქონდა სრულფასოვანი “ბირთვული ტრიადა” ანუ ბირთვული შეიარაღების გამოყენება შეეძლო სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტებით, ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებითა და Mirage IV ტიპის ორძრავიანი რეაქტიული ბომბდამშენების საშუალებით”, - განაგრძობს გამოცემა.
“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საფრანგეთმა, ისევე როგორც დანარჩენმა დასავლეთმა, შეცდომით ჩათვალა, რომ რუსეთი მათთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა და დაიწყო თავისი ბირთვული პოტენციალის მკვეთრი შემცირება. 1996 წელს პარიზმა შეიარაღებიდან მოხსნა მიწისქვეშა შახტებში განთავსებული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები და არსენალში დაიტოვა მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავებისა და საბრძოლო თვითმფრინავების ბირთვულქობინიანი რაკეტები. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, ამჟამად საფრანგეთის განკარგულებაში უნდა იყოს 290-ზე მეტი სტრატეგიული და ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინი, რომელთა გადამზიდავია Le Triomphant-ის ტიპის ოთხი ატომური წყალქვეშა ნავი (თითოეულ მათგანზე განთავსებულია M51 ტიპის 16 სტრატეგიული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ფრენის სიშორე 8 ათას კმ-ს აღწევს), ხოლო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად გამოყოფილია Rafale-ს ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენები, რომლებსაც 500 კმ-მდე მფრენი ASMP-A ტიპის ბირთვულქობინიანი რაკეტების გაშვება შეუძლიათ”, - დასძენს გამოცემა.
“მართალია, საფრანგეთის ბირთვული პოტენციალი მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთისას და აშშ-ისას, მაგრამ ფრანგული “ბირთვული ქოლგა” მაინც გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება კრემლისთვის, თუკი ტრამპის ქმედებების შემხედვარე პუტინს მადა გაეხსნა და აღმოსავლეთ ევროპაშიც მოინდომა რუსული სატანკო კოლონების შესევა. სხვათა შორის, სწორედ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება იმიტომ ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ევროპაში შენახული (ოღონდ სულ რაღაც ასიოდე ბირთვული საავიაციო ბომბი) აშშ-ს, რომ ის საბჭოთა არმიის უთვალავი ტანკისა და ჯავშანმანქანის შეტევაზე გადასული კოლონების შესაჩერებელი ბოლო ვარიანტია, მით უმეტეს, მაშინ საბჭოთა საოკუპაციო ძალები მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ შუაგულ ევროპაში, აღმოსავლეთ გერმანიაშიც რჩებოდნენ და იქიდან აპირებდნენ ლა-მანშის სრუტისკენ გაჭრას. თუკი საფრანგეთს მხარს აუბამს ნატოს მესამე ბირთვული ქვეყანა, დიდი ბრიტანეთიც (ბრიტანელების ბირთვულ შეიარაღებაში მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებია - Vanguard-ის ოთხი ატომური წყალქვეშა ნავიდან თითოეულს მიაქვს 16 ერთეული თრიდენტ II ტიპის ბალისტიკური რაკეტა რვა ბირთვული ქობინით - სულ ბრიტანელების არსენალშია 225 ბირთვული ქობინი, მათგან 160 საბრძოლო მზადყოფნაში), მაშინ ეს, წესით, უფრო დიდი შემაჩერებელი ფაქტორი უნდა იყოს პუტინის რუსეთისთვის, თუმცა დაეჯერება კი კრემლს?!” - წერს სტატიის ავტორი.
“ვის რამდენი ბირთვული მუხტი აქვს? საერთაშორისო ინსტიტუტების, რომლებიც ბირთვული შეიარაღების საკითხებზე მუშაობენ, გამოთვლით, 2025 წლის იანვრისთვის მსოფლიოში 12 ათას ერთეულამდე ბირთვული ქობინი და ბომბი ჰქონდა შეიარაღებაში ცხრა ქვეყანას: აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელსა და ჩრდილო კორეას, თუმცა ამ ბირთვული არსენალის 90%-ზე მეტი რუსეთისა და აშშ-ის განკარგულებაში იყო. რუსეთის შეიარაღებაში არის 5 589 ბირთვული მუხტი, აშშ-ის - 5 224, ჩინეთის - 410, საფრანგეთის - 290, დიდი ბრიტანეთის - 225, პაკისტანის - 170, ინდოეთის - 164, ისრაელის - 90, ჩრდილოეთ კორეის - 30. ეს ციფრები შეიძლება მიახლოებითია, მაგრამ მაინც ასახავს მსოფლიო ბირთვული არსენალის სურათს, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანის გამოკლებით - მასში არ შედის რუსეთის ფედერაციის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული მუხტები! ანუ რუსეთს აქვს რამდენიმე ათასი ბირთვული სარაკეტო ქობინი, საავიაციო ბომბი და საარტილერიო ჭურვი, რომელთა გამოყენება შეუძლია ტაქტიკურ დონეზე”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“თუმცა, თუ მოინდომა, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე დამიზნებული სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების ინდივიდუალური დამიზნების ბირთვული ქობინების გადამიზნებაც შეიძლება ვაშინგტონიდან პარიზსა თუ ლონდონზე, თუკი ეს რაკეტები სტარტს რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილიდან აიღებენ (საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, რომლებიც 10 ათას კმ-ზე შორს მიფრინავენ, გადამიზნება 5 ათას კმ-ზე ახლომდებარე ობიექტზე რთულია, რაკეტის ფრენის ბალისტიკიდან გამომდინარე). აშშ-ს პირველი “ცივი ომის” დროს შეიძლება მართლაც შთამბეჭდავი ტაქტიკური ბირთვული არსენალი ჰქონდა ევროპაში, მაგრამ დღეისთვის ის მხოლოდ 150-მდე ტაქტიკური დანიშნულების საავიაციო ბირთვულ ბომბს თუ მოიცავს, რომლებიც პენტაგონს გადანაწილებული აქვს ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზებზე (არის მოსაზრება, რომ თურქეთის ინჯირლიყის ბაზიდან ამერიკელებმა რამდენიმე წლის წინ საერთოდ გაიტანეს ბირთვული ბომბები). ევროპის ტერიტორიაზე არსებული ამერიკული ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბების - B61-11-ის სიმძლავრე შეიძლება 340 კილოტონა (340 ათასი ტონა) ტროტილის აფეთქების სიმძლავრის ეკვივალენტი იყოს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ ნახევარსაუკუნოვანი უმართავი საავიაციო ბომბების მიზანში მოსახვედრად ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებს მოწინააღმდეგის, ამ შემთხვევაში რუსეთის, შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემების მოქმედების ზონაში მოუწევთ შესვლა...” - განმარტავს სტატიის ავტორი.
“ამჟამად ამერიკელები ცდიან ამ ბირთვული ბომბის თანამედროვე, მე-12 მოდიფიკაცია B61-12-ს, რომელიც პლანირებადი და მართვადია და მისი საბრძოლო გამოყენება “სტელსის” ტექნოლოგიით დამზადებულ F-35-ებს ისე შეეძლებათ, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში არ შევიდნენ. ამ ეტაპზე რუსეთის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული პოტენციალი - თავად ბირთვული მუხტები და მათი გადამტანი საშუალებები (ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, თვითმფრინავები) - ბევრად შთამბეჭდავია, ვიდრე ევროპაში განთავსებული ნატოს წევრი სამი ქვეყნის: აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთად აღებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის არსენალი, მაგრამ იმედია, საქმე “ბირთვული ხელკეტების” დატოლებამდე არ მივა”, - დასძენს სტატიის ავტორი.