თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში, ინსტიტუტის მიერ წარმოებული ახალი, ქართული, ბიო - მცენარეული ზეთების საწარმო ოფიციალურად გაიხსნა. პრეზენტაციაზე მიწვეული სტუმრები სამკურნალო თვისებებით გამორჩეული ბიო ზეთების წარმოებას დაესწრნენ.
ქართული ბიო - მცენარეული ზეთების წარმოების პროცესის სრულ ციკლს, მცენარეების მოყვანიდან ზეთის ცივად დაწურვამდე, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი ახორციელებს. პროცესი სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს, დანერგილია „HACCP”-ის სტანდარტი.
ღონისძიება თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა ასევე თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ოპერაციულმა დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა და თსსუ-ის ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა მალხაზ გეთიამ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, მეცნიერები, სამედიცინო სფეროსა და მედიის წარმომადგენლები.
„მნიშვნელოვანია, როდესაც თსსუ-ის სამეცნიერო ინსტიტუტი ქმნის პროდუქტს, რომელიც ფართოდ გამოიყენება ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც. ეს პრაქტიკული მეცნიერების განვითარების ნათელი მაგალითია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კვლავ მეცნიერების განვითარებას მოხმარდება – ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას კვლევაში და, შესაბამისად, მეცნიერების გაძლიერებას საქართველოში. როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ჩემი მიზანია მაქსიმალურად შევუწყო ხელი მეცნიერების განვითარებას. თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ წარმოებული ზეთები, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი, ვიტამინებით მდიდარი სასარგებლო და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც უკონკურენტოა“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
„მცენარეები იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიწებზე მოგვყავს, შემდეგ კი მოწმდება ჩვენსავე ლაბორატორიაში. პირველ ეტაპზე სამ სახეობას ვაწარმოებთ, ესენია: ჩია, სელი და შავი კვლიავის ზეთი, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ ცხრა სახეობის წარმოებას. ერთ-ერთი მათგანია ამარანტა, რომელიც საოცარი თვისებებით გამოირჩევა. თითოეულ სახეობას გააჩნია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, როგორებიცაა იმუნური სისტემის გაძლიერება, მეტაბოლური პროცესების მოწესრიგება, შაქრისა და ქოლესტერინის დონის რეგულირება სისხლში, ორგანიზმის დეტოქსიკაცია და მრავალი სხვა“, - აღნიშნა თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ოპერაციულმა დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა.
„იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც დამჭირდა მსგავსი პროდუქტი და აღმოვაჩინე, რომ ქართულ ბაზარზე ქართული მწარმოებელი არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკონკურენტო ვართ. უპირატესობაა ისიც, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სახელის ქვეშ წარმოებულ პროდუქციას მეტი სანდოობა გააჩნია. სტანდარტების სრული დაცვით, დანერგილია „HACCP”-ის სტანდარტი. უნიკალური დანადგარების მეშვეობით ვაწარმოებთ ცივი დაწურვის ზეთებს. ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაცხელების დროს ზეთი კარგავს იმ სამკურნალო თვისებებს, რომლებიც გააჩნია“, - თქვა სტუმრებთან საუბრისას კომპანია „ხახაბოს“ დამფუძნებელმა ზაქარია სვიმონიშვილმა.
ეკოლოგიურად სუფთა სამკურნალო ზეთები მალე გახდება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, მათ შორის საათიაქო ქსელებში. თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი კი გეგმავს, რომ სამკურნალო ზეთების ასორტიმენტი გაამრავალფეროვნოს.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.