პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებული ომარ ოკრიბელაშვილის მამის, გიორგი ოკრიბელაშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაჰყავთ.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ოკრიბელაშვილმა განაცხადა, მას აღნიშნულის შესახებ თავად მსჯავრდებულმა შეატყობინა.
მამისთვის უცნობია, თუ რა მიზეზით უცვლიან პატიმარს დაწესებულებას, თუმცა, ის ვარაუდობს, რომ აღნიშნულის მიზეზი საპროტესტო აქციების ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის ერთმანეთისგან განცალკევებაა.
როგორც მსჯავრდებულის მამა აცხადებს, „ისინი მეგობრები არიან და ერთმანეთს გლდანის მე-8 დაწესებულებაში ადვოკატებმა შეახვედრეს“.
„ომარმა დღეს დილით, მეც და ადვოკატსაც დაურეკა, გადავყავარო. პატიმარს თავისი უფლებები აქვს, არ უნდა გადაყვანა და ძალით უნდათ გადაყვანა, ეს ჩვენ არ გაგვაგებინეს, ჩემმა შვილმა მოასწრო დარეკვა, რომ ამ საქმეში ჩავრთულიყავით. მიზეზის თქმა ვერ მოასწრო. ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ჩემი შვილი მეგობრები არიან, კანონის დაცვით, ადვოკატებმა ისინი ერთმანეთს შეახვედრეს, ალბათ, ეს მიზეზია, რომ ერთმანეთს დააშორონ. სიმართლე, რომ გითხრათ, ერთადერთი მიზეზი ეს მგონია, თუმცა, კიდევ რა ვარიანტებია, არ ვიცი. შეიძლება პრინციპის ამბავია, ჯინაზე არიან - ასე მინდა და ასე უნდა გაკეთდესო“, - აცხადებს ოკრიბელაშვილი.
მისივე განმარტებით, მსჯავრდებული დაწესებულების შეცვლის წინააღმდეგია.
„არ მინდა, როცა გადაჰყავთ, საქმის კურსში უნდა ჩაგვაყენონ, ადვოკატმა, ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, ასევე რა მიზეზით გადაჰყავთ, ამ პასუხს ვერ გვცემენ. შესასვლელთან ვდგავარ, სამმა მანქანამ გაიარა [პენიტენციური დაწესებულების], ჩემი შვილის სახელი დავიძახე, მაგრამ პასუხი არ გამცა. გადაიყვანეს თუ არა, არ ვიცით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები დაზუსტებულ პასუხს ვერ გვცემენ“, - განაცხადა ოკრიბელაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.