ლევან დავითაშვილი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრა მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს - ასევე შევეხეთ გასულ წლებში არსებულ პრობლემებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თქმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობდა, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის პერსპექტივებზე, სადაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს პოზიციები სრულ თანხვედრაშია, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომელიც ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ვაშინგტონში იმყოფება.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში, სადაც განხილული იყო დაფინანსების პერსპექტივები საქართველოში, რაც, მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში უწყვეტად მოდიოდეს საერთაშორისო დაფინანსებები მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, თუმცა, პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ამის პარალელურად, ასევე საინტერესოა ამერიკაში ყოფნის დროს ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო დიალოგი.

„პარალელურად გვაქვს ორმხრივი შეხვედრები, ძირითადად, კოლეგა უწყებებთან, მაგრამ ეს შეხვედრები დავიწყეთ სახელმწიფო დეპარტამენტით იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით გვქონდეს საკმაოდ მკაფიო პოზიციები - ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა სხვადასხვა სახის თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესი და მიზანია, რომ ააწყოს თანამშრომლობა პოზიტიურ დღის წესრიგზე და გამოინახოს ისეთი მიმართულებები, სადაც ორივე ქვეყნისთვის იქნება ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა. მინისტრის განცხადებით, ზუსტად ეს მიმართულებები უნდა გადაითარგმნოს შემდგომ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებში.

„ამაზე იყო სრული მხარდაჭერა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში, რადგან ეს არის, ზოგადად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტიც ამ ხედვის განხორციელების მომხრეა. ძალიან ბევრ მიმართულებას შევეხეთ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის დროს და შემდგომში დიალოგი გაგრძელდა უკვე კონკრეტულ, შესაბამის უწყებებში, მათ შორის, ეს იყო კომერციის დეპარტამენტი, სახაზინო დეპარტამენტი და ა.შ.

გვექნება ასევე შეხვედრები ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, შემდეგ შეხვედრებს გავაგრძელებთ თეთრ სახლში და ადმინისტრაციის ბევრ წარმომდგენელთან გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ბევრ საკითხს დავფარავთ", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერ სამი თვეც არ არის, რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თეთრ სახლში შევიდა და აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, რაც აღნიშნული იყო შეხვედრების ყველა ეტაპზე.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი