ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, MEGOBARI Act-ი წარადგინეს, - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.

„ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯიმ რიშის განცხადებით, ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს.

„საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებული და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმში ჩაშვებით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის და მისცემს აშშ-ის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობა აღადგინონ“, - აღნიშნა რიშმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის განცხადებით, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა მათი მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.

„მოხარული ვარ, რომ ხელახლა წარვადგინე ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონმდებლობა თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ქართული ოცნების მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა ქართული ოცნების მცდელობების წინააღმდეგ, მოშალოს დემოკრატიული ინსტიტუტები. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ“, - აღნიშნა სენატორმა შაჰინმა.

ცნობისთვის, ორპარტიული კანონპროექტი, MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

დემოკრატიული უკუსვლის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.

ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.

არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.

რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.

ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ

დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;

ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება; ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება; რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო