„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ათობით საჯარო სტრუქტურიდან პოლიტიკური ნიშნით 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” „რეპრესიები შეეხო ათობით საჯარო უწყებაში მომუშავე 700-მდე თანამშრომელს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მცდელობებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საჯარო სამსახურის სრულად პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევაა. ამ მიზნისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიის ხელშემწყობი კანონები მიიღო და პარალელურად, დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, რომლებიც ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის გამო პროტესტს საჯაროდ გამოხატავდნენ.

აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ოთხჯერ შეიტანა რეპრესიული ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში. მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვა და ფაქტობრივად გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა იყო.

„რეპრესიები შეეხო ათობით საჯარო უწყებაში მომუშავე 700-მდე თანამშრომელს.

პოლიტიკური ნიშნით 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს ათობით საჯარო სტრუქტურიდან. ყველაზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა შემდეგი სტრუქტურებიდან: თავდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები, იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, პრობაციის ეროვნული სააგენტო, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), სიღნაღის, ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო, მთავრობის ადმინისტრაცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. გაუქმდა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრი და საჯარო სამსახურის ბიურო. ამ უწყებებში, ძირითადად რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ან თანამდებობიდან გადააყენეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში გაუქმდა საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

„შუა რგოლის მენეჯერების გათავისუფლებისთვის არანაირი სამართლებრივი დასაბუთების არსებობა აღარ არის საჭირო და მათი სამსახურიდან გათავისუფლება სამიოდე დღით ადრე შეტყობინებით გახდა შესაძლებელი; მნიშვნელოვან თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი დაბრუნდა; რეორგანიზაციის წესი გამარტივდა და იმ შემთხვევაშიც თუ პირი უკანონოდ გაუშვეს რეორგანიზაციის გამო, განაცდურის მხოლოდ ერთი თვე აუნაზღაურდება; დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირები აღარ მიიჩნევიან უვადოდ დანიშნულ საჯარო მოხელეებად და გათავისუფლდებიან მინისტრის გათავისუფლების შემდეგ”, - აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია,რომ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ხელოვნების და აკადემიური სივრცის კონტროლს.

„რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება პროფესიული თეატრების შემოქმედებით გუნდებს ართმევს თეატრის დირექტორის შერჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობას და დირექტორებს საკუთარი შეხედულებით დანიშნავს და გაათავისუფლებს მინისტრი ან მერი. საჯარო მოხელეები სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეძლებენ”,- წერია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში